კახა კახიშვილი – გაფუჭებული ტელეფონით მუშაობას მირჩევნია, პირდაპირ მივიღო ინფორმაციები

სასჯელაღსრულების ახალი მინისტრი კახა კახიშვილი არასამთავრობო სექტორთან მჭიდრო კომუნიკაციის პირობას დებს. როგორც კახიშვილმა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან დღევანდელი შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ურჩევნია, სამოქალაქო სექტორისგან ნებისმიერი სახის ინფორმაცია პირადად მიიღოს.
“შევეცადეთ, შეხვედრაზე განგვეხილა ყველა პრობლება, რომელიც სისტემაში არსებობს. ასევე დავსახეთ პრიორიტეტები, როგორ ვაპირებთ თანამშრომლობას. ჩემი აზრით, სამოქალაქო სექტორთან პირადი შეხვედრები ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ მუდმივად ისედაც გვქონდა კონტაქტი ტელეფონით, იგივე კონფერენციების ფარგლებში ვხვდებოდით ერთმანეთს და შეხედულებების გაცვლა-გაზიარების საშუალება არსებობდა, მაგრამ გაცილებით კარგია ასეთი დახურული შეხვედრები, სადაც შეგვიძლია კონკრეტული საკითხები განვიხილოთ, დავსახოთ პრიორიტეტები და ა.შ. მიმაჩნია, რომ პულსზე ხელი უნდა მედოს. აქედან გამომდინარე, მირჩევნია, რომ გაფუჭებული ტელეფონით მუშაობას პირდაპირ მივიღო ინფორმაციები და პირდაპირვე დავსახო ერთობლივი თანამშრომლობის გეგმა”, – განაცხადა კახიშვილმა.
რაც შეეხება ციხეებში საზოგადოებრივი მონიტორინგის მექანიზმის შექმნის თაობაზე არასამთავრობოების მოთხოვნას, მინისტრის თქმით, სამინისტრო ღიაა, თუმცა ინიციატივის დამუშავებისას შესაბამისი კრიტერიუმების ჩამოყალიბებაა საჭირო.
“ალბათ დამეთანხმებით, რომ უნდა შეიქმნას სპეციალური კრიტერიუმები. დამიჯერეთ, ხვალ რომ ვთქვა, საზოგადოებრივი მონიტორინგის მექანიზმი იქმნებათქო, ნახავთ, რომ ის ორგანიზაციებიც კი გამოვლენ და იტყვიან, რომ მონიტორინგის პროცესში ჩართვა სურთ, რომლებმაც საერთოდ არ იციან ესა თუ ის ციხე სად არის, ამიტომ კრიტერიუმები უნდა იყოს შემუშავებული. უნდა განისაზღვროს რისთვის შედიხარ, რა უნდა გააკეთო. სად უნდა გაავრცელო ინფორმაცია, რადგან საქმე ეხება სენსიციურ თემას. აღნიშნულიდან გამომდინარე, როცა კრიტერიუმებს დავადგენთ იმ ორგანიზაციებისთვის, რომლებსაც დაწესებულებებში შესვლის საშუალება ექნებათ, როდესაც თავად ორგანიზაციის წარმომადგენლები უზრუნველყოფენ თავისი წარმომადგენლების უნარ-ჩვევების ამაღლებას, რადგან დახურულ დაწესებულებაში მუშაობა საჭიროებს სპეციალურ სპეციფიკას, რა თქმა უნდა, სამინისტრო ღია იქნება. ასე რომ, ერთი მხრივ, ჩვენ გამჭვირვალე და ეფექტური სისტემის შექმნაზე ვმუშაობთ, მაგრამ ამავდროულად უნდა დავიცვათ უსაფრთხოების სტანდარტები, რადგან საკითხი ეხება დახურულ დაწესებულებებს, სადაც ადამიანები სასამართლოს გადაწყვეტილებით შედიან”, – აღნიშნა კახიშვილმა და დასძინა, რომ ციხეებში საზოგადოებრივი მონიტორინგის პრობლემა არც აქამდე ყოფილა.

banner
წინა სტატიაშისოზარ სუბარი და სტივენ ჰეიკინი ხონში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს შეხვდნენ
შემდეგი სტატიასტატისტიკური მონაცემების წარმოებისა და ანალიზის საკითხზე ტრენინგი ჩატარდა