ლევან ალექსიძე – საერთაშორისო სამართალით, მოსკოვის მიერ სოხუმთან და ცხინვალთან გაფორმებული შეთანხმებები არანაირ სამართლებრივ დოკუმენტებს არ წარმოადგენენ

ლევან ალექსიძე - საერთაშორისო სამართალით, მოსკოვის მიერ სოხუმთან და ცხინვალთან გაფორმებული შეთანხმებები არანაირ სამართლებრივ დოკუმენტებს არ წარმოადგენენ

აფხაზეთთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით არსებულ სამართლებრივ საკითხებზე ჟურნალისტი კობა ბენდელიანი  საერთაშორისო სამართლის პროფესორს, აკადემიკოს ლევან ალექსიძეს ესაუბრა.

ლევან ალექსიძე - საერთაშორისო სამართალით, მოსკოვის მიერ სოხუმთან და ცხინვალთან გაფორმებული შეთანხმებები არანაირ სამართლებრივ დოკუმენტებს არ წარმოადგენენ

– ბატონო ლევან, 23 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს საომარი მოქმედებები დაიწყო. მას შემდეგ საკმაოდ ბევრი დრო გავიდა, მაგრამ მაინც მინდა შემოგთავაზოთ იმის გახსენება, სამართლებრივი თვალსაზრისით საომარი მოქმედებების დაწყებამდე, რა ურთიერთობები იყო სოხუმსა და თბილისს შორის და ახლა თბილისსა და სოხუმს შორის ურთიერთობებისთვის რა სამართლებრივი ბაზა არსებობს? ალბათ გეხსომებათ, რომ კითხვის პირველ ნაწილზე აზრთა სხვადასხვაობა იყო და ახლაც არის…
– ვეცდები, რაც შეიძლება მოკლედ მოგახსენოთ ჩემი მოსაზრება. მე არა მარტო გამიგია, არამედ უშუალო მონაწილე ვარ იმ პროცესების, რომელზეც ახლა ვსაუბრობთ, ვინაიდან უფლებამოსილი ვიყავი, მოლაპარაკებები მეწარმოებინა სეპარატისტულად განწყობილ აფხაზებთან. ჯერ კიდევ 1921 წელს, საქართველოში რუსეთის წარმომადგენლობაში სამხედრო ატაშე სიტინი წერდა, თუ რა უნდა გაეკეთებინა რუსეთს საქართველოს შესანარჩუნებლად. მისი აზრით, პირველი გახლდათ საქართველოს დაყოფა რაც შეიძლება პატარ-პატარა ავტონომიებად. იგი წერს იმაზეც, რომ რუსეთის ჯარი არ უნდა გავიდეს აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან, რაც მნიშვნელოვნად დაასუსტებს საქართველოს. იგი ასევე აღნიშნავს, რომ დიდი ყურადღება უნდა მიექცეს სამეგრელოს, რომელსაც ძალიან დიდი პერსპექტივა აქვს ეკონომიკური და გეოპოლიტიკური თვალსაზრისით. ეს იმიტომ გავიხსენე, რომ იმ პერიოდიდან მოყოლებული რუსეთი ყველაფერს აკეთებდა იმისათვის, რომ საქართველოს პოლიტიკურ სხეულში აფხაზეთი განსხვავებულ ერთეულად ყოფილიყო წარმოდგენილი. მიუხედავად ამისა, სსრკ-ს კონსტიტუციაში აფხაზეთი ნახსენები იყო, როგორც ავტონომიური რესპუბლიკა. მას, რა თქმა უნდა, გარკვეული უფლებები ჰქონდა. მას შემდეგ, რაც სსრკ-ს დაშლის პროცესი დაიწყო, რუსეთმა აფხაზეთში თავის დროზე ჩადებული ნაღმები აამოქმედა და აფხაზებმაც დაიწყეს მხარის “სუვერენიზაციაზე ზრუნვა”. სსრკ-ს ფარგლებში მზადდებოდა ახალი ხელშეკრულება, რომლის თანახმად, ყველა ავტონომიას ამ კავშირში მოკავშირე რესპუბლიკის სტატუსის დონეზე დამოუკიდებლად შესვლის უფლება ექნებოდა. ეს კი ნამდვილად მოასწავებდა საქართველოს ტერიტორიულ და პოლიტიკურ დაშლას. მაშინ პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას დავალებით მე მომიწია აფხაზებთან მოლაპარაკებების წარმოება. შედეგად, ჩვენ მივაღწიეთ იმას, რომ აფხაზეთი რჩებოდა საქართველოს შემადგენლობაში, როგორც ავტონომიური რესპუბლიკა, მაგრამ მას მიეცა გარკვეული უფლებები, რომელიც არ ჰქონდა არც ერთ სხვა ყოფილ ავტონომიურ წარმონაქმნს ყოფილ სსრკ-ს ტერიტორიაზე. მაშინ ჩვენ ქვეყნის დაშლის პროცესი შევაჩერეთ. ანუ, იურიდიულად 1992 წლის 14 აგვისტომდე აფხაზეთი იყო ავტონომიური რესპუბლიკა საქართველოს ფარგლებში.
– პოლიტიკოსთა ნაწილი ამტკიცებს, რომ აფხაზეთს უკვე ჰქონდა მიღებული ისეთი კანონები, რომელიც საქართველოს კანონმდებლობას ეწინააღმდეგებოდა…
– ვიმეორებ, 1992 წლის 14 აგვისტოსთვის აფხაზეთი საქართველოს კონსტიტუციით და თვით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციითაც საქართველოს ავტონომიური რესპუბლიკა იყო. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ახალი პარლამენტი, რომელიც აფხაზეთში იყო არჩეული ჩემ მიერ შეთავაზებული ფორმულით, 65 დეპუტატისგან შედგებოდა. მათგან 28 ადგილი მიეცათ აფხაზებს, 26 – ქართველებს და 11 – სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენლებს. მაგრამ, ყველა პრინციპული საკითხი, მაგ.ალითად რეფერენდუმის ჩატარება, ადმინისტრაციული საზღვრების გადასინჯვა და სხვა უნდა გადაწყვეტილიყო ხმათა 2/3-ით, ანუ ვერც ერთი კონსტიტუციური ცვლილება ქართველების გარეშე ვერ იქნებოდა მიღებული. 2/3 კი მხოლოდ აფხაზებსა და ქართველებს შორის კონსენსუსით მიიღწეოდა. კონსენსუსის პრინციპი მუშაობდა, მიუხედავად იმისა, რომ ქართველების მონაწილეობის გარეშე აფხაზებმა დაიწყეს ისეთი კანონების მიღება, რომელიც საქართველოს კანონმდებლობას ეწინააღმდეგებოდა. ზოგი მათგანი აშკარად არღვევდა საქართველოს სუვერენიტეტს, რის გამოც, საქართველოს პარლამენტი იღებდა გადაწყვეტილებას მათი ბათილად ცნობის შესახებ. შეიძლება ითქვას, რომ თბილისსა და სოხუმს შორის “კანონების ომიც” იყო, მაგრამ, ისევ ვიტყვი, 1992 წლის 14 აგვისტომდე აფხაზეთი სამართლებრივად საქართველოს ავტონომია გახლდათ. ვიდრე ქართული ჯარის ნაწილები აფხაზეთში შევიდოდნენ, რკინიგზაზე ტვირთები იძარცვებოდა, არძინბა კი გვეხვეწებოდა აფხაზეთში ჯარების შეყვანას, ვინაიდან ადგილობრივი ხელისუფლება მძარცველებისა და ე.წ. ზვიადისტებს თარეშს ვერ უმკლავდებოდა. ხშირად გვიკიჟინებენ, თუ რატომ შევედით აფხაზეთში. ჩვენ აფხაზეთში ჯარი შევიყვანეთ ჯერ კიდევ თებერვალში. მაშინ ჩვენი ქვედანაყოფები ფსოუზეც გავიდნენ. შემდეგ ჩვენ ჯარის ეს ნაწილები აფხაზეთიდან გამოვიყვანეთ. ჯერ არძინბა თავად ითხოვდა ჯარის შეყვანას, მაგრამ, როდესაც 14 აგვისტოს ჩვენი შენაერთები აფხაზეთში შევიდნენ, არძინბა დაიმალა. ომი დაიწყო მხოლოდ იმიტომ, რომ ენგურიდან შესულ ქვედანაყოფს აფხაზებმა ცეცხლი გაუხსნეს. კიტოვანს მეტი კი არაფერი უნდოდა და მთელი ჯარი სოხუმში შეიყვანა.
– რაც შეეხება დღევანდელ სამართლებრივ ბაზას…
– აფხაზური მხარე აცხადებს, რომ მას შემდეგ, რაც მათ 1992 წელს “დამოუკიდებლობა გამოაცხადეს”, საქართველოსა და აფხაზეთს შორის ურთიერთობის არანაირი სამართლებრივი ბაზა არ არსებობს. ამ საკითხისთვის მე ბევრი სტატია მაქვს მიძღვნილი. საერთაშორისო სამართლით საქართველო დღეს საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ საერთაშორისოდ აღიარებულ სახელმწიფო საზღვრებში არსებული სუვერენული სახელმწიფო გახლავთ. აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს შემადგენელი ნაწილებია. გაერო-ს ყველა რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ აფხაზეთის სტატუსი შეიძლება გადაწყდეს მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს შემადგენლობაში. ეს არის ის “ბალიში”, რომელსაც ჩვენ დღეს ვეყრდნობით და რის გამოც საერთაშორისო თანამეგობრობა არ ცნობს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას.
– საომარი მოქმედებების დაწყებამდე მოსკოვში მცხოვრები ცნობილი აფხაზი საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე ტარას შამბა გამოვიდა ინიციატივით, რომლის თანახმადაც, სოხუმი თბილისს აფხაზეთსა და დანარჩენ საქართველოს შორის ფედერალური ურთიერთობების შეთანხმების გაფორმებას სთავაზობდა. რა გახლდათ იმის მიზეზი, რომ საქართველოს მაშინდელ ხელისუფლებას ტარას შამბას წინადადება არ განუხილავს?
– პირადად მე ვიყავი ამის წინააღმდეგი, რადგან ჩვენ რომ ფედერალური ურთიერთობების შესახებ გაგვეფორმებინა შეთანხმება “თვითგამორკვევის შედეგად დამოუკიდებლად გამოცხადებულ სუვერენულ აფხაზეთთან”, იქნებოდა ქართულ-აფხაზური ფედერაცია. შამბას ეგონა, რომ თბილისში იდიოტები ისხდნენ, მაგრამ შეცდა. შამბას შეთავაზება მთავრდებოდა დებულებით, რომლის თანახმად, თუ რომელიმე მხარე დაარღვევდა შეთანხმებას, ხელშეკრულებამდე არსებული მდგომარეობა აღდგებოდა. ანუ, აფხაზეთს ნებისმიერი მიზეზით შეეძლო ქართული მხარის შეთანხმების დარღვევაში დადანაშაულება და ხელშეკრულებიდან გასვლა. ვაზუსტებ, შამბას წინადადებით ჩვენ ფაქტობრივად აფხაზეთის დამოუკიდებლობა უნდა გვეღიარებინა. ეს კარგად ჩაფიქრებული ოინი იყო, რომელიც ჩავშალეთ. აბსურდულია იმის მტკიცება, რომ ცალკეულ ტერმინებს, წერტილებსა და მძიმეებს ამგვარ ტექსტებში მნიშვნელობა არ აქვს. რუსეთი ამგვარი მახეების დაგებაში დაოსტატდა და ჩვენ მეტი სიფრთხილე გვმართებს. იმ შემთხვევაში მოსკოვს მიეცემოდა საფუძველი ემტკიცებინა, რომ ჩვენ ვაღიარეთ აფხაზეთის სუვერენიტეტი და, შესაბამისად, თბილისს აფხაზეთზე არანაირი უფლებები არ ჰქონდა.
– 1997 წლის აგვისტოში პრიმაკოვმა თბილისში არძინბა ჩამოიყვანა. ეს შეხვედრა იმის გამო დასრულდა უშედეგოდ, რომ საქართველოსა და აფხაზეთს შორის ურთიერთობების “საერთო სახელმწიფოს” წინადადება პრეზიდენტმა შევარდნაძემ არ მიიღო. თქვენი აზრით, რა გახლდათ იმის მიზეზი, რომ ქართულ-აფხაზური კონფლიქტის დასრულების ამგვარი გეგმა შევარდნაძემ არ მიიღო?
– ეს წინადადებაც ისეთივე ნაღმებს შეიცავდა, როგორც ტარას შამბას წინადადება. ქართველებსა და აფხაზებს უნდა შეგვექმნა “საერთო სახელმწიფო” და ორივე მხარეს თანასწორი უფლებები ექნებოდა. მე თანასწორობის წინაღმდეგი ნამდვილად არ ვარ. მაგრამ, დაუშვებელი იყო იმგვარი ფედერაციის შექმნა, სადაც საქართველო და აფხაზეთი ცალ-ცალკე სუბიექტებად იქნებოდნენ წარმოდგენილნი. ®”საერთო სახელმწიფოს” იდეა ზუსტად ამას მოიაზრებდა. ანუ, მას ქმნიდა ორი დამოუკიდებელი ერთეული. როცა პრიმაკოვმა, რომელიც საქართველოს საქმეებში აქტიურად იყო ჩართული, არძინბა თბილისში ჩამოიყვანა, გვიანობამდე ვისხედით და როცა მე ჩემს პოზიციას არ ვიცვლიდი, დაიწყეს საუბარი, თითქოს მე ვარ რადიკალი. მაშინ არძინბა ადგა და თქვა – პროფესორი ალექსიძე რომ არ ყოფილიყო და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს არჩევის ფორმულა ჩვენამდე არ მოეტანა, ომი აფხაზეთში წელიწადნახევრით ადრე დაიწყებოდაო.
– მას შემდეგ, რაც ქუჩის აქციების შედეგად “პრეზიდენტი ანქვაბი” იძულებული გახდა, პოსტი დაეტოვებინა და ქვეყნიდან წასულიყო, აფხაზეთში “პრეზიდენტად” რაულ ხაჯიმბა აირჩიეს, რუსეთმა აფხაზეთთან არაერთი შეთანხმება გააფორმა. მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვნად 2014 წლის ნოემბერში ხელმოწერილი შეთანხმება ითვლება, რომლითაც მოსკოვსა და სოხუმს შორის ურთიერთობები განსაზღრულ-გაწერილია. ამ შეთანხმებაზე კამათი და მსჯელობა აფხაზურ პოლიტიკურ წრეებში დღემდე გრძელდება. ვიცით, რომ აზრთა სხვადასხვაობა საკმაოდ შესამჩნევია. თქვენ როგორ შეაფასებდით რუსეთსა და აფხაზეთს შორის ხელმოწერილ შეთანხმებებს და საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისით მათ რა ძალა აქვთ?
– საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისით, ეს დოკუმენტები არ არსებობს და შესაბამისად, მათ არანაირი იურიდიული ძალა არ აქვთ. მათ არც ერთი საერთაშორისო ორგანიზაცია არ სცნობს. ვიცი, რომ აფხაზეთში ამ საკითხებზე აზრთა სხვადასხვაობაა. ზოგს ჰგონია, რომ რუსეთი მათ კარგ საქმეს უკეთებს, ზოგი კი ხვდება, რომ რუსეთი აფხაზეთის სახელმწიფოებრიობას სპობს. თუ ასე გაგრძელდა, რუსეთი აფხაზეთს ეთნიკურადაც გაჭყლეტს. 10 წელიწადში ისეთი ვითარება შეექმნებათ, როგორც უბიხებს, ანუ განადგურების პირას იქნებიან მისული.
ვიმეორებ, საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისით მოსკოვსა და სოხუმს და მოსკოვსა და ცხინვალს შორის გაფორმებული შეთანხმებები აბსოლუტურად არანაირ დოკუმენტებს არ წარმოადგენენ და არანაირი იურიდიული ძალა არ აქვთ. რა არგუმენტებიც არ უნდა მოიტანოს მოსკოვმა ამ შეთანხმებების დასაცავად, საერთაშორისო თანამეგობრობა მას ყოველთვის ეტყვის – სოხუმმა და ცხინვალმა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში განახორცთიელეს ეთნიკური წმენდა, საერთაშორისო ნორმების დარღვევით გამოაცხადეს დამოუკიდებლობა, თქვენ ამ რეგიონებში საერთაშორისო სამართლის ყველა ნორმის დარღვევით შეიყვანეთ ჯარი და შემდეგ აღიარეთ მათი დამოუკიდებლობა. ასე რომ – რუსეთი ყველა ვარიანტში აგრესორია და შესამაბისად, ეს შეთანხმებები და ამ რეგიონების დამოუკიდებლობაზე საუბარი ზედმეტია.
– ამავე შეთანხმებით ნავარაუდევი იყო რუსეთისა და აფხაზეთის შინაგან საქმეთა სამინისტროების საინფორმაციო-ანალიტკური ცენტრის შექმნა, რომელიც ძალოვანი უწყებების საკოორდინაციო საბჭო იქნებოდა და, რომლის ხელმძღვანელს არა აფხაზეთის პრეზიდენტი, არამედ რუსეთის პრეზიდენტი დანიშნვდა და შესაბამისად მასვე უნდა დაქვემდებარებოდა. მართალია, აფხაზურ პოლიტიკურ წრეებში ამ თემაზე დღეს ბევრს არ საუბრობენ, მაგრამ ფაქტია, რომ ამ საკითხებზე მოსკოვი და სოხუმი აქტიურად მუშაობენ. სამართლებრივი თვალსაზრისით რა შეიძლება ეწოდოს იმას, რაც დღეს რუსეთსა და აფხაზეთს შორის, თუნდაც იგივე საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრის შექმნასთან დაკავშირებით რეალურად ხდება?
– ეს გახლავთ რუსეთსა და სეპარატისტებს შორის გაფორმებული შეთანხმება, რომელიც განამტკიცებს რუსეთის დომინირებას აფხაზეთში. პრაქტიკულად, უკვე ანექსიაზე შეიძლება იყოს ლაპარაკი. თქვენს მიერ ნახსენები შეთანხმების დებულებები მეგობრულ და თანასწორუფლებიან სახელმწიფოებსა და სუბიექტებს შორის არ იდება. არა მგონია, რომ ნებაყოფილობით მონობა აფხაზი სეპარატისტების მიზანი ყოფილიყო. ახლა რა სურათი გვაქვს – მუხლებზე დაჩოქილი მცირერიცხოვანი ერი, რომელიც სულ უფრო და უფრო მოდის გონს და იმედი მაქვს, ადრე თუ გვიან გააცნობიერებს, თუ ვინ არის მათი მეგობარი და ვინ – მტერი.
– შვიდი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც 2008 წლის ომი 12 აგვისტოს შეთანხმებით დასრულდა. ამ შეთანხმებას საფრანგეთის იმჟამინდელი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი და ასევე რუსეთისა და საქართველოს იმჟამინდელი პრეზიდენტები, დიმიტრი მედვედევი და მიხეილ სააკაშვილი აწერენ ხელს. რუსეთი არ აპირებს, შეასრულოს შეთანხმება, რომლითაც მას აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან თავისი სამხედრო ქვედანაყოფები უნდა გაეყვანა. რაც დრო გადის, 12 აგვისტოს შეთანხმების შესრულების აუცილებლობაზე საუბარი სულ უფრო და უფრო ნაკლებად ისმის. როგორც კრემლთან დაახლოებულმა რუსმა ექსპერტმა ფიოდორ ლუკიანოვმა “ინტერპრესნიუსთან” ინტერვიუში განაცხადა – “რუსეთ-აფხაზეთის ურთიერთობები თავისებური ალგორითმით იგება და ამასთან თბილისს არანაირი კავშირი არა აქვს”. გასაგებია, რომ დღევანდელ ვითარებაში, ძნელია იმაზე საუბარი თუ როდის შეიძლება აღსრულდეს ეს საერთაშორისო შეთანხმება, მაგრამ თქვენი აზრით, რამდენად არსებობს ამის შანსი და სავარაუდოდ რა პირობებში შეიძლება დადგეს ამ შეთანხმების შესრულება საერთაშორისო პოლიტიკის დღის წესრიგში?
– ძალიან რთული კითხვაა, მაგრამ ვეცდები გიპასუხოთ. სამწუხაროდ, არც ყოფილი და არც ახლანდელი ხელისუფლება მოლაპარაკებებში ამ შეთანხმებას არ ეყრდნობიან. მეტიც, მას მხოლოდ ზოგადად იხსნიებენ. საქმე იმაშია, რომ ამ დოკუმენტის ძალით, რუსეთს თავისი ჯარი უნდა გაეყვანა აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან და ომამდელ მდგომარეობას დაბრუნებოდა. რუსეთმა კი ე.წ. ბუფერული ზონებიდან გამოიყვანა თავისი ჯარი და ორ კვირაში აღიარა ამ ორივე სეპარატისტული რეგიონის დამოუკიდებლობა. მედვედევი და პუტინი აცხადებდნენ, რომ რუსეთმა ამ რეგიონების ხალხის არჩევანს გაუწია ანგარიში. “აფხაზეთის ხალხის ნება” ვერანაირად ვერ იქნებოდა გათვალისწინებული, ვინაიდან აფხაზეთიდან 1993 წელს მოსახლეობის 2/3 გაყრილი იყო, ხოლო სამხრეთ ოსეთში ქართული მოსახლეობის ეთნიკური წმენდა სწორედ 2008 წლის აგვისტოში განხორციელდა. ეს რომ ასე იყო, ამას ადასტურებს არა ერთი საერთაშორისო ორგანიზაცია, ამაზეა საუბარი, მათ შორის, ტალიავინის მოხსენებაშიც.
მოგვიანებით, გაერო-ში საქართველოს წარმომადგენელმა ირაკლი ალასანიამ დაიწყო ზრუნვა იმაზე, რომ ამ რეგიონებში ეთნიკური წმენდა გაერო-ს გენერალურ ასამბლეას ეღიარებინა. მას შემდეგ გაერო-ს გენერალური ასამბლეა საქართველოს ინიციატივით ყოველწლიურად იღებს რეზოლუციას “აფხაზეთიდან, საქართველო, და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთიდან, საქართველო, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა უსაფრთხო, უპირობო და დაუყონებლივი დაბრუნების შესახებ.” ამ რეზოლუციის სახელწოდება ყველას მიანიშნებს, რომ ორივე რეგიონი საქართველოს ნაწილია.
რაც შეეხება კითხვის მეორე ნაწილს, ანუ იმას, თუ როდის შეიძლება დადგეს 12 აგვისტოს შეთანხმების შესრულების საკითხი სერთაშორისო პოლიტიკის დღის წესრიგში – ვერ გეტყვით, რადგან უკრაინაში რუსეთის მოქმედებებზე დასავლეთის რეაქციას ჯერ რეალური შედეგი არ მოჰყოლია. ეკონომიკური სანქციები რუსეთის წინააღმდეგ კი მოქმედებს, მაგრამ ისინი როდის გახდებიან კრემლის საგარეო პოლიტიკის კორექტირების საფუძველი, არავინ იცის. ყველა თვალსაზრისით რუსეთმა ომი უკრაინაში წააგო. დონბასისა და ლუგანსკის რესპუბლიკების დამოუკიდებლობას კრემლი არ ცნობს, თუმცა, ყირიმის მიერთება მაინც შეძლო, საერთაშორისო თანამეგობრობის კატეგორიული უარყოფითი დამოკიდებულბის მიუხედავად.
იმათ საყურადღებოდ ვამბობ, ვინც ქართულ მხარეს 2008 წლის აგვისტოში ომის დაწყებას აბრალებს. ჩვენ ომი არ დაგვიწყია, ჩვენ პრევენციული ზომები განვახორციელეთ. ყირიმში უკრაინულ მხარეს საერთოდ არც კი გაუსვრია, მაგრამ ყირიმი რუსეთის შემადგენელი ნაწილი გახდა. ჩვენ რომ რუსეთის ინტერვენციის დაწყებას დავასწარით და სამხედრო მოქმედებები რეგიონის სიღრმეში გადავიტანეთ, ორი დღე მოვიგეთ იმისთვის, რომ დასავლეთი გონს მოსულიყო. ისინი, ვინც დაეცნენ ბრძოლის ველზე და ვის ხსოვნას ამ დღეებში პატივს მივაგებთ, ნამდვილი გმირები არიან. რომ არა მათი ვაჟკაცობა, კრემლი თბილისში ტანკებით შემოსვლას გეგმავდა. Aმიტომ მათ, ვინც აცხადებს, რომ აგვისტოს ომი უაზრობა იყო, კარგად დაფიქრებას ვურჩევ.
12 აგვისტოს შეთანხმების შესრულების პერსპექტივას ვერ ვხედავ იმიტომ, რომ თავად ჩვენი ხელისუფლება საერთაშორისო ასპარეზზე ამაზე არასაკმარისად საუბრობს. მეტიც, მისი დამოკიდებულება სასაზღვრო ბანერების დამონტაჟებასთან, ანუ რუსული პროვოკაციების მიმართ საკმაოდ შემრიგებლურია. გასაგებია, რომ მათი მიზანი უფრო დიდი პროვოკაციების თავიდან აცილებაა, მაგრამ რამდენად გაამართლებს ამგვარი ტაქტიკა – ეს ჩემში ეჭვს იწვევს. რუსეთს 2008 წელს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში სამხედრო პლაცდარმების შექმნა უნდოდა და შექმნა კიდეც. ვფიქრობ, მოსკოვი ამას არ დასჯერდება და კიდევ წამოიწევა წინ, როგორც კი დაინახავს, მისი პროვოკაციები ვერ აჩერებენ საქართველოში ნატოს პოზიციების გამყარებას. ეტყობა, აფხაზები და ოსები ვერ გრძნობენ, რომ ამ ტერიტორიებზე მათი ეთნიკური გადაშენების დრო მოდის.
– გალის აფხაზური ადმინსტრაციის ხელმძღვანლი ნადარაია აცხადებს, რომ სოხუმმა უნდა იფიქროს მოსაზღვრე რაიონებისთვის განსაკუთრებული სტატუსის მინიჭებაზე. ამ თემაზე ვრცელი განმარტებები და კრიტიკული შენიშვნები გამოთქვა ოპოზიციაში მყოფმა ალექსანდრე ანქვაბმა. ანქვაბი ხაჯინბას ხელისუფლებას გალის საკითხის ჩიხში შეყვანაში ადანაშაულებს და დაუშვებლად მიიჩნევს გალის რაიონისათვის რაიმე განსაკუთრებული სტატუსის მინიჭებას. ფაქტია, რომ ქართული მხარე გალის რაიონთან დაკავშირებით თავის გეგმებზე ხმამაღლა არ საუბრობს, ხოლო სოხუმში გალის თემა მორიგი ვნებათაღელვის საკითხადაა ქცეული. მეტიც, არ გამირიცხება, რომ ანქვაბი პოლიტიკაში სწორედ გალის თემით დაბრუნდეს. თქვენი აზრით, გალში დაბრუნებულ მოსახლეობასთან დაკავშირებით, ასევე გალის სტატუსთან დაკავშირებით რა გეგმებზე შეიძლება იყოს საუბარი სოხუმისა და თბილისის კულუარებში?
– გავეცანი ანქვაბის ინტერვიუს, მრავალმხრივ საინტერესო ინტერვიუა. მე მას, რა თქმა უნდა, ბევრ რამეში არ ვეთანხმები. ამ თემაზე ჩემი მოსაზრება ასეთია, აფხაზეთში მალე ახალი საპრეზიდენტო არჩევნები მოდის. გალში დაბრუნებული მოსახლეობა მხარს უჭერდა ანქვაბს. ანქვაბი ყოველთვის ცდილობდა ზომიერი პოზიციის დაკავებას, ზოგჯერ, იგი პროქართულ პოზიციაზე იდგა იმ თვალსაზრისით, რომ ომის დროს ბევრ ქართველს დაეხმარა გადარჩენაში. იგი ნამდვილი აფხაზია და არა ერთხელ განუცხადებია, რომ მხარს უჭერს დამოუკიდებელი აფხაზეთის იდეას. იგი კარგი გაგებით ტრაბახობს იმით, რომ მისი მმართველობის დროს უამრავი გალელი დაბრუნდა. მისი თქმით, ახლა გალის რაიონში 60 ათასი დაბრუნებული ცხოვრობს და დანარჩენ აფხაზეთში კიდევ 20 ათასი ქართველი.
მის და სხვათა გასაგონად ვამბობ, ადრე მიღებული შეთანხმებებით გალის რაიონში, გაერო-ს მონაცემებით, მხოლოდ 314 ადამიანი შევიდა. ყველა დანარჩენი საკუთარი რისკის ფასად დაბრუნდა. საინტერესოა ის, რომ იქ დაბრუნებული ხალხი ნამდვილი გმირია. ხაჯიმბამ იცის, რომ გალელების ხმას ვერ მიიღებს. ანქვაბმა იცის, რომ გალელები მის მხარეს არიან, ვინაიდან მას არაერთხელ უთქვამს, რომ გალელებს არა მარტო აქვთ აფხაზეთში ცხოვრების უფლება, რის გამოც მათ აფხაზური პასპორტებიც დაურიგდათ, არამედ, აფხაზეთის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის უფლებაც.
ანქვაბის ინტერვიუში ბევრი რამ არ მომეწონა. ეტყობა ახლა აფხაზეთში ახალი იდეოლოგია ყალიბდება გალელებთან მიმართებით. ანქვაბი ეყრდნობა წარმოშობით აჭარიდან აფხაზი მეცნიერის მოსაზრებებს იმის თაობაზე, რომ გალელი ქართველები არ არიან ქართველები, არამედ არიან გამეგრელებული აფხაზები და სოხუმის ხელისუფლება უნდა შეეცადოს მათ მათივე იდენტობა დაუბრუნოს. მე პირიქით ვიცოდი აქამდე – აფხაზების საკმაოდ დიდ ნაწილს გამეგრელებული აფხაზები წარმოადგენდნენ. ასეთები პირადად მეც ბევრი მინახავს. ამის მიზეზი ის გახლავთ, რომ აფხაზებს აფხაზეთში ქართველებთან შედარებით პრივილეგიები ჰქონდათ ყველაფერში. ეს რომ ასე იყო, არა მგონია, აფხაზებს არ ახსოვდეთ. ჩემი დაკვირვებით, გალში ახლა სახიფათო პროცესები შეიძლება დაიწყოს. დარწმუნებული ვარ, ამას გალელები შეეწინააღმდეგებიან. ვიცით, რომ გალის სკოლებში სოხუმს ქართულის ნაცვლად რუსული ენაზე სწავლების გადაყვანა უნდათ.
ჩემი დაკვირვებით, ხაჯინბას ხელისუფლება, რომელიც ანქვაბს გალელებისადმი ლოალური დამოკიდებულების გამო ებრძოდა და გადააყენა კიდეც, ახლა გალის საკითხში ჩიხშია შესული. მათ სოხუმი ვერც უცხოელად გამოაცხადებს და ვერც მხოლოდ ფიზიკურად დარჩენის უფლებას მისცემს, ეს საერთაშორისო ნორმების დარღვევა იქნებოდა. ყველა საერთაშორისო დოკუმენტი აფხაზეთიდან დევნილთა ღირსეულ დაბრუნებაზე საუბრობს. ვფიქრობ, რომ გალთან დაკავშირებული ჩიხი ახლა უკვე პოლიტიკურ დონეზე კიდევ უფრო მეტად გაღრმავდება და გაგრძელდება.
იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ რუსეთი მხარს ხაჯიმბას დაუჭერს, ამიტომ ანქვაბს ძალინ დიდი ძალისხმევის გამოვლენა დასჭირდება აფხაზურ პოლიტიკაში დასაბრუნებლად. ვიმეორებ, ვერანაირად ვერ ვიზიარებ მოსაზრებას, რომ სამურზაყანოელები, თურმე, ეთნიკური აფხაზები არიან.
– მოსკოვი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში სხვადასხვა აქტივობას ახორციელებს, მათ შორის სამხედროსა და ეკონომიკურს. ამ პროცესებთან ბრძოლა ქართულ მხარეს სამართლებრივად როგორ შეუძლია?
– დადგება დრო, როცა რუსეთი ეკონომიკურად ისეთი ძლიერი ვეღარ იქნება. ასე რომ, ორივე ოკუპირებული რეგიონების მოსახლეობას წინ რუსეთთან მიმართებაში დიდი იმედგაცრუება ელოდება. უმძიმეს ეკონომიკურ კრიზისში მყოფი რუსეთი სოხუმსა და ცხინვალზე პოლიტიკურ ზეწოლას გააძლიერებს, მაგრამ, ეკონომიკურად დიდ სარგებელს ვერანაირად ვერ მისცემს.
ახლა აქტიურად მიდის მსჯელობა იმაზე, რომ რუსეთის მოქალაქეებს მიეცემათ აფხაზეთში უძრავი ქონების შეძენის უფლება. ამგვარი გადაწყვეტილების მიღებაზე ოფიციალური სოხუმი ყოველთვის უარს ამბობდა, მაგრამ ახლა ეტყობა, ხაჯიმბაზე ზეწოლა იმაზე დიდია, ვიდრე სოხუმში, ან თბილისში ჰგონიათ. თუ მარტო რუსეთის მოქალაქეებზე გავრცელდა ეს წესი, იგი აშკრად დისკრიმინაციული იქნება სხვა ქვეყნის მოქალაქეების მიმართ. თუ ყველას ექნა აფხაზეთში უძრავი ქონების მიღების უფლება, ამით აფხაზები ძალიან ბევრს წააგებენ. მცირე, საშუალო და მსხვილ ადგილობრივ ბიზნესს ხელთ სხვა, ალბათ, უპირველესად რუსეთის, მოქალაქეები ჩაიგდებენ ხელში.
– ასეთ ფონზე რას შეიძლება ნიშნავდეს შიდა ქართლში სასაზღვრო ბანერების დაყენების პროცესის გააქტიურება?
– რუსები თავის საქმე აკეთებენ. მაგრამ ახლა მთავარია, ჩვენ ამაზე როგორ ვრეაგირებთ. როდესაც ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ბანერების დამონტაჟება ომის შედეგია და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ადმინისტრაციულ საზღავრს არ სცილდებიან, ეს მტკნარი სიცრუეა. მას შემდეგ, რაც სამხრეთ ოსეთიდან გამოაძევეს ეთნიკური ქართველები, დაანგრიეს და მიწასთან გაასწორეს ქართველების სახლები, ე.წ. საზღვრების ე.წ. კანონიერებაზე საუბარი ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარი და მიუღებელია. ამ თემაზე მინისტრების განცხადებებს რუსეთი ჟენევაში ჩვენ წინააღმდეგ გამოიყენებს. ამიტომ, ე.წ. სასაზღვრო ბანერებთან დაკავშირებით განცხადებების კეთებისას მეტი გონიერება მართებს ყველას.

კობა ბენდელიანი
“ინტერპრესნიუსი”

banner
წინა სტატიაშიბოდიში მინდა მოვუხადო ყველა იმ ადამიანს, ვისაც გული ატკინა სიმართლემ და დაამძიმა პროცესი
შემდეგი სტატიაპეტრე ცისკარიშვილი:საქართველო შედის ძალიან ღრმა ეკონომიკურ კრიზისში