ლატვიის პრეზიდენტი საქართველოს მხარდაჭერას უცხადებს

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლატვიის რესპუბლიკის პრეზიდენტმა რაიმონდს ვეიონისმა საკუთარ რეზიდენციაში მიიღო.

ლატვიის პირველმა პირმა თინა ხიდაშელთან შეხვედრისას კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობა, ქვეყნის სუვერენიტეტი და მხარი დაუჭირა საქართველოს ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციას.

„ლატვია იყო და არის საქართველოს მეგობარი ქვეყანა და ნამდვილად უჭერს მხარს თქვენი ქვეყნის მისწრაფებას გახდეს ევროკავშირისა და ნატოს წევრი. ჩვენ ყოველთვის ვუჭერთ მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ნამდვილად არ ვაღიარებთ რუსეთის ქმედებებს საქართველოს ტერიტორიაზე. ჩვენთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა რაიმონდს ვეიონისმა.

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა კი შეხვედრის დასასრულს ლატვიის პრეზიდენტთან ვიზიტი წარმატებულად შეაფასა.

“პრეზიდენტისგან ჩვენ მივიღეთ სრული მხარდაჭერა ნატო-ს მომავალი მინისტერიალის, ასევე სამიტის ფარგლებში. ლატვია არის საქართველოს პარტნიორი, მეგობარი ქვეყანა, რომელიც წლების განმავლობაში იბრძოდა ჩვენი წარმატებისთვის და არც ახალი პრეზიდენტის პირობებში ეს ვითარება არ შეიცვლება. მითუმეტეს, რომ დღევანდელი ლატვიის პრეზიდენტი ყოფილი თავდაცვის მინისტრია. ის ძალიან კარგად იცნობს ჩვენს ქვეყანას, თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმებს და ამიტომ დარწმუნებული ვარ, რომ მისი სახით საქართველოს ძალიან დიდი მეგობარი და აქტიური მხარდამჭერი ჰყავს“, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.

ლატვიის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ თინა ხიდაშელმა დახურული შეეხვედრა გამართა ლატვიაში ნატო-ს სტრატეგიული კომუნიკაციების სრულყოფის ცენტრის ხელმძღვანელობასთან, რომლის შემდეგ საქართველოს დელეგაცია „ადაჟის“ სამხედრო ბაზის მოსანახულებლად გაემგზავრა. „ადაჟის“ ბაზა ბალტიისპირეთში ყველაზე დიდი სამხედრო პოლიგონია, სადაც ფართომასშტაბიანი წრთვნები ტარდება. ნატო-ს მრავალეროვნული სწავლება – Saber Strike 2015, სწორედ, ამ ბაზაზე ჩატარდება.

banner
წინა სტატიაშიპრემიერს არ აქვს ვალდებულება, საშემოდგომო სესიაზე პირადად წარდგეს და პარლამენტს ანგარიში ჩააბაროს
შემდეგი სტატიაშვედი პოლიტიკოსი, ტყვიამფრქვევით ლტოლვილების დახოცვისკენ მოუწოდებს…