“თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, გასული წლის აგვისტოში თბილისის მერიის სოციალური მომსახურების სამსახურის უფროსის მოადგილედ კახა კალაძის ცოლის ძმა გიორგი არეშიძე უკანონოდ დაინიშნა,”- ამის შესახებ განცხადება დღეს ამ თანამდებობიდან მერის ბრძანებით გათავისუფლებულმა ლევან ხაბეიშვილმა გააკეთა. მისი თქმით, ის არაპროფესიონალიზმის არგუმენტით, გასული წლის 22 აგვისტოს დაკავებული თანამდებობიდან უკანონოდ გაათავისუფლეს.
“ჩემი გათავისუფლება მოხდა 22 აგვისტოს, ეს რა თქმა უნდა, იყო უკანონო და სწორედ ამიტომ გავასაჩივრე. საქალაქო სასამართლომაც დაადასტურა, რომ ჩემი გათავისუფლება იყო უკანონო და მინდა ვთქვა, რომ კახა კალაძის ცოლისძმის გიორგი არეშიძის დანიშვნაც სასამართლომ ცნო უკანონოდ,” – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
ხაბეიშვილი თბილისის მერისგან ბოდიშის მოხდას და თანამდებობაზე მის აღდგენას მოითხოვს.
ხაბეიშვილის მსგავსად, სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებისა და სამსახურებრივი უფლება-მოვალეობის შესრულების მოთხოვნით, ქალაქის მერიაში დღეს კიდევ ორი პირი მივიდა და ოფიციალური განაცხადი დატოვა კანცელარიაში, თუმცა მერიიდან მათ არავინ გამოხმაურებია.
უკვე ცნობილია, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებას თბილისის მერია ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრებს.