კახა კალაძე ელექტროენერგიის ტარიფის მატების მიზეზებს განმარტავს

მთავრობა არ იყო ინფორმირებული იმის შესახებ, რომ ერთ-ერთი მტაცებელი ისევ თბილისის ქუჩებში დადიოდა

ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე ელექტროენერგიის ტარიფის მატების მიზეზებს განმარტავს.
როგორც კახა კალაძემ ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა, გაიგეს მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილება, ის, რომ მომხმარებლისთვის ელექტროენერგიის არსებული ტარიფის კორექტირება მოხდა.
“თქვენ იცით, როდესაც ჩვენ ხელისუფლებაში მოვედით, მაშინვე დავიწყეთ მუშაობა ტარიფის შემცირებაზე მარეგულირებელ კომისიასთან ერთად და მოვახერხეთ ტარიფი შეგვემცირებინა 3,44 თეთრით. თუმცა დღეს ჩვენ გვაქვს სრულიად განსხვავებული რეალობა, თქვენ იცით, რომ დოლარის გამყარებამ მსოფლიოში ყველა ვალუტასთან, მათ შორის ლართან გამოიწვია ეს პროცესები, ასევე ის, რომ ჩვენ ყოვეწლიურად სექტემბრიდან მარტის ჩათვლით ხდება ელექტროენერგიის შემოტანა მეზობელი ქვეყნებიდან, ეს არის რუსეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, თურქეთი, სადაც ყოველწლიურად დაახლოებით 10%-ით მატულობს ელექტროენერგიაზე ფასი. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ თბოელექტროსადგურები, რომლებიც გამოიმუშავებენ ელექტროენერგიას, მათ ბუნებრივი აირი შემოაქვთ რუსეთიდან, აზერბაიჯანიდან, სადაც ანგარიშსწორება ხდება დოლარში, ხოლო ადგილობრივ მოსახლეობაზე წარმოებული ელექტროენერგიის გაყიდვა ხდება ლარში”, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, ამ ყველაფერმა ერთად გამოიწვია ის, რომ მოხდა ტარიფების კორექტირება. როგორც კალაძემ აღნიშნა, ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ გრძელვადიან პროცესში კომპანიებმა გამართულად იმუშაონ, რომ არ მოხდეს გათიშვები და მომხმარებელს ელექტროენერგია მიეწოდოს 24-საათიან უწყვეტ რეჟიმში, ინფრასტრუქტურა იყოს გამართული, ამის გამო იქნა ეს გადაწყვეტილება მიღებული. რაც შეეხება სუბსიდირებას, კალაძის განცხადებით, პრემიერმა დაავალა მთავრობას ამაზე მუშაობა.
“დღეს შევიკრიბებით და ხვალისთვის მოსახლეობას წარმოვუდგენთ გადაწყვეტილებას, რომელიც ამ საკითხთან დაკავშირებით, იქნება მთავრობის მიერ მიღებული”, – განაცხადა კახა კალაძემ.
“ენერგო-პრო ჯორჯიას” მომხმარებლისთვის ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფი დღგ-ს გარეშე, 3,348 თეთრით გაიზარდა. დღგ-ს ჩათვლით კი, მომხმარებელს დაახლოებით, 3,95 თეთრით გაძვირებული ტარიფის გადახდა მოუწევს. შესაბამისი გადაწყვეტილება საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ დღევანდელ სხდომაზე მიიღო.
“ენერგო-პრო ჯორჯია” ტარიფის ზრდას 4,8 თეთრით ითხოვდა, თუმცა კომისიამ ეს მოთხოვნა არ გაითვალისწინა.

banner
წინა სტატიაშისოზარ სუბარი დევნილებს გაფრთხილებას აძლევს
შემდეგი სტატიანოდარ ხადურის შეფასებით, სოსო ჯაჭვლიანის გამონათქვამებმა გარკვეული ვნებათაღელვა გამოიწვია