კონკურენციის სააგენტომ ნავთობკომპანიები 55 მილიონი ლარით დააჯარიმა

„ვისოლმა“ და „გალფმა“ საწვავზე ფასები მკვეთრად გაზარდა

კონკურენციის სააგენტომ ნავთობროდუქტების ბაზრის კვლევა დაასრულა და კომპანიები და ეკონიმიკური აგენტები ჯამურად 55 მილიონი ლარით დააჯარიმა.
როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი ბარაბაძემ განაცხადა, სააგენტოს მოკვლევისთვის აქვს კანონით 10-თვიანი ვადა, თუმცა მან ვადაზე ადრე, 8 თვეში დაასრულა ნავთობპროდუქტების ბაზრის შესწავლა, რომელიც 2014 წლის 12 ნოემბრიდან მიმდინარეობდა.
ბარაბაძის თქმით, კონკურენციის სააგენტოს მიერ მომზადებული დასკვნა მოცულობითია და 1 100 გვერდს შეადგენს, თუმცა მას არ აქვს უფლება დასკვნის ყველა წვრილმანზე ისაუბროს, ვინაიდან გარკვეული ნაწილი საგადასახადო კომერციულ საიდუმლოებას წარმოადგენს.
“კონკურენციის სააგენტო მივიდა დასკვნამდე, რომ 2008-14 წლებში ავტოსაწვავის სასაქონლო ბაზაზე ირღვეოდა კონკურენციის დაცვის პრინციპები. კერძოდ, მოქმედებდა ხელოვნური ბარიერები იმპორტში, იზღუდებოდა წარმოება და მოქმედებდა შეთანხმებული ფასი. აქედან გამომდინარე ბაზრის ძირითად სუბიექტებს: “ვისოლს”, “რომპეტროლს”, “სოკარს”, “ლუკოილს”, “გალფს”, ასევე ეკონომიკურ აგენტებს, რომლებიც მჭიდრო სადისტრიბუციო ურთიერთობაში იყვნენ ამ ხუთეულთან, შესაბამისი სანქციები დაეკისრათ. გარდა ამისა, სანქციები გატარდა ფრენჩაიზინგის მიმღები ეკონომიკური აგენტების მიმართ”, – განაცხადა ბარაბაძემ.
მისი თქმით, ჯამურად სანქციები 55 მილიონ ლარამდეა. რაც შეეხება იმას, იმოქმედებს თუ არა ეს გადაწყვეტილება საწავის ფასზე, ბარაბაძე აცხადებს, რომ კონკურენციის სააგენტოს ფუნქცია არ არის ფასის კონტროლი და ფასთან დაკავშირებით რაიმე გადაწყვეტილების მიღება. სააგენტოს ფუნქციაა დაადგინოს ბაზარზე მოქმედი ფასი ხომ არ არის რაიმე შეთანხმების პროდუქტი.

banner
წინა სტატიაშიგრიგორი კარასინი: დაინტერესებულები ვართ, რომ ორმხრივი ურთიერთობების პროცესი განვითარდება ნორმალურ რიტმში
შემდეგი სტატიაზურაბ აბაშიძე: საბაჟო მონიტორინგის შესახებ მიღწეულია საკმაოდ სერიოზული შეთანხმება