კორტების საქმეზე დაკავებულ 11 პირს ბრალი წაუყენეს

ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე დაკავებული 11 პოლიციელისთვის ბრალის წარდგენის პროცედურა დასრულდა. თბილისის პოლიციის სამმართველოსა და მოდულის შენობებში იმყოფებოდნენ ბრალდებულთა ადვოკატები.

კრიმინალური პოლიციის ყოფილი უფროსის ადვოკატის ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ აღიარებს და შესაბამისად დადგენილების ოქმს ხელი არ მოაწერა.

ფირცხალავას გამოძიება განზრახ მკვლელობის ორგანიზებას დამამძიმებელ გარემოებებში და მტკიცებულებების გაყალბების ორგანიზებას ედავება. კრიმინალური პოლიციის ყოფილი უფროსის გარდა ბრალი ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე დაკავებულ ყოფილ პოლიციელებსაც წაუყენეს.
ჟურნალისტებთან საუბარში სპედანიშნულების რაზმის ყოფილი ხელმძღვანელის, კახა ნაკანის ადვოკატმა განაცხადა, რომ ნაკანი თავს დამნაშავედ არ ცნობს.”შევხვდი დაკავებულს, შემოვიდა გამომძიებელი, წაუყენეს ბრალი 109-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი გაეცნო ბრალის დადგენილებას, მაგრამ არ ეთანხმება ამ დადგენილებას და შესაბამისი შენიშვნაც გააკეთა, მაგრამ მოაწერა ხელი. თავს არ ცნობს დამნაშავედ,” – განაცხადა ადვოკატმა კახა შონიამ.
მთავარმა პროკურატურამ ე.წ. კორტებთან ჩატარებული სპეცოპერაციის საქმე გახსნა. საქმესთან დაკავშირებით 11 პირია დაკავებული, ერთი კი მიმალვაში იმყოფება. საქმეზე გამოძიება, საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის „ა“, „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებით, 369-ე მუხლის მესამე ნაწილით და 147-ე მუხლის პირველი ნაწილით  გრძელდება, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 10-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას.

 

banner
წინა სტატიაში„ხელისუფლება აპირებს, რომ ეს ადამიანები დააფაილოს”-ხათუნა ლაგაზიძე საზოგადოებისთვის ავტორიტეტულ პირებზე
შემდეგი სტატიალუდის მწარმოებელი კომპანიები აქციზის გადასახადის ზრდას აპროტესტებენ