ლევან ბობოხიძის შეწყალებასთან დაკავშირებით სასჯელაღსრულების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო CPT-ის ანგარიშთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

მსჯავრდებულ ლევან ბობოხიძის შეწყალებასთან დაკავშირებით, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო შეწყალების პროცედურასთან დაკავშირებულ საკითხს განმარტავს. განცხადებას “თაიმერი” უცვლელად გთავაზობთ:
“აღსანიშნავია, რომ კონკრეტულად მსჯავრდებულ ლევან ბობოხიძესთან დაკავშირებით, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პრეზიდენტისთვის ან შეწყალების კომისიისთვის რაიმე სახის რეკომენდაციით არ მიუმართავს. 2015 წლის 11 მაისს №2 პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციამ შეწყალების კომისიას, მისივე მოთხოვნის საფუძველზე, გადაუგზავნა მსჯავრდებულ ლევან ბობოხიძის დახასიათება, რომელიც სტანდარტულად ასახავს მსჯავრდებულის პირად საქმეში არსებულ მონაცემებს, მათ შორის, ინფორმაციას დაწესებულებაში მისი დასჯისა და წახალისების თაობაზე.
საყურადღებოა, რომ შეწყალების კომისიამ საკითხი განიხილა და გადაწყვეტილება მიიღო 2015 წლის ივლისში, ინფორმაციის გადაცემიდან 2 თვის შემდეგ. შეწყალების კომისიას საკითხის განხილვის მომენტისთვის დამატებითი ან განახლებული ინფორმაცია არ გამოუთხოვია.
ამასთან, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ 2015 წლის 9 ივნისს, მსჯავრდებული ლევან ბობოხიძე დაისაჯა რეჟიმის დარღვევისთვის სამარტოო საკანში მოთავსებით.
უკანასკნელი ფაქტის გათვალისწინებით, სწორედ საკითხის არასრულყოფილ შესწავლას გულისხმობდა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი მედიასთან კომენტარის გაკეთების დროს, როდესაც მან შეწყალების კომისიის გადაწყვეტილებას “ნაჩქარევი” უწოდა.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ შეწყალების კომისიის მოთხოვნის საფუძველზე პენიტენციური დაწესებულება ვალდებულია მას გადაუგზავნოს მსჯავრდებულის დახასიათება, რომელიც ასახავს მხოლოდ მსჯავრდებულის შესახებ არსებულ ფაქტობრივ ინფორმაციას და არ შეიცავს შეფასებით ნაწილს, რომელშიც გამოხატული იქნება პენიტენციური დაწესებულების ან სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პოზიცია, რეკომენდაცია ან რაიმე სხვა ფორმით მინიშნება ამა თუ იმ მსჯავრდებულის შეწყალების ან შეწყალებაზე უარის თქმის შესახებ. მსჯავრდებულის შეფასებასა და პრეზიდენტისთვის რეკომენდაციის მიცემას ახორციელებს მხოლოდ შეწყალების კომისია და პრეზიდენტის ყველა დადებითი თუ უარყოფითი გადაწყვეტილება შეწყალების კომისიის შეფასებითი პოზიციის შედეგია. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო, პენიტენციური დაწესებულებები შეწყალების პროცესში მხოლოდ ტექნიკური უზრუნველყოფის ფარგლებში მონაწილეობენ”, – აღნიშნულია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიდოლარის ოფიციალური ღირებულება 2.2564 ლარი გახდა
შემდეგი სტატიაგიგი წერეთელი: არათუ მოქმედი, ყოფილი პრეზიდენტი და თბილისის მერიც უნდა დასწრებოდნენ ოლიმპიადის გახნას