,,კორუფციის მამამ თავი მოიმკვდარუნა”

დეპუტატი კობა სუბელიანი მიიჩნევს, რომ მოსამართლე მერაბ ტურავა ბიძინა ივანიშვილის მითითებით მოქმედებს. ,,ნაციონალური მოძრაობის” ერთ–ერთი ლიდერი მიიჩნევს,რომ  ივანიშვილის პირადი სურვილით გიგი უგულავა უკანონო პატიმრად რჩება.

“მექრთამემ და კორუფციის მამამ, მოსამართლე ტურავამ, განაჩენის გამოცხადების წინ თავი მოიმკვდარუნა, თავი მოიავადმყოფა და დაიმალა, განაჩენის გამოცხადებაზე არ გამოცხადდა. ამ წუთამდე უკანონო პატიმრობაში რჩება გიგი უგულავა. საზოგადოებას კარგად ახსოვს მერაბ ტურავას არჩევა, პირადად ივანიშვილის მითითებით ჩასვეს საკონსტიტუციო სასამართლოში. ის სამართლებრივ გადაწყვეტილებებს კი არ იღებს, ის ივანიშვილისგან იღებს დავალებებს და დღეს ზუსტად ამის დემონსტრირებაა. ეს არის ნათელი დადასტურება იმის, რომ ვბრუნდებით შევარდნაძის ეპოქაში. მერაბ ტურავას საკონსტიტუციო სასამართლოში ჩასმის მთავარი ამოცანაა აკეთოს ბინძური საქმეები, რაზეც აუცილებლად დადგება დრო, რომ ის პასუხს აგებს და არა მარტო ის, არამედ მისი წამქეზებლებიც”, – აღბნიშნა კობა სუბელიანმა.
გიგი უგულავას საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადება ერთ-ერთი მოსამართლის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო გადაიდო. სარჩელზე, რომელიც თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას პატიმრობის 9-თვიან ვადას შეეხებოდა, გადაწყვეტილება დღეს 17:00 საათზე უნდა გამოცხადებულიყო, თუმცა ერთსაათიანი ლოდინის შემდეგ საკონსტიტუციო სასამართლომ სპეციალური განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ მოსამართლე მერაბ ტურავა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ გამოცხადდა. ჯერჯერობით უცნობია, როდის ჩაინიშნება საკონსტიტუციო სასამართლოში გამოცხადება.

banner
წინა სტატიაშისიერიელ მიგრანტებთან გადაღებული სელფი
შემდეგი სტატიამიგანტებთან დაკავშირებით ევროკავშირის სამიტი დაინიშნა