კარგი მინისტრი იცით რას იზამდა? რას ურჩევს ჟურნალისტი პაატა ზაქარეიშვილს

პაპუნა შუშანიას ბლოგი
“ნუ გავუთამამდებით რუსეთის აგრესიას და ნუ გვგონია, რომ ბანერის მოცილებით შეიძლება, ომი მოიგო”, – აღნიშნული განცხადება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ჟურნალისტების მიერ საოკუპაციო ხაზთან გამართული აქციის შეფასებისას გააკეთა და დასძინა, რომ “რუსეთი პროვოკაციული ნაბიჯით ცდილობს, ოლიმპიადის წინ საქართველოში ვითარება დაძაბოს და ამაში საზოგადოების მიამიტი წარმომადგენლები გამოიყენოს, რომლებიც “სწორედ რუსეთის წისქვილზე ასხამენ წყალს“.

“ბატონო მინისტრო! არ მოგბეზრდათ ზნეობასა და მორალზე, კაცთმოყვარებასა და პატრიოტიზმზე ორატორული განცხადებები? “ბრძნად მეტყველებაი ვერცხლი არს წმიდაი, ხოლო დუმილი – ოქროი რჩეული“, დადუმდით, ეს მდგომარეობა თქვენთვის უმჯობესი იქნება, რადგან პატრიოტი მინისტრისგან ზედმეტად უხერხულია მასმედიის წარმომადგენლებისთვის “მიამიტი საზოგადოების“ იარლიყის მიკერება.

მაინც როდემდე უნდა ვითმინოთ და ველოდოთ შედეგებს თქვენი მოლაპარაკებებისგან?! აბაშიძე-კარასინის საიდუმლოებებით მოცული ფორმატისგან?! არ დაიღალეთ ლოიალობით?! იქნებ ბრტყელ-ბრტყელი სიტყვების ნაცვლად უმჯობესია დავდგეთ ჩვენს საზღვრებთან და თუ გახელებული ”ერთმორწმუნე” ჯარისკაცი ტყვიას გვესვრის, მოწამეებად მაინც აღვესრულოთ!

არ გეუხერხულებათ ერთხელ მონიჭებულ სიცოცხლეს მუდმივ შიშსა და დაჩაგრულ მდგომარეობაში რომ ატარებთ? მე – კი.
კარგი მინისტრი იცით რას იზამდა? ყველა მინისტრს ხელს მოკიდებდა და იქ, ე.წ. საზღვართან რუსულ ოკუპაციას ჩვენთანამდე გააპროტესტებდა, თუმცა როგორც ჩანს, ეროვნულობის შეგრძნება და საკუთარი მიწის სიყვარული ან გაქვს ადამიანს, ან – არა. აი, თქვენს შემთხვევაში ჯერ კიდევ ვერ გავიგე რომელი რომელს სჭარბობს!

ისიც ვერ გავიგე, საქართველოს მოქალაქეებმა რუსი ჯარისკაცების მიერ გაკეთებული ბანერი, რომ წავაქციეთ ამით რა დავაშავეთ? რომელ წისქვილზე დავასხით წყალი? იმ წისქვილზე ხომ არა, რომლის ბრუნვასაც თქვენ თვალისჩინივით უფრთხილდებით და მისგან დაფქვილი შედეგები მხოლოდ გაშფოთებთ და მეტი არაფერი?!

გიფიქრიათ იმაზე, რომ თქვენი ეს განცხადებები და მსგავსი დამოკიდებულების მოსმენა თანამდებობის პირისგან, რომელიც სამოქალაქო თვითშეგნების მაგალითებს თავად უნდა იძლეოდეს, საზოგადოებისთვის მიუღებელია? ნუ მომედავებით, რომ საზოგადოების სახელით წერის უფლება არ მაქვს… მე(ც) იმ საზოგადოების ნაწილი ვარ რომელიც თქვენი აღშფოთებებით უკვე ზეაღშოთებულია.

„ბოლო სამი წლის განმავლობაში რუსეთს ბანერების და მავთულხლართების აქეთ-იქით გადატანის გარდა, არაფერი დარჩენია. ჩვენ 3 წლის განმავლობაში ერთი ადამიანი არ დაგვღუპვია; ერთი დევნილი არ გვყოლია; ერთი სოფელი და ქალაქი არ დაგვიკარგავს. რუსეთი ახორციელებს ყველაფერს იმას, რაც თავის დროზე “ნაციონალურმა მოძრაობამ” დაუტოვა “ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ” კანონით.“

გსმენიათ ოკუპირებული ახალგორიდან გაუჩინარებული 19 წლის დავით ბაშარულის შესახებ? ის 2014 წლის 4 ივნისს ახალგორის მილიციის თანამშრომლებმა განყოფილების შენობაში წაიყვანეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ. 6 თვის გაუჩინარების შემდეგ კი ახლობლებმა გარდაცვლილი იპოვეს.

თქვენი განცხადებიდან გამომდინარე შეიძლება ვთქვათ, რომ არ ყოფილხართ ინფორმირებული აღნიშნულის შესახებ. რაც თქვენთვის, როგორც შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში მინისტრისთვის მინიმუმ უხერხულია და მაქსიმუმ სირცხვილი.

რაც შეეხება “ვარდების ხელისუფლების” მიერ დატოვებულ კანონს, რომლის მიხედვითაც “საქართველომ წინასწარვე დაუთმო რუსეთს სამხრეთ ოსეთის ყოფილი ავტონომიური ოლქის მთელი ტერიტორია“. ამ კანონში ცვლილებების შეტანას გეგმავთ. შეგიძლიათ ახსნათ?! – ”ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ” კანონი ოკუპაციის კანონიერებას რატომ ნიშნავს ? !

“საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის” საბჭოს აღმასრულებელი დირექტორი თამარ რუხაძე: „ჟურნალისტებმა უნდა გაიაზრონ, სად გადის ზღვარი მათ ჟურნალისტობასა და სამოქალაქო აქტივიზმს შორის და შემდეგ იფიქრონ მსგავსი რაღაცეების მოწყობაზე“.

ზღვარი სამოქალაქო აქტივიზმსა და ჟურნალისტობას შორის გადის იქ, ჯერ აქტიური მოქალაქე რომ ხარ და მერე ჟურნალისტი.

P.S. აქციაზე 6 წლის ალექსიც იყო. მან ჩვენთან ერთად წააქცია რუსული წარწერებიანი ბანერი და წიხლებით შეადგა. ალბათ ისიც პროვოკატორი და მიამიტი საზოგადოების წარმომადგენელია”, – ბატონო მინისტრო, ამის შესახებ კი მე განვაცხადე, “პროვოკატორი მედიის” ერთ-ერთმა რიგითმა წარმომადგენელმა, მოქალაქემ, რომელიც იქ იდგა, ხურვალეთში და “მეოთხე ხელისუფლებამ”, – რომელსაც თქვენი გამოფხიზლება ვალდებულებათა ნუსხაში ერთ-ერთ პირველ “დავალებად” მიაჩნია.

banner
წინა სტატიაშიწულუკიანი ხელისუფლების მთავარ სისუსტეს ასახელებს
შემდეგი სტატია„დარწმუნებული ვარ, რუსეთს ამ და სხვა ქართული დროშების დაბრუნება აუცილებლად მოუწევს“