ლევან ყიფიანი: თავს შევიკავებ პიროვნული დაპირისპირებისგან და მოვუწოდებ ყველას, რომ ჩავეტიოთ იმ ჩარჩოებში, რასაც თანამედროვე ენაზე საუბარი ჰქვია

მე მზად ვარ ყველა კითხვაზე გავცე არგუმენტირებული პასუხი, რომ მერე საზოგადოებამ გამოიტანოს დასკვები, – ამის შესახებ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ლევან ყიფიანმა მასსა და სპორტის საპარლამენტო კომიტეტს შორის დაპირისპირების კომენტირებისას განუცხადა.
ყიფიანის განცხადებით, ის პირველ რიგში ანგარიშვალდებულია იმ სპორტული ორგანიზაციების წინაშე, რომლებიც დღეს სასტუმრო “რედისონში” იკრიბებიან.

“ჩვენ მივიღეთ მიპატიჟება ამ შეხვედრაზე. რა თქმა უნდა, მონაწილეობას მივიღებთ. ჩვენ საზოგადოების წინაშე უნდა ვიყოთ ანგარიშვალდებული. ჩვენ ყველა იმ კითხვაზე გავცემთ პასუხს, რაც დაისვა და რაც მომავალში დაისმევა, რადგან სპორტი ისეთი დარგია, რომელიც მუდმივმოქმედებაშია და რა თქმა უნდა, არსებობს კითხვები. ჩვენ მზად ვართ ყველა მხარესთან თანამშრომლობისთვის, კითხვებზე პასუხის გასაცემად და რომ ვიყოთ ღია ყველა იმ თემატიკაში, რაც არის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთაA სამინისტროს საქმიანობა”, – განაცხადა ყიფიანმა.

კითხვაზე, რამ გამოიწვია ეს პრობლემა, სპორტის მინისტრს პასუხი არ აქვს.

“მე ვერ გეტყვით, რადგან სპორტი ეს არის სპეციფიკური დარგი და არსებობს იმდენი შეხედულება, რამდენი ადამიანიც ქვეყანაზე. მე მზად ვარ ყველა კითხვაზე გავცე არგუმენტირებული პასუხი და მერე საზოგადოებამ გამოიტანოს დასკვნები”, – განაცხადა ყიფიანმა.

კითხვაზე, ლუკა კურტანიძეს პრობლემა ჰქონდა ფედერაციაში და ხომ არ უკავშირდება ამ ფაქტს მისი დამოკიდებულება სპორტის მინისტრისადმი, ლევან ყიფიანმა აღნიშნა, რომ აუცილებელია მოხდეს ერთმანეთისგან პიროვნული და სახელმწიფოებრივი ინტერესების გამიჯვნა.
“მოდით, ნუ დავალთ პიროვნებებამდე, იმიტომ, რომ ჩვენ უნდა გავმიჯნოთ პიროვნული ინტერესები და სახელმწიფოებრივი ინფერესები. მე მინდა გავმიჯნო ეს და ვიმოქმედო იმ პოზიციიდან, რასაც ჰქვია ჩვენი სახელმწიფო, ჩვენი სპორტის, ქვეყნის განვითარება. ამიტომ მე თავს შევიკავებ პიროვნული დაპირისპირებისგან და მოვუწოდებ ყველას, რომ ჩავეტიოთ იმ ჩარჩოებში, რასაც პროგრესული, თანამედროვე ენაზე საუბარი ჰქვია”, – განაცხადა მინისტრმა.
კითხვაზე, მოგვარდება თუ არა აღნიშნული პრობლემა, მინისტრმა აღნიშნა, რომ აუცილებლად უნდა მოგვარდეს და კიდევ ერთხელ გამოთქვა მზადყოფნა, რომ კითხვებს პასუხი გასცეს.
შეხვედრა სასტუმრო “რედისონში” დღეს, 16:00 საათზე გაიმართება.

banner
წინა სტატიაშიფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა თბილისში 300 ყალბი ნოკია აღმოაჩინა
შემდეგი სტატიააშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში, სავარაუდოდ, ჰილარი კლინტონი ჩაერთვება