კახა მამულაშვილი 15 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

პროდიუსერი, ნარკოდანაშაულში ბრალდებული კახა მამულაშვილს პატიმრობა 15 ათას ლარიანი გირაოთი შეეცვალა. ამის შესახებ “თაიმერს” პროკურატურიდან აცნობეს.
“დაცვის მხარემ დააყენა შუამდგომლობა და მოითხოვა აღკვეთი ღონისძიების პატიმრობის გირაოთი შეცვლა. სასამართლომ დააკმაყოფილა შუამდგომლობა და ბრალდებულ კახა მამულაშვილს პატიმრობა 15000 ლარის ოდენობის გირაოთი შეუცვალა. მამულაშვილს დამატებითი ღონისძიების სახედ დაევალა პასპორტის და პირადობის მოწმობის ჩაბარება, ასევე ათ დღეში ერთხელ სამართალდამცავ ორგანოებში გამოცხადების ვალდებულება”, – აცხადებენ პროკურატურაში.
მათივე ინფორმაციით, საქმის არსებითი განხილვა გრძელდება და მორიგი სასამართლო პროცესი 23 სექტემბერს არის ჩანიშნული.
ნარკოდანაშაულში ბრალდებული პროდიუსერი კახა მამულაშვილი, იგივე “მამულიჩა” სასამართლო დარბაზიდან დღეს გაათავისუფლეს. მამულაშვილის წინასასამართლო სხდომა სასამართლოში 13:00 საათზე უნდა დაწყებულიყო, თუმცა მისი ახლობლები, მათ შორის ძმა, შვილი და მეგობრები მე-12 დარბაზთან პროცესის დაწყებას თითქმის ერთი საათი ელოდებოდნენ.
საქმის პროკურორმა, გიორგი დავითაშვილმა პროცესამდე ცოტა ხნით ადრე “ინტერპრესნიუსსს” განუცხადა, რომ სხდომა გადაიდებოდა და შენობა დატოვა.
ცოტა ხანში, საქმის პროკურორი მოსამართლის თანაშემწესთან მივიდა, რის შემდეგ სასამართლო დარბაზიდან თანაშემწე გავიდა და განმარტება არ გაუკეთებია, როდის დაიწყებოდა პროცესი. ამ პერიოდში, ბრალდებულის ახლობლებთან და რამდენიმე ჟურნალისტთან ერთად, დარბაზში იმყოფებოდა საქალაქო სასამართლოს პრესსამსახურის ორი წარმომადგენელი, თუმცა მათ მედიისთვის არ უცნობებიათ, რატომ ჭიანურდებოდა პროცესი. ცოტა ხანში კი გაირკვა, რომ კახა მამულაშვილი მეორე სართულზე, მე-18 დარბაზიდან ისე გაათავისუფლეს, რომ მედიის არც ერთ წარმომადგენელს მის პროცესზე დასწრების შესაძლებლობა არ მიეცა.
მამულაშვილის გათავისუფლების შესახებ ჟურნალისტებმა მას შემდეგ გაიგეს, რაც იგი სასამართლოს ეზოში, ავტომობილში ჯდებოდა.
კახა მამულაშვილი სამართალდამცავებმა 18 ივლისს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით დააკავეს.
სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკის დროს ხელბარგიდან და პირადი საფულიდან ამოიღეს სხვადასხვა დასახელების ნარკოტიკული საშუალებები, კერძოდ, საქმეზე ჩატარებული ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით აღნიშნული ნარკოტიკული საშუალებებია: 5.591 გრ კოკაინი, 1,15 გრ კანაფის ფისი და მდმ ე.წ. “ექსტაზი” 0,2048 გრ.
გამოძიება ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე მიმდინარეობდა (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით და სსკ-ის 262-ე მუხლის პირველი ნაწილით).

banner
წინა სტატიაში“ღიად გაყიდა ლიდერის გადაწყვეტილება”- ინგა გრიგოლია გოგი თოფაძის განცხადებაზე
შემდეგი სტატიაირაკლი სესიაშვილი: ზარალდება ხელისუფლება, რომელიც თავგადადებულია, რომ ქვეყანაში დემოკრატია იყოს