კონსტანტინე კუბლაშვილი: უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატს პოლიტიკური ბეგრაუნდი არ უნდა ჰქონდეს

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს პოლიტიკასთან მიმართებაში სუფთა მდგომარეობა უნდა ჰქონდეს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს სასტუმრო “ქორთიარდ მარიოტში” უზენაესი სასამართლოს მოქმედმა თავმჯდომარემ, კონსტანტინე კუბლაშვილმა განუცხადა, რომელსაც უფლებამოსილების ვადა დაახლოებით 1 თვეში ეწურება.
როგორც კუბლაშვილმა აღნიშნა, დასახელებულ კანდიდატებზე ჯერჯერობით შეფასებებს ვერ გააკეთებს. მისი თქმით, კანდიდატს “სავარაუდოდ პოლიტიკური ბეგრაუნდი არ უნდა ჰქონდეს”.
“კონკრეტულ კანდიდატურებზე შეფასებას ვერ გავაკეთებ, სანამ ეს საკითხი არ გადაწყდება. პოლიტიკური ბეგრაუნდი სავარაუდოდ არ უნდა ჰქონდეს კანდიდატს, თუმცა ისევე, როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებში ნაწილობრივ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის დანიშვნა პოლიტიკური დანიშვნაა, რადგან პრეზიდენტი წარადგენს კანდიდატს და პარლამენტი ნიშნავს. მიუხედავად ამისა, ეს ხელს არ უშლის აშშ-ში თავმჯდომარეებს, რომ ძალიან პრიცნიპულები იყვნენ და ჩვენთანაც იგივე უნდა განხორციელდეს, მაგრამ ყველა შემთხვევაში ადამიანი როცა დაინიშნება, მას უნდა ჰქონდეს სუფთა მდგომარეობა პოლიტიკასთან მიმართებაში”, – განაცხადა კონსტანტინე კუბლაშვილმა.
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ ასევე განმარტა, რომ მისი უფლებამოსილების ამოწურვის შემთხვევაში არ არსებობს დადგენილი ვადები, რომელშიც ახალი თავმჯდომარე უნდა დაინიშნოს.
“ეს შეიძლება იყოს 1 კვირა, ან 2-3 თვე. ეს ყველაფერი მთლიანად დამოკიდებულია პრეზიდენტზე და პარლამენტზე”, – განაცხადა კუბლაშვილმა.
ჟურნალისტის შეკითხვის საპასუხოდ კუბლაშვილმა აღნიშნა, რომ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს იგი უზენაესი სასამართლოს მომავალი თავმჯდომარის კანდიდატთან დაკავშირებით კონსულტაციებს პრეზიდენტთან მართავდა, სიმართლეს არ შეესაბამება. როგორც კუბლაშვილმა აღნიშნა, პრეზიდენტთან ამ თემაზე კონსულტაციები არ ჰქონია.
“კონსულტაციები მქონდა სხვა თემაზე, კერძოდ, ორ ვაკანსიაზე, რომელიც ერთი წლისა და 8 თვის განმავლობაში შეუვსებელი იყო უზენაეს სასამართლოში. პრეზიდენტმა წარმოადგინა ორი კანდიდატი და ისინი დაინიშნენ”, – განაცხადა კონსტანტინე კუბლაშვილმა.
მისივე განმარტებით, პრეზიდენტს აქვს უფლებამოსილება წარადგინოს კანდიდატი და ასევე, მისი გადასაწყვეტია გამართავს თუ არა კანდიდატის ირგვლივ კონსულტაციებს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან.
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე კონსტანტინე კუბლაშვილს უფლებამოსილების ვადა თებერვალში ეწურება.

banner
წინა სტატიაშიმამა ილია კარტოზიას საქართველოში ჩამოსვენების თარიღი დღეს დაზუსტდება
შემდეგი სტატია28 წლის შმაგი რიჟამაძეს სიცოცხლის გადასარჩენად საზოგადოების დახმარება ესაჭიროება