კახა კოჟორიძე – პრეზიდენტი ნამდვილად არის ეროვნული პრეზიდენტი

პრეზიდენტი ნამდვილად არის ეროვნული პრეზიდენტი და ის შეწყალებასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტის დროს არ მოქმედებს პარტიული ნიშნით, – ასე პასუხობს ადამიანის უფლებათა საკითხებში საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი კახა კოჟორიძე ქვეყნის პირველი პირის მიერ დეპუტატ აკაკი ბობოხიძის ძმის შეწყალების გამო პრემიერ-მინისტრის მხრიდან გამოთქმულ კრიტიკას.
პრეზიდენტის ადმინისტრაცია უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირებს მოუწოდებს, მსგავსი განცხადებების გაკეთების დროს სიფრთხილით და მაღალი პასუხისმგებლობით იმოქმედონ.
“პრეზიდენტი ნამდვილად არის ეროვნული პრეზიდენტი და ის ასეთი საკითხების გადაწყვეტის დროს არ მოქმედებს პარტიული ნიშნით. ჩვენ გვინდა ვთხოვოთ მაღალ პოლიტიკური თანამდებობის პირებს, რომ მსგავსი განცხადებების გაკეთების დროს სიფრთხილით და მაღალი პასუხისმგებლობით იმოქმედონ, რათა ამ ტიპის განცხადებებმა, არ გააჩინოს აღქმა, რომ საქართველოში შესაძლოა, მართლმსაჯულება ხორციელდებოდეს პოლიტიკური ნიშნით, ხოლო ამ აღქმის შედეგად არ დაზიანდეს ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული ინტერესები”, – განაცხადა კახა კოჟორიძემ.
აღნიშნულიდან გამომდინარე, პრეზიდენტის მრჩევლის განმარტებით, ქვეყნის პირველი პირი შეწყალების პროცესში ვერ და არ იმოქმედებს პოლიტიკური თუ პარტიული ნიშნით.
“საქართველოს პრეზიდენტის პოზიციაა, რომ შეწყალების პროცესში ვერ იმოქმედებს და არასდროს იმოქმედებს პოლიტიკური თუ პარტიული ნიშნით”, – აღნიშნა პრეზიდენტის მრჩეველმა.
კოჟორიძის თქმით, პატიმარ ბობოხიძის შეწყალების საკითხის გადაწყვეტისას არანაირი გავლენა არ მოუხენია იმ ფაქტს, რომ ის ოპოზიციონერი დეპუტატის ძმაა.
“ჩვენი პრეზიდენტი არის ჭეშმარიტად “ნაციონალური” პრეზიდენტი, – ასე ეხმაურება საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ქვეყნის პირველი პირის, გიორგი მარგველაშვილის მიერ “ნაციონალური მოძრაობის” წევრის, აკაკი ბობოხიძის ძმის შეწყალების გადაწყვეტილებას.
როგორც ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, იმედი აქვს, რომ პრეზიდენტი “სააკაშვილს, ბაჩო ახალაიას, ვანო მერაბიშვილს და სხვა კეთილ ადამიანებსაც შეიწყალებს”.

banner
წინა სტატიაშიერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება კვლავ 2.2556 ლარია
შემდეგი სტატიამანანა კობახიძე – პრეზიდენტს უფლება აქვს შეიწყალოს პატიმრები, თუმცა ეს შერჩევითი არ უნდა იყოს