კომპანია “თელასი” “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” განცხადებას პასუხობს

განცხადებაში ნათქვამია, რომ სოფელ დიღმის ახალი დასახლების ელექტრომომარაგების შესახებ, “GWP”-ის განცხადებამ საზოგადოება, “თელასის” საქმიანობასთან დაკავშირებით შეცდომაში შეიყვანა.

კომპანიაში აღნიშნავენ, რომ “თელასის” სადისპეჩერო, საკაბელო და საინფორმაციო სამსახურები 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ და ნებისმიერ დროს მზად არიან ყველანაირი პრობლემის მოსაგვარებლად.

“ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ “თელასის“ ტექნიკური სამსახური ღამის საათებში არ მუშაობს, რის გამოც დროულად ვერ მოხერხდა დაზიანებული კაბელის აღდგენითი სამუშაოების დაწყება. გვინდა ავღნიშნოთ, რომ კომპანია “თელასის” სადისპეჩერო, საკაბელო და საინფორმაციო სამსახურები 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ და ნებისმიერ დროს მზად არიან ყველანაირი პრობლემის მოსაგვარებლად. რაც შეეხება გუშინდელ შემთხვევას, აღვნიშნავთ, რომ სოფელ დიღომთან კომპანია „ჯორჯიან უოთერ & ფაუერმა“ მიწის სამუშაოების შესრულების დროს მექანიკურად დააზიანა სს „თელასის“ მაღალი ძაბვის კაბელი. ამის გამო ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდა სოფელ დიღმის ახალი დასახლების ნაწილს. 19 მაისს 03:25 საათზე კომპანია „თელასის“ სადისპეჩერო სამსახურმა დააფიქსირა ქვესადგურის „დიღომი-1“ ერთ-ერთი ფიდერის გათიშვა. ელექტროენერგიის მიწოდება 442 აბონენტს შეუწყდა. კომპანია „თელასის“ ტექნიკურმა სამსახურმა ერთ საათში მოახერხა ელექტრომომარაგების აღდგენა 319 აბონენტისთვის. რაც შეეხება დანარჩენ 123 აბონენტს, მათთვის ელექტეროენერგიის მიწოდების აღსადგენად საჭირო იყო დაზიანებული მაღალი ძაბვის კაბელის შეკეთება. დაზიანებული კაბელის აღდგენითი სამუშაოების დაწყება „თელასის“ ტექნიკურმა სამსახურმა მხოლოდ 15:00 საათზე შეძლო, რადგანაც კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს“ ამ დრომდე არ ქონდა დასრულებული სარემონტო სამუშაოები მაგისტრალურ წყალსადენზე. სოფელ დიღმის ახალი დასახლების ელექტრომომარაგება სრულად 18 საათისთვის აღდგა”, – ნათქვამია “თელასის” განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშირამზან კადიროვი: არ გააკაროთ ცოლები ,,WhatsApp-ს ,,
შემდეგი სტატიათამარ სანიკიძე პანკისის ხეობის სკოლებს ეწვია