კოორდინაცია ერთ-ერთი პრობლემური საკითხია

kojoridze_kaxa_01ადამიანის უფლებათა საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველი კახა კოჟორიძე მიიჩნევს, რომ უწყებებს შორის კოორდინაცია ერთ-ერთი პრობლემური საკითხია. ამის შესახებ მან სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ განაცხადა, სადაც არასამთავრობო ორგანიზაციები „ქართული ოცნების“ მმართველობის ორ წელს აფასებენ.

როგორც კოჟორიძემ აღნიშნა, განვლილ პერიოდში განვითარებული მოვლენები არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მომზადებულ ანგარიშში ძალიან ობიექტურად იყო ასახული. მისი თქმით, მთელ რიგ ღონისძიებებზე ხაზი პოზიტიურად იყო გასმული. ასევე, იყო კრიტიკული შენიშვნებიც.

კახა კოჟორიძე პოზიტიურად აფასებს საქართველოს მთავრობის მხრიდან წერილობთი ფორმით შემუშავებულ შენიშვნებს, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშს ეხება.

„ვისურვებდი იმას, რომ მთავრობის ანგარიშში უარყოფით შეფასებებთან ერთად, ასევე ყოფილიყო მითითება, თუ რა არის მთავრობისთვის არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშიდან მისაღები და გასაზიარებელი. არასამთავრობო ორგანიზაციების მსგავსი მოსაზრებები ძალიან მნიშვნელოვანია. სასურველია, რომ ხელისუფლება ამაზე დაფიქრდეს, მოისმინოს და შესაბამისი რეაგირება მოახდინოს,“ – განაცხადა კახა კოჟორიძემ.

მისივე თქმით, კოორდინირებულობის, პასუხისმგებელი პირების გამოკვეთის კუთხით იმ საკითხზე, რომ ზოგჯერ სახელმწიფო ინსტიტუტების დაკნინების მცდელობას აქვს ადგილი, პრეზიდენტს არაერთხელ უსაუბრია.

„მივიჩნევთ, რომ კოორდინაცია ერთ-ერთი პრობლემური საკითხია გამომდინარე იქიდან, რომ უაღრესად სასურველია სახელმწიფო ინსტიტუტები საკუთარ ვალდებულებებს სრულყოფილად ასრულებდნენ და სრულად აიღონ ის პასუხისმგებლობა, რაც მათ კანონმდებლობით აქვთ დაკისრებული,“ – განაცხადა კახა კოჟორიძემ.

არასამთავრობო ორგანიზაციებმა „ქართული ოცნების“ მმართველობის ორი წლის შეფასებასთან დაკავშირებით ანგარიში მოამზადეს, სადაც აღნიშნავენ, რომ ერთ-ერთ მთავარ პრობლემად უწყებებს შორის კოორდინაციის ნაკლებობა და ფორმალური მმართველობა რჩება.

banner
წინა სტატიაშინაციონალები ბათუმის პორტთან დაკავშირებულ კორუფციულ სქემებზე საუბრობენ
შემდეგი სტატიაობამამ გააუქმა ბრძნებულება, რომელიც რუსეთს კრედიტებისგან იცავდა