ლატვიის პრემიერი – საქართველოს დავეხმარებით, განახორციელოს ვიზის ლიბერალიზაციის პროცესისთვის საჭირო რეფორმები

ჩვენ დავეხმარებით საქართველოს, განახორციელოს ვიზის ლიბერალიზაციის პროცესისთვის საჭირო რეფორმები, – ეს განცხადება ლატვიის პრემიერ-მინისტრმა ლაიმდოტა სტრაუიუმამ ქართველ კოლეგა ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ ბრიფინგზე გააკეთა.

ლატვიის მთავრობის მეთაურმა ორი ქვეყნის მეგობრულ ურთიერთობებზე ისაუბრა და ეკონომიკური თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების იმედი გამოთქვა. ლაიმდოტა სტრაუიუმამ ირაკლი ღარიბაშვილს კიდევ ერთხელ დაუდასტურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერა.

ევროკავშირთან პოლიტიკური ასოცირების, ეკონომიკური ინტეგრაციის პროცესის ინტენსიფიკაციისა და სავიზო დიალოგის დასრულების თვალსაზრისით, საქართველოსთვის რიგის „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტის განსაკუთრებულ დატვირთვაზე ისაუბრა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა ლატვიის როლი „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ შემდგომი განვითარების პროცესში და ევროინტეგრაციის დღის წესრიგით გათვალისწინებული რეფორმების წარმატებით განხორციელების მზადყოფნა გამოთქვა.

ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრების შეხვედრის მნიშვნელოვანი ნაწილი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინაშე არსებულ საფრთხეებს დაეთმო.

„განვიხილეთ სოხუმის საოკუპაციო რეჟიმსა და მოსკოვს შორის 24 ნოემბერს ხელმოწერილი „მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ“ ე.წ. „ხელშეკრულება“, ასევე გამოვთქვით შეშფოთება ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმთან მსგავსი დოკუმენტის დაგეგმილი ხელმოწერის გამო. ჩვენთვის ძალზე მნიშვნელოვანია ლატვიის, ევროკავშირის და მთელი საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერა იმ დროს, როდესაც გრძელდება დესტრუქციული ქმედებები საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიპარიზში, ქაშერულ მაღაზიაში შეიარაღებული პირის შეჭრის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა
შემდეგი სტატიაზურაბ ადეიშვილის სასამართლო პროცესი გადაიდო