ირმა ნადირაშვილი: ამ სხდომაზე პირდაპირ მოვუწოდებთ მთავრობას გადადგომისკენ

მთავრობას არ გააჩნია არანაირი კონკრეტული გეგმა ქვეყნის ეკონომიკური კოლაფსიდან გამოსაყვანად- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ირმა ნადირაშვილმა განაცხადა.

„ნათელია, რომ მათ მოატყუეს უკვე პრეზიდენტიც და მთელი საზოგადოება, როდესაც დაპირებულ დღეს, 5 მარტს კრიზისიდან გამოსვლის არანაირი ეკონომიკური გეგმა არ წარუდგინეს. აქედან გამომდინარე, ჩვენ საჭიროდ ვთვლით, მივმართოთ პრეზიდენტს სპეციალური განცხადებით, რომელსაც ხელს პარლამენტის წევრების შესაბამისი რაოდენობა მოაწერს და კიდევ ერთხელ მოვთხოვოთ პარლამენტის რიგგარეშე სხდომის დანიშვნა. ჩვენ ვთვლით, რომ მთავრობა აუცილებლად უნდა მოვიდეს რიგგარეშე სხდომაზე, სადაც ავუხსნით რატომ უნდა დატოვონ თანამდებობები და რატომ უნდა გადადგნენ, როგორ შეიყვანეს ქვეყანა ეკონომიკურ კრიზისში, ასევე ავუხსნით ჩვენს 36 პუნქტიანი გეგმის იმ გაწერილ საფეხურებს, რომელსაც შეუძლია ეკონომიკური უკუსვლა შეწყვიტოს. სწორედ ამ სხდომაზე ჩვენ პირდაპირ მოვუწოდებთ მთავრობას გადადგომისკენ“,- განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.

მისივე განმარტებით, მიმდინარეობს ხელმოწერების შეგროვება და ისინი ორშაბათს, სპეციალურ განცხადებას პრეზიდენტის კანცელარიაში შეიტანენ და მოითხოვენ, რომ პრეზიდენტმა განმეორებით მოიწვიოს რიგგარეშე სხდომა, სადაც მთავრობა სრული შემადგენლობით იქნება წარმოდგენილი.

„ჩვენ მოვუწოდებთ უმრავლესობას და მთავრობას, რომ არ დაიწყონ მათთვის ჩვეული მაქინაციები, ისინი არ უნდა დაემალონ ხალხის პრობლემებს და ამ პრობლემებზე საუბარი უნდა იყოს ღია, წინააღმდეგ შემთხვევაში ქართველი ხალხი თვითონ მიაგნებს მათ და გაუყენებს პოლიტიკური მოუსავლეთის გზას“,- განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიდღეს ჟიული შარტავას 71 წელი შეუსრულდებოდა
შემდეგი სტატიაგურიაში 23 წლის ახალგაზრდა ეზოში მგელმა დაკბინა