კახა კახიშვილი: ციხეში უნდა იყოს ის სტანდარტები, რომლებიც უნდა იყოს, რადგან ის არის ციხე

ციხეში უნდა იყოს ის სტანდარტები, რომლებიც უნდა იყოს, რადგან ის არის ციხე, – ამის შესახებ სასჯელაღსრულების ახალმა მინისტრმა, კახა კახიშვილმა ჟურნალისტებს ციხეებში საზოგადოებრივი მონიტორინგის მექანიზმის შექმნის თაობაზე არასამთავრობო სექტორის მოთხოვნაზე კომენტირებისას განუცხადა.
როგორც კახა კახიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, საზოგადოებრივი მონიტორინგი სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ახლაც არსებობს და აღნიშნულს სახალხო დამცველის პრევენციის ეროვნული მექამიზი ახორციელებს.
“საზოგადოებრივ მონიტორინგის მექანიზმის შექმნის იდეა არის ძალიან სერიოზული განაცხადი. ისე არ უნდა იყოს აღქმული, რომ საზოგადოებრივი მონიტორინგი არ არსებობს. თავად სახალხო დამცველის პრევენციის ეროვნული მექანიზმის წევრები, ფაქტობრივად, ყოველდღიურად, ყველა დაწესებულებაში შედიან, ესაუბრებიან პატიმრებს და ამის მექანიზმები გაწერილია. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ ვიყავით სწორედ ის ადამიანები, რომლებმაც მივეცით სახალხო დამცველის პრევენციული მექანიზმის წევრებს ციხეებში ფოტოაპარატით შესვლის უფლება, მაგრამ, მეორე მხრივ, ციხეში უნდა იყოს სტანდარტები, რომელიც უნდა იყოს, იმიტომ რომ ის არის ციხე და დახურული სარეჟიმო დაწესებულება. სასამართლოს თავის დროზე ასეთი კონტაქტები რომ დაეშვა, მაშინ თავად პატიმრობას არ მიუსჯიდნენ”, – განაცხადა კახიშვილმა.
მინისტრის თქმით, სასჯელაღსრულების დაწესებულებებაში მუშაობას სჭირდება შესაბამისი უნარ-ჩვევები და თუკი შეთანხმდებიან ასეთ უნარ-ჩვევებზე, სტანდარტებზე, იმაზე როგორ უნდა შევიდნენ, როგორ უნდა აწარმოონ დახურულ სისტემაში თავისი საქმიანობა, მაშინ არასამთავრობო სექტორის ინიციატივაში მიუღებელი არაფერი იქნება.
“პირველ რიგში სტანდარტებია დასაცავი, რადგან მე, მაგალითად, ზოგიერთი ისეთი არასამთავრობო ორგანიზაცია ვიცი, რომელიც ციხეში მხოლოდ იმისთვის შედის, რომ შემდეგ განცხადება გააკეთოს და მეტად გამოჩნდეს. ამიტომ, მექანიზმებია დასახვეწი. ვიმუშაოთ მექანიზმებზე, ჩვენ პრობლემა არ გვაქვს”, – აღნიშნა კახიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიოთარ დანელია: ქართულ პროდუქციაზე ხელახალი ემბარგოს დაწესების საფრთხე არ არსებობს
შემდეგი სტატიასერგო რატიანი: ბიძინა ივანიშვილი “რუსთავი 2”-ს თავისი უკონტროლო ძალების მთავარ საფრთხედ მიიჩნევს