კახელი მევენახეების პრეტენზიებზე სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეს დღეს კომენტარი არ გაუკეთებია

პარლამენტის ორი კომიტეტის გაერთიანებული სხდომა, სადაც კახელმა მევენახეებმა ყურძნის ჩაბარებასთან დაკავშირებით საკუთარი უკმაყოფილება დააფიქსირეს, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, გოჩა ცოფურაშვილმა კომენტარის გარეშე დატოვა.
პარლამენტის აგრარულ საკითხთა და დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაში დღეს ცოფურიშვილიც მონაწილეობდა, თუმცა მინისტრის მოადგილე არც კამათში ჩართულა და კომენტარის გაკეთებაზეც ჟურნალისტებს უარი უთხრა.
როგორც გოჩა ცოფურაშვილმა განმარტა, დღეს პარლამენტში საბიუჯეტო საკითხებთან დაკავშირებით იყო მოსული და ყურძნის ჩაბარების თემაზე ვერ ისაუბრებდა.
აგრარულ საკითხთა და დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტების გაერთიანებული სხდომა დღეს ხმაურით დაიწყო და ხმაურით დასრულდა. პარლამენტში კახელი მევენახეების ნაწილი მივიდა, რომლებმაც ყურძნის ფასთან დაკავშირებით საკუთარი უკმაყოფილება გამოხატეს და ჩაბარების ფასის გაზრდა მოითხოვეს. მათ ამ საკითხზე პასუხის მიღება ხელისუფლების წარმომადგენლებისგან სურდათ.
პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძე კახელ მევენახეებს ყურძნის ჩაბარებასთან დაკავშირებული საკითხის დეტალურ შესწავლას და მომავალი კვირისთვის დაზუსტებული ინფორმაციის მიწოდებას დაპირდა.
როგორც კომიტეტზე ითქვა, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ორშაბათს ან სამშაბათს შესაბამისი უწყებების მონაწილეობით გაფართოებული სხდომა გაიმართება.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი რეზო ჭეიშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს
შემდეგი სტატიართველთან დაკავშირებულმა პრობლემებმა კიდევ დაგვანახა, თუ რად იქცა ღვინის სამშობლო და როგორ ხელოვნურად ისპობა ის რაც ჩვენ არ მოგვიპოვებია