კახა კალაძე საერთაშორისო ენერგეტიკული ქარტიის მინისტერიალში მონაწილეობს

კახა კალაძე: მოსახლეობას გაზის საფასური არ გაუძვირდება

ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე ჰააგაში, საერთაშორისო ენერგეტიკული ქარტიის მინისტერიალსა და კონფერენციაში მონაწილეობს.
ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, კონფერენციის ფარგლებში ენერგეტიკის სექტორში თანამშრომლობის მიმართულებით მიღებული იქნება ახალი პოლიტიკური დეკლარაცია, რომელსაც 60 მონაწილე ქვეყანა დაუჭერს მხარს. დოკუმენტი ითვალისწინებს ენერგეტიკული ქარტიის გეოგრაფიული არეალის გაზრდას და ქარტიის წევრ ქვეყნებს ემატებიან: ჩინეთი, ირანი, კოლუმბია და ჩილე.
მინისტერიალზე, მონაწილე მხარეები აქცენტს გააკეთებენ ენერგოსექტორში ინვესტირების აუცილებლობაზე. 2035 წლამდე 48 მილიარდ დოლარამდე ინვესტიცია არის საჭირო, რათა დაკმაყოფილებულ იქნეს ენერგეტიკაზე გლობალური მოთხოვნა.
კონფერენციაზე ასევე, განხილული იქნება ელექტროენერგიის ტრანზიტის საკითხები, ინვესტიციების მიმართულებით ენერგეტიკული ქარტიის წევრ ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაღრმავება და სამომავლო პერსპექტივები. დებატები გაიმართება განახლებადი ენერგიების მიმართულებითაც.
კონფერენციის ფარგლებში დაგეგმილია შეხვვედრები ენერგეტიკულ კომპანებთან და ინვესტორებთან. მინისტერიალში 300-მდე მთავრობისა და კომპანიის ოფიციალური წარმომადგენლები მონაწილეობენ.
1995 წლიდან, საქართველო ევროპის ენერგეტიკული ქარტიის წევრია.
ამჟამად, ევროპის ენერგეტიკული ქარტია ევროპისა და აზიის 50-ზე მეტ სახელმწიფოს აერთიანებს. მის მიზანს წარმოადგენს ენერგეტიკის სფეროში სამართლებრივი ურთიერთობების ჩამოყალიბება და მათი სრულყოფა, რაც მინიმუმამდე შეამცირებს ენერგეტიკის სფეროში ინვესტიციებთან და სატრანზიტო პოლიტიკასთან დაკავშირებულ რისკებს.
საქართველომ გამოთქვა სურვილი 2015 წელს გახდეს ევროპის ენერგეტიკული ქარტიის თავმჯდომარე ქვეყანა. თავმჯდომარეობის ფარგლებში, 2015 წლის დეკემბერში, ევროპის ენერგეტიკული ქარტიის ყოველწლიურ საერთაშორისო კონფერენციას საქართველო უმასპინძლებს.

banner
წინა სტატიაშიმრჩეველთა დამატებაზე დედაქალაქის მერი პირველ კომენტარს აკეთებს
შემდეგი სტატიავიქტორ დოლიძე რიგის სამიტს დაესწრება