კახა კალაძე: კონკურენციაზე ცოტა უხერხული იქნება საუბარი, რადგან აზერბაიჯანი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია“

ვიცე-პრემიერ, ენერგეტიკის მინისტრ კახი კალაძის განცხადებით, „გაზპრომთან“ მოლაპარაკებები მხოლოდ კომერციულ კომპონენტს მოიცავს და ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობას ხელს არ შეუშლის.

კითხვაზე, შეუქმნის თუ არა საფრთხეს „გაზპრომთან“ მოლაპარაკებები საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას, თუნდაც 2006 წლის მაგალითზე, ვიცე-პრემიერი აღნიშნულ კითხვას არაადეკვატურს უწოდებს.

„მე გავაკეთე განცხადება როცა პირველი შეხვედრა შედგა. თემა ეხებოდა 2 მიმართულებას. ერთი იყო, რომ მოცულობები გაზრდილიყო იმ მილსადენში, რომელიც საქართველოს გავლით გადის სომხეთის მიმართულებით. იცით, რომ ჩვენ ყოველწლიურად ამ მილსადენიდან ვიღებთ ბუნებრივ აირს. მეორე მიმართულება იყო კომერციული ობიექტებისთვის ბუნებრივი აირის მიწოდებაზე თანხმობის მიცემა. შეხვედრები ადრეც იმართებოდა, ახლაც გაიმართა და მომავალშიც გაიმართება. ერთი სამუშაო შეხვედრა იყო, რასთან დაკავშირებითაც უკვე მოგახსენეთ. თუ როდის იქნება მომავალი შეხვედრა, როცა გვეცოდინება, ამასაც გეტყვით“, – აღნიშნა კალაძემ.

ამასთან, კითხვაზე, თუ რატომ არ იმყოფებოდა ვიცე-პრემიერი აზერბაიჯანში, პრემიერ-მინისტრთან ერთად და შესაძლოა თუ არა, რომ „სოკარმა“ საქართველოს უკეთესი პირობები შესთავაზოს, კალაძე აცხადებს, რომ თუკი უკეთესი პირობები იქნება, რა თქმა უნდა, ეს ყველასთვის მისაღებია.

„ვფიქრობ, კონკურენციაზე ცოტა უხერხული იქნება საუბარი, რადგან, თქვენ იცით, რომ აზერბაიჯანი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია. აქ საუბარია მხოლოდ და მხოლოდ კომერციულ გაზზე. თქვენ იცით, რომ კომერციული ბაზარი დერეგულირებულია და ნებისმიერ კომპანიას აქვს შესაძლებლობა, წავიდეს აზერბაიჯანში, რუსეთში, ირანში, თურქეთში, სომხეთში და მისთვის ხელსაყრელ ფასად შემოიტანოს ბუნებრივი აირი. ამაზე შეზღუდვა არ არის, არ ყოფილა და არც იქნება“, – განაცხადა კალაძემ.

ენერგეტიკის მინისტრის თქმით, მისთვის უცნობია, თუ რა იქნება „გაზპრომის“ ფასი ბუნებრივ აირზე.

„ფასი იწყება 190 დოლარიდან და მთავრდება 315 დოლარით. ვფიქრობ, რომ 315 დოლარი არის ძალიან ძვირი, რომელიც დღეს ევროპაშიც არ არის. თუ „გაზპრომს“ მისაღები ფასი ექნება, ვფიქრობ, კომერციული ობიექტები დაინტერესდებიან“, – აღნიშნა კალაძემ.

banner
წინა სტატიაშიგამოკითხულთა 43% მიიჩნევს, რომ ერთი წლის განმავლობაში, საცხოვრებელი პირობები გაუარესდა
შემდეგი სტატიაფიქრია ჩიხრაძე: პრეზიდენტის პოლიტიკური მრჩევლის ამპლუაში ყველანაირ პარტიულ მოღვაწეობას ვაჩერებ