კაბელების საქმეზე მთავარი პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

კაბელების საქმეზე მთავარი პროკურატურა განცხადებას ავრცელებს. როგორც ცნობილია, გუშინ სააპელაციო სასმართლომ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება გააუქმა და პროკურატურის მიერ ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნა დასაშვებად ცნო.

“2015 წლის 15 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს ზემდგომმა და ამ შემთხვევაში საბოლოო ინსტანციამ – თბილისის სააპელაციო სასამართლომ გამოიტანა განჩინება, რითაც სრულად დააკმაყოფილა ბრალდების მხარის საჩივარი და დასაშვებად მიიჩნია, პროკურატურის მიერ წარდგენილი ყველა მტკიცებულება.
როგორც მოგეხსენებათ, ე.წ. „კაბელების საქმეზე“, 2015 წლის 8 ივნისს პროკურატურის მიერ გასაჩივრებულ იქნა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 5 ივნისის განჩინება, რომლითაც ბრალდების მხარის მტკიცებულებების მცირე ნაწილი ცნობილი იქნა დაუშვებლად.
2015 წლის 15 ივნისის განჩინებით, თბილისის სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ:
1) ბრალდების შესახებ დადგენილებები დასაშვები მტკიცებულებებია, რადგან მათი შედგენისა და საქმეზე პროცესუალურად დამაგრების დროს კანონის დარღვევებს ადგილი არ ჰქონია; შესაბამისად თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება – ეს საკვანძო მნიშვნელობის მქონე დოკუმენტები არ დაეშვა საქმის არსებით განხილვაზე, არის მიუღებელი, მიზანშეუწონელი, დაუსაბუთებელი, ბუნდოვანი, შუალედური და უკანონო. საქართველოს საერთო სასამართლოების მასშტაბით, მსგავსი გადაწყვეტილება არცერთ მოსამართლეს არ მიუღია წინასასამართლო სხდომაზე და ამ მხრივ 2015 წლის 5 ივნისის განჩინება უპრეცედენტოა.
2) სასაქონლო ექსპერტიზის დაუშვებლად ცნობასთან დაკავშირებით, თბილისის სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ „ არ ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს ცალმხრივ დასკვნებს“, თითქოსდა ექსპერტს არ ჰქონდა უფლება დამოუკიდებლად დამატებითი ინფორმაცია მოეპოვებინა, ვინაიდან იგი მოკლებულია საფუძველს და არ გამომდინარეობს როგორც ზოგადად ექსპერტის უფლება-მოვალეობების, ისე სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნებიდან. სააპელაციო სასამართლოს განჩინების თანახმად ექსპერტის მიერ კანონის მოთხოვნათა დარღვევას ადგილი არ ჰქონია, ვინაიდან მას სრული უფლება ჰქონდა თავისი ინიციატივით ჩაეტარებინა ბაზრის კვლევა, მოეპოვებინა დამატებითი მასალა, ინფორმაცია და მისი მხრიდან სრულად იქნა დაცული „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებიც.
ზემდგომი ინსტანციის სასამართლომ ასევე განმარტა, რომ ვინაიდან სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნა მოპოვებულია კანონის სრული დაცვით, „ავთენტიკურია, ნამდვილია და მასში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს“ მის საფუძველზე მიღებული საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნაც კანონშესაბამისია.
ზემოხსენებული მსჯელობების შესაბამისად, თბილისის სააპელაციო სასამართლომ მიიღო კანონიერი და დასაბუთებული გადაწყვეტილება, გააუქმა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 05 ივნისის განჩინება უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის გამო და პროკურატურის მიერ წარდგენილი ყველა მტკიცებულება, მათ შორის სასაქონლო და საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნა, სცნო დასაშვებ მტკიცებულებად.” – ნათქვამია პროკურატის განცხადებაში.

როგორც ცნობილია, სააპელაციო სასამართლოს გუშინდელი გადაწყვეტილების ობიექტურობაში ეჭვი ეპარებათ თავისუფალ დემოკრატებს. შალვა შავგულიძის, თქმით მეორე ინსტანციამ პროკურატურის პოზიცია გაიზიარა – რაც მათთვის გაუგებარია.

banner
წინა სტატიაშიჩუღურეთის რაიონში მეწყერი ჩამოწვა
შემდეგი სტატიაგმირთა მოედანზე ბუნებრივი აირის მილი დაზიანდა