კოალიცია “ქართული ოცნება” საარჩევნო სისტემის რეფორმის შესახებ განცხადებას ავრცელებს

„ოცნებაში“ ახალი განხეთქილება მზადდება?!

კოალიცია “ქართული ოცნება” საარჩევნო სისტემის რეფორმის შესახებ განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, კოალიციაში შემავალი პოლიტიკური პარტიები
საქართველოს პარლამენტში წარადგენენ “საქართველოს საარჩევნო კოდექსში” შესატანი ცვლილებების პროექტს და უზრუნველყოფენ მის მიღებას მომდევნო საპარლამენტო სესიის დასრულებამდე. ამასთან, კოალიცია გამოთქვამს მზადყოფნას, აწარმოოს ღია კონსულტაციები პარლამენტში წარმოდგენილ სხვა პარტიებთან.
განცხადებას “თაიმერი” უცვლელად გთავაზობთ:
“2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველომ მიაღწია ფუნდამენტურ წინსვლას სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპების დანერგვის, ადამიანის უფლებების დაცვის, სოციალური სოლიდარობის განმტკიცების, დემოკრატიისა და პოლიტიკური პლურალიზმის უზრუნველყოფის თვალსაზრისით.
კოალიცია “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, თვისებრივად ავტორიტარული მმართველობა შეიცვალა დემოკრატიული მმართველობით. გაძლიერდა დემოკრატიული ინსტიტუტები – პარლამენტი აღმასრულებელი ხელისუფლების მორჩილი ორგანოდან გარდაიქმნა ქმედით და პლურალისტურ ინსტიტუტად, სასამართლო ხელისუფლება სრულად გათავისუფლდა აღმასრულებელი ხელისუფლების წნეხისგან; გადაიდგა უმნიშვნელოვანესი ნაბიჯები თვითმმართველობის სისტემის გასაძლიერებლად და შემოღებულ იქნა მერებისა და გამგებლების პირდაპირი არჩევნები; განხორციელდა ქმედითი საკანონმდებლო ინიციატივები სამართალდამცავი ორგანოების პოლიტიკური დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად; გაქრა მოსახლეობის შიში ხელისუფლებისადმი; ხელისუფლების ტოტალური წნეხისგან გათავისუფლდა ბიზნესი და მედია; ჩამოყალიბდა თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო გარემო – გაუმჯობესდა არჩევნების ჩატარების პრაქტიკა და თვისებრივად გაიზარდა მოსახლეობის ნდობა საარჩევნო ადმინისტრაციისადმი, დაიხვეწა საარჩევნო სიებიდა ა.შ.
კოალიცია “ქართული ოცნება” აგრძელებს წინასაარჩევნო დაპირებების შესრულებას და საზოგადოებას სთავაზობს საპარლამენტო საარჩევნო სისტემის რეფორმის გეგმას, რომელიც უზრუნველყოფს როგორც მომდევნო, ისე მისი შემდგომი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას დემოკრატიული საარჩევნო პრინციპების სრული დაცვით.
აღნიშნული გეგმა არის შედეგი რთული, კომპლექსური და ხანგრძლივი შიდაპარტიული, შიდაკოალიციური და ინტერფრაქციული დისკუსიებისა, რომელიც ქვეყნის პოლიტიკური სისტემის განვითარების დინამიკის გათვალისწინებით, მაჟორიტარული და პროპორციული საარჩევნო სისტემების ფარდობითი უპირატესობებისა და ნაკლოვანებების ანალიზსა და შეფასებას ეფუძნებოდა.
კოალიცია “ქართული ოცნების” მიერ შემოთავაზებული საარჩევნო სისტემის რეფორმის გეგმის თანახმად:
ა) 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის უზრუნველყოფილი იქნება საარჩევნო ოლქებს შორის თანასწორობის პრინციპის დაცვა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებისა და ევროპის საბჭოს 2002 წლის კარგი პრაქტიკის კოდექსის შესაბამისად, რომლის თანახმად, “ნორმიდან დასაშვები გადახრა არ უნდა აღემატებოდეს 10 პროცენტს და არავითარ შემთხვევაში 15 პროცენტს, გარდა განსაკუთრებული გარემოებებისა”. ოლქების გათანაბრება უზრუნველყოფს ამომრჩევლის ნების შესატყვისი შედეგის მიღებას საპარლამენტო მანდატების განაწილებისას. გარდა ამისა, შემოღებულ იქნება 50-პროცენტიანი საარჩევნო ბარიერი მაჟორიტარული არჩევნებისთვის, რაც თვისებრივად აამაღლებს მაჟორიტარი დეპუტატების დემოკრატიული ლეგიტიმაციის ხარისხს.
შედეგად, პირველად უკანასკნელი 25 წლის განმავლობაში, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება დემოკრატიული, სამართლიანი და თანასწორი არჩევნების პრინციპების სრული დაცვით.
2016 წელს აირჩევა პლურალისტური და ქმედითი პარლამენტი, რომელიც, განსხვავებით 1995-2012 წლებში მოქმედი პარლამენტებისგან, ჯეროვნად უზრუნველყოფს კანონშემოქმედებითი პროცესის წარმართვას და აღმასრულებელი ხელისუფლების კონტროლს.
შესაბამისი ცვლილებების განხორციელების მიზნით, კოალიციაში შემავალი პოლიტიკური პარტიები საქართველოს პარლამენტში ინიციატივის წესით წარადგენენ “საქართველოს საარჩევნო კოდექსში” შესატანი ცვლილებების პროექტს და უზრუნველყოფენ მის მიღებას მომდევნო საპარლამენტო სესიის დასრულებამდე;
ბ) კოალიცია ინიციატივის წესით დაუყოვნებლივ წარადგენს კონსტიტუციური კანონის პროექტს, რომელიც უახლოესი თვეების განმავლობაში უნდა იქნეს მიღებული საქართველოს პარლამენტის მიერ. კონსტიტუციური კანონის პროექტის თანახმად, 2016 წლის შემდგომი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება პროპორციული სისტემით, მრავალმანდატიანი ოლქების მიხედვით. საკონსტიტუციო უმრავლესობით კანონპროექტის მიღების უზრუნველსაყოფად, კოალიცია მზადაა აწარმოოს ღია კონსულტაციები პარლამენტში წარმოდგენილ სხვა პარტიებთან.
მრავალმანდატიან ოლქებში არჩევნების ჩატარების პირობებში, შენარჩუნებული იქნება ტერიტორიული წარმომადგენლობის პრინციპი, რაც, მნიშვნელოვანწილად, პასუხს გასცემს მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის გაუქმებასთან დაკავშირებულ კითხვებს.
კოალიციაში შემავალი პოლიტიკური პარტიები აცნობიერებენ, რომ პროპორციული საარჩევნო სისტემის დამკვიდრება პარტიული სისტემის ინსტიტუციონალიზაციის მაღალ ხარისხს მოითხოვს. ამასთან, კოალიციის გადაწყვეტილება ეფუძნება რწმენას, რომ “ქართული ოცნების” მმართველობის პირობებში, საქართველოში პოლიტიკური სისტემა უახლოეს წლებში მიაღწევს განვითარების იმ ხარისხს, რომელიც პროპორციული საარჩევნო სისტემის დანერგვასთან დაკავშირებული სირთულეების (შედარებით სუსტი კავშირი დეპუტატებსა და ამომრჩეველს შორის, მყარი საპარლამენტო უმრავლესობის ვერ ჩამოყალიბების რისკი და სხვ.) პრევენციისთვის არის აუცილებელი.
კოალიცია “ქართული ოცნების” წევრი პოლიტიკური პარტიები მოუწოდებენ ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს და საარჩევნო სისტემის რეფორმით დაინტერესებულ სხვა სუბიექტებს, მხარი დაუჭირონ კოალიციის მიერ შემოთავაზებულ უპრეცედენტო საარჩევნო რეფორმას, რომელიც შექმნის მყარ გრძელვადიან გარანტიას საქართველოს შეუქცევადი დემოკრატიული განვითარებისათვის”, – აღნიშნულია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი მარტვილსა და საგარეჯოში “ქართული ოცნების” კანდიდატებს დღეს წარადგენს
შემდეგი სტატია“მივმართავთ დე-ფაქტო და დე-იურე პრემიერებს, შეწყვიტეთ ზეწოლა დამოუკიდებელ მედიაზე” – 11 პარტიის ერთობლივი განცხადება