იუსტიციის მინისტრმა 3 წლიანი მუშაობა შეაჯამა

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა სამინისტროს სამწლიანი მუშაობის ანგარიში მთავრობის წევრებსა და საზოგადოებას წარუდგინა.
როგორც იუსტიციის მინისტრმა აღნიშნა, სამინისტროსთვის გასული სამი წელი საკმაოდ შთამბეჭდავი იყო.
“ეს არის შრომის კოდექსი, საარბიტრაჟო სამართლის, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის არაერთი ახალი ორგანული თუ ჩვეულებრივი კანონის შემუშავება და კანონმდებლობის უპრეცედენტო მშენებლობა ამ ქვეყანაში, რაც ჩვენ პარლამენტთან ერთად შევძელით ბოლო სამი წლის განმავლობაში. დღეს საქართველოში ადამიანის უფლებები არის უფრო მეტად დაცული ამ რეფორმების წყალობით. დღეს საქართველოში მოსამართლე არის ამ რეფორმების წყალობით თავისუფალი და დღეს ამ რეფორმების წყალობით პროკურატურის ორგანოები დაადგა საბოლოოდ დეპოლიტიზაციის გზას. ადამიანის უფლებები რომ არის დაცული პირდაპირ აისახება იმაზე, რომ სტრასბურგის სასამართლოში მეხუთედი ოდენობა საქმეები შედის, ვიდრე წინა მთავრობის დროს შედიოდა”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
მისი თქმით, ბოლო სამი წლის განმავლობაში უპრეცედენტო ინფრასტრუქტურული მშენებლობები განახორციელა.
“იქნებოდა ეს საზოგადოებრივი ცენტრები ძალიან ბევრ ქართულ სოფელში, თუ მნიშვნელოვან ადგილებში, მათ შორის საოკუპაციო ხაზთან ზუგდიდში და ასევე ფოთში და თიანეთში იუსტიციის სახლების მშენებლობა და გახსნა. მე ასევე ვისაუბრე იმაზე, რომ საარჩევნო სია, რომელიც იუსტიციის სამინისტროს ძალისხმევით არის ამ წუთისთვის, ერთ-ერთი ყველაზე ზუსტია, ვიდრე ყოფილა საქართველოს დამოუკიდებლობის შემდეგ და ის მოიცავს იმ ფოტოსურათებს რამაც ერთხელ და სამუდამოდ დაასრულა ამ ქვეყანაში “კარუსელების სისტემა”, – განაცხადა წულუკიანმა.
იუსტიციის მინისტმა სამინისტროს სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ უნდა გაუმჯობესდეს ნოტარიუსების მომსახურება.
“მომავლის გამოწვევა არის ის, რომ ნოტარიუსის მომსახურება უნდა ავიდეს მაღალ ხარისხში და მათ მიბაძონ მომსახურებაში იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებს. ქონებების რეგისტრაცია არამხოლოდ სწრაფად, არამედ ხარისხიანად უნდა ხდებოდეს. არც ტემპი დავაგდოთ და ასევე ხარისხს მოვუმატოთ ჩვენ ძალიან ბევრი ახალი კანონპროექტი გვაქვს შექმნილი და მათ კანონებად ვაქცევთ გაისად, გაგრძელდება ინფრასტრუქტურული მშენებლობები”, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

banner
წინა სტატიაშიმოსამართლე ურთმელიძე განაჩენს დღეს არ გამოაცხადებს
შემდეგი სტატია“კარგად იცით, რომ ყოფილ რეჟიმს მკვლელ რეჟიმს ვუწოდებთ”