ლარში აღებულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი გაიზარდა

შესაძლებელია, საქართველოს ეროვნული ვალუტა ძველ ნიშნულს დაუბრუნდეს

ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილებით, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს 0.5 პროცენტული პუნქტით, 6.0 პროცენტამდე ზრდის.

როგორც ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, გიორგი ქადაგიძემ განაცხადა, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწვეტილება ეფუძნება მაკროეკონომიკურ პროგნოზს, რომლის მიხედვით ინფლაციის მოლოდინი და საპროგნოზო ინფლაციაზე მოქმედი გარე და შიდა რისკები გაიზარდა.

„ერთობლივი მოთხოვნა კვლავ შეზღუდულია ჩვენს ძირითად სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში არსებული ნეგატიური ეკონომიკური მდგომარეობის გამო. შიდა ფაქტორებიდან აღსანიშნავია ეროვნული ბანკის პოლიტიკის დისკრედიტაციის მცდელობა, რაც ზრდის გრძელვადიან საპროცენტო განაკვეთებს, ასუსტებს მონეტარული პოლიტიკის გადაცემის ეფექტიანობას და ხელს უწყობს ინფლაციის მოლოდინის ზრდას. თუ არ გამოიკვეთა დამატებითი შოკები, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი წლის ბოლოს 6.5%-ის ფარგლებში იქნება“, – განაცხადა ქადაგიძემ.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თქმით, მიმდინარე პროგნოზით ერთჯერადი ფატორების გამო, ინფლაციამ 5%-იან მიზნობრივ მაჩველებელს 2015 წლის ბოლოსთვის შესაძლოა მცირედით გადააჭარბოს. მისივე თქმით, ინფლაციის ზრდის ძირითადი ფაქტორი გაცვლითი კურსის გაუფასურებით განპირობებული წარმოების შუალედური ხარჯების მატება და ცალკეულ იმპროტირებულ საქონელზე ფასების ზრდა იყო.

„საგარეო დისბალანსის აღმოფხვრის მხრივ შემცირებული სავალუტო შემოდინებების ფონზე პოზიტიური ტენდენციები გამოიკვეთა. გაცვლითი კურსის ცვლილებამ იმპორტის კორექტირება მოახდინა. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ არსებული საგრეო შოკის ეფექტი კურსზე ამოწურულია. ეროვნული ბანკი მომავალშიც დააკვირდება მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებს, საფინანსო ბაზრებს და გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა საშუალებას ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად“, – აღნიშნა ქადაგიძემ.

მონეტარული პოლიტიკის კომიტის შემდეგი სხდომა 2015 წლის 23 სექტემბერს გაიმართება.

banner
წინა სტატიაშიზურაბ ჟვანია შეხვედრებზე წვერითა და სათვალით შენიღბული მიდიოდა
შემდეგი სტატია,,ჩემი და კობას მოძრაობა მიმართული იყო იმისაკენ, რომ ის ჩირქი, რაც შეიძლებოდა მოცხობოდა ზურას, გაგვექარწყლებინა”