კახა კალაძე: თუ სამომხმარებლო ტარიფის კორექტირება გარდაუვალი იქნება, მთავრობა სუბსიდირებაზე იმსჯელებს

თუ სამომხმარებლო ტარიფის კორექტირება გარდაუვალი იქნება, მთავრობა სუბსიდირებაზე იმსჯელებს, – ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრმა კახი კალაძემ “ქრონიკის” პირდაპირ ეთერში განაცხადა.
“მე არაერთხელ გამიკეთებია განცხადება, რომ არსებული სიტუაცია, დოლარის გამყარება მთელ მსოფლიოში, საქართველოშიც აისახა ენერგოკომპანიებზე და მათ დიდი დარტყმა მიაყენა. რაც შეეხება სამომხმარებლო ტარიფს, ამაზე გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული, თუმცა ჩვენ ვიცით, რომ განაცხადი ამ მიმართულებითაც გაკეთებული აქვს “ენერგო პრო ჯორჯიას”, “თელასს”, “კახეთის სადისტრიბუციო კომპანიას”. დაველოდოთ მარეგულირებელი კომისიის ხვალინდელ გადაწყვეტილებას და ამის შემდეგ უფრო სწორი იქნება რაიმე გადაწყვეტილების მიღება. თუ იქნება გადაწყვეტილება მიღებული, რომ გარდაუვალია სამომხმარებლო ტარიფის კორექტირება, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში მთავრობა იმსჯელებს სუბსიდირებასთან დაკავშირებით. ეს მიღებული პროცესია ნებისმიერ ქვეყანაში. მთლიანად სამომხმარებლო ტარიფის სუბსიდირება ძალიან მძიმე იქნება ბიუჯეტისთვის, განსაკუთრებით გრძელვადიან პერსპექტივაში, ამიტომ მაქსიმალურად მივიღებთ ისეთ გადაწყვეტილებას, რომ არც ბიუჯეტი დავაზიანოთ”, – განაცხადა კალაძემ და დასძინა, რომ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება სწორი გადაწყვეტილების მიღება.
რაც შეეხება “ენერგო პრო ჯორჯიას” წარმომადგენლის განცხადებას, რომ თუ პროცესი ასე გაგრძელდა შემოდგომაზე, შესაძლოა, ელექტროენერგიის მიწოდება გრაფიკით მოხდეს, კახი კალაძე აცხადებს, რომ ენერგოკომპანიები მართლა ძალიან მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდენ, მაგრამ ზუსტად ისეთი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, სადაც მაქსიმალურად იქნება ენერგოკომპანიების და მოსახლეობის ინტერესი დაცული.
სემეკ-მა დღეს თბოელექტროსადგურებისთვის ახალი, გაძვირებული ტარიფი დაადგინა. მოქმედი ტარიფი კომპანია “ჯიფაუერისთვის” 7,397 ლარი იყო, ახალი ტარიფი კი 7,534 ლარით განისაზღვრა. შპს “მტკვარი ენერგეტიკასთვის” მოქმედი ტარიფი, 7,229 ლარი, 10,871 ლარამდე გაიზარდა. რაც შეეხება საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკულ კორპორაციას, დღევანდელი ტარიფი 7,319 იყო, ახალი ტარიფი კი 10,194 ლარით განისაზღვრა. ხვალ სემეკ-ი ტარიფის ზრდასთან დაკავშირებით “ენერგო პრო ჯორჯიას” განაცხადს განიხილავს.

banner
წინა სტატიაშითურქეთის ტერაქტში დაღუპულთა შორის აფხაზი დედა და ადიღეელი შვილიც აღმოჩნდნენ
შემდეგი სტატიაკახი კალაძე: არ ვარ მე იმნაირი თქვენ რომ ჰგონიათ