კონსტანტინე გამსახურდიას დაბადების დღე ( 3 მაისი/15 მაისი)

ee47adc3bdc9კონსტანტინე გამსახურდია დაიბადა 1893 წლის 15 მაისს სოფელ ძველ აბაშაში.
მის პიროვნებად ჩამოყალიბებაზე დიდი კვალი დაუტოვებია რამდენიმე მოვლენას. ექვსი წლისას მამა უბელო ცხენზე შეაგდებდა და მათრახს გადაუჭერდა ხოლმე, ვაჟკაცობას აჩვევდა. პატარობისას ფეხშიშველმა დედამ გელათში წაიყვანა. გაოცებული შეჰყურებდა ბავშვი ტაძარს, დავითის ფრესკას. ასე გაიცნო თავისი ეპოპეის “დავით აღმაშენებლის” მთავარი გმირი. ასევე პორტრეტიდან გაიცნო ილია ჭავჭავაძე. თუმცა ბევრს ეცადა, ცოცხალი ვერ ნახა. მისი მკვლელეობა რომ შეიტყო, ფიცი დადო, მთელი სიცოცხლე ებრძოლა ილიას მკვლელების წინააღმდეგ.
კონსტანტინე გამსახურდიამ ჯერ კიდევ გიმნაზიელობისას ჩამოაყალიბა პატრიოტული ორგანიზაცია “ცხრა მუხა”, რის გამოც მალევე დააპატიმრეს ჟანდარმებმა. “ჩემთვის ეს პირველი პატიმრობა იყო, უბედნიერესი მომენტი ჩემი ცხოვრებისა. ბედნიერი გრძნობისაგან შეპყრობილი ვიმეორებდი ამ ბრწყინვალე სიტყვებს: “ნეტარ იყვნეთ თქვენ, რამეთუ გდევნონ ჩემი სახელით” (ავტობიოგრაფიული მოთხრობა “ლანდებთან ლაციცი”).
კონსტანტინე გამსახურდიამ 1911 წელს დაამთავრა ქუთაისის სათავადაზნაურო გიმნაზია. სწავლობდა პეტერბურგის, კენიგსბერგის, ლაიფციგის, მიუნხენის, ბერლინის უნივერსიტეტებში. 1919 წელს დაამთავრა ბერლინის უნივერსიტეტი. მოიპოვა ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი.
“მე დავიბადე მსოფლიოს უმცირეს და უმოკლეს მდინარის პირას. მას ჰქვია სახელად ზანა. მე მომიხდა რამდენიმე უნივერსიტეტში სწავლა ლენინგრადში, კენიგსბერგში, ლაიპციგში, მიუნხენში, პარიზში, ბოლოს ბერლინში. ყველგან და ყოველთვის მე მიხდებოდა გაჯიბრება გერმანელებთან, ებრაელებთან, პოლონელებთან, ამერიკელებთან და ფრანგებთან. არავის ვუმხელდი, მაგრამ ჩემს თავს ვეუბნებოდი: “შენ ჰეი, მსოფლიოს უმცირეს მდინარის პირად შობილო ბიჭო, არ გაჯობონ დიდი მდინარეების პირად დაბადებულთა”, – ასე განაცხადა მწერალმა 70 წლის იუბილეზე.

konstantine-gamsaxurdia

 

1919 წელს დაამთავრა ბერლინის უნივერსიტეტი, მოიპოვა ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი. აქტიურად მონაწილეობდა ევროპაში ჩამოყალიბებული „საქართველოს განმათავისუფლებელი კომიტეტის“ მუშაობაში. 1918 წლიდან საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ბერლინის საელჩოს ატაშე გახდა. ჰამბურგში 3000-მდე ტყვედყოფილი ქართველი შეკრიბა და სამშობლოში წამოიყვანა მის მიერვე დაქირავებულ ხომალდ „ქრისტიანიათი“, თან ჩამოიტანა მედიკამენტები, პირველი რადიოდანადგარი.

მრავალგზის იყო რეპრესირებული საბჭოთა რეჟიმის დროს ეროვნული მოღვაწეობისათვის.

სამწერლო მოღვაწეობა დაიწყო როგორც პოეტმა და პუბლიცისტმა. პირველი ლექსი გამოაქვეყნა 1909 წელს, წერდა კონსტანტინე აბაშისპირელის ფსევდონიმით. XX საუკუნის 10-20-იანი წლების მიჯნაზე იყო რედაქტორი შემდეგი პერიოდული გამოცემების: „პრომეთე“, „ლომისი“ , “ილიონი”, „საქართველოს სამრეკლო“, “ქართული სიტყვა“, ხელმძღვანელობდა მწერალთა აკადემიურ ჯგუფს.

ავტორია რომანებისა: დიონისოს ღიმილი, მთვარის მოტაცება, გოეტეს ცხოვრების რომანი, დიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენა, დავით აღმაშენებელი, ვაზის ყვავილობა, აგრეთვე ნოველების, ნარკვევებისა და ესეებისა. თარგმნა გოეთეს „ახალგაზრდა ვერთერის ვნებანი“, დანტეს „ღვთაებრივი კომედია“ (I ნაწილი – „ჯოჯოხეთი“ კ. ჭიჭინაძესთან ერთად თარგმნა), რემარკის „დასავლეთის ფრონტი უცვლელია“ და სხვა.

1944 წელს აირჩიეს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრად. 1965 წ. ტეტრალოგიისათვის „დავით აღმაშენებელი“, მიენიჭა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია.

კონსტანტონე გამსახურდია 1975 წლის 17 ივლისს გარდაიცვალა. დაკრძალულია თბილისში, კოლხური კოშკის (თავისი სახლის) ეზოში.

“ხელოვნებაა თავად უკვდავება მხოლოდ ოსტატს ვერ ეწვევა სიკვდლი“-ამბობდა კონსტანტინე გამსახურდია და მართლაც მან თავისი ხელოვნებით, მისი თითოეული ნაწარმოებით უკვდავყო თავის სახელი. სანამ იარსებებს ქართველი კაცი და წაიკითხავს „დავით აღმაშენებელსა“და „მთვარის მოტაცებას“ იარსებებს კონსტანტინე გამსახურდიაც.

banner
წინა სტატიაშიუკრაინული ,,დნეპრი,, ევროპის ლიგის ფინალშია
შემდეგი სტატიაფულთაცვენა სტამბულის აეროპორტში (+ფოტო)