კლინიკა “ლანცეტში” გადაყვანილ პატიმრებზე სასჯელაღსრულების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო CPT-ის ანგარიშთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ინფორმაციით, სასჯელაღსრულების N7 დაწესებულებიდან თვითდაზიანების გამო სამი მსჯავრდებული გ. ბ. გ. გ. და ბ. ო. კლინიკა „ლანცეტში“ 25 ივნისს გადაიყვანეს.

უწყების ინფორმაციით ორი მათგანი ამ დროისთვის სასჯელაღსრულების დაწესებულებას უკვე დაუბრუნდა. მესამე მსჯავრდებული კი ჯერჯერობით კლინიკაში რჩება, თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და სათანადო დოკუმენტაციის მომზადების შემდეგ ის დაუბრუნდება სასჯელის მოხდის ადგილს.

“სამივე მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ისინი იმყოფებიან სამედიცინო პერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ. ოპერატიული ინფორმაციით, მოცემული მსჯავრდებულები კრიმინალური სუბკულტურისკენ არიან მიდრეკილები და თვითდაზიანება მიიყენეს მას შემდეგ, რაც მათ უარი ეთქვათ სხვა, სასურველ დაწესებულებაში გადაყვანაზე. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გაფორმებული აქვს ხელშეკრულებები სხვადასხვა სამოქალაქო კლინიკასთან, სადაც, საჭიროების შემთხვევაში, ეტაპობრივად, ხდება მსჯავრდებულთა გადაყვანა და მკურნალობა, შესაბამისად, მსჯავრდებულთა რეფერალი ყოველდღიურ რეჟიმში ხორციელდება. მსჯავრდებულები თავიანთი არალეგიტიმური მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად ხშირად მიმართავენ პროტესტის სხვადასხვა ფორმას და ამ გზით ცდილობენ ადმინისტრაციაზე გავლენის მოხდენას. სამინისტროს არაერთხელ განუცხადებია და ვიმეორებთ, რომ მსჯავრდებულის ერთი დაწესებულებიდან მეორეში გადაყვანის საკითხი, სასჯელღასრულების ადმინისტრაციის პრეროგატივაა და ამ გადაწყვეტილებაში ვერ ჩაერევა ვერავინ, მათ შორის ვერც მსჯავრდებული”, – ნათქვამია სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიდაზარალებულთა დასახმარებლად შექმნილ ანგარიშზე თანხა 23 მილიონზე მეტი ლარია მობილიზებული
შემდეგი სტატია„ამ შემთხვევაში, პრეზიდენტი და „ნაციონალური მოძრაობა“ ერთ მიზანს ემსახურებიან“