ირმა ინაშვილი: ვინაიდან არასდროს და არავისთვის შემიყრია თვალში ნაცარი, ვაცხადებ ნათლად…

აგულაშვილი არის პროვოკატორი

„საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ გენერალური მდივანი, არასაპარლამენტო ოპოზიციის მიერ არჩევნების ბოიკოტირებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. ირმა ინაშვილის განცხადებას ,,თაიმერი” უცვლელად გთავაზობთ:

,,გავეცანი 11 პოლიტიკური პარტიის მიერ გავრცელებულ მოწოდებას, შუალედური საპარლამენტო არჩევნების ბოიკოტის შესახებ. ვინაიდან არასდროს და არავისთვის შემიყრია თვალში ნაცარი, ვაცხადებ ნათლად და გასაგებად:

მე და ჩვენი პოლიტიკური გუნდი „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ ყოველთვის საჯაროდ ვსაუბრობდით და ვსაუბრობთ იმაზე, რომ აუცილებელია საარჩევნო გარემოს სრული რეფორმირება. დაწყებული საარჩევნო სისტემით გაგრძელებული კომისიების დაკომპლექტებით, ამომრჩეველთა რეალური სიის ფორმირებით და დასრულებული არჩევნებში სავალდებულო მონაწილეობით!

ჩვენ საარჩევნო სისტემის რეფორმირების აუცილებლობაზე ვსაუბრობდით მაშინაც, როცა მაგალითისთვის, ბატონი კაციტაძე გულმოდგინედ აყალბებდა ამომრჩეველთა სიას და აყალბებდა არც მეტი, არც ნაკლები- სააკაშვილის რეჟიმის სასარგებლოდ! მიკვირს, რომ ბატონი კაციტაძე და არჩევნების სხვა გამყალბებლები დღეს არ ბრძანდებიან ციხეში. თუმცა კაციტაძე კი არა, სისხლის სამართლის უამრავი დამნაშავე არაა დასჯილი, ამიტომ ვცხოვრობთ პარადოქსების ქვეყანაში, სადაც შუალედური არჩევნების ბოიკოტირებისკენ მე, ირმა ინაშვილს სააკაშვილის რეჟიმის პარტნიორები: კაციტაძე, ხარატიშვილი, დავითაია და სხვები მომიწოდებენ. ამ 11 პარტიაში ნახევარზე მეტი მიხეილ სააკაშვილის ღია, თუ ფარული პარტნიორები არიან.

აი, სწორედ იმიტომ წამოვედი ჟურნალისტიკიდან პოლიტიკაში, რომ ეს უზნეობა, ეს პოლიტიკური პროსტიტუცია დავასრულოთ! ბოიკოტირების მომხრე ზოგიერთი სხვა პარტიისგან, არ დაგიმალავთ, შუალედურ არჩევნებში მხარდაჭერას ველოდი, მაგრამ ისინი პოლიტიკურმა შურმა შეიპყრო.
იმის მიუხედავად, რომ ჩვენი პოლიტიკური გუნდი საარჩევნო სისტემის რეფორმირების ერთი-ერთი ინიციატორია, მიგვაჩნია, რომ მე, ირმა ინაშვილს (ამ საარჩევნო სისტემის პირობებში კი) საგარეჯოში გამარჯვების რეალური შანსი მაქვს და ეს შანსი ოპოზიციამ არ უნდა დაკარგოს!

11-ივე პოლიტიკურმა პარტიამ კარგად იცის, რომ დღეს საგარეჯოში არც ერთ მათგანს არ ჰყავს ირმა ინაშვილზე ძლიერი კანდიდატი. დარწმუნებული ვარ იმაშიც, რომ ბოიკოტის მომხრე პარტიების ნაწილი საინიციატივო ჯგუფებით, ფარულად დააყენებს კანდიდატებს, რომ წინააღმდეგობა გამიწიონ არჩევნებში, მაგრამ ხალხი ყველაფერს ნათლად დაინახავს.

ამიტომ მე კოლეგებისადმი სრულიად საპირისპირო მოწოდება მაქვს: გაერთიანდით და დამიჭირეთ მხარი შუალედურ საპარლამენტო არჩევნებში (საგარეჯოს ოლქში). ამით გამოჩნდება, როგორც თქვენი ზნეობრივი სიმაღლე, ისე პოლიტიკური კულტურა და სახელმწიფოებრივი აზროვნება. აჩვენეთ საზოგადოებას, რომ მზად ხართ დამახმაროთ, როგორც თქვენი წარმომადგენლები საარჩევნო კომისიებში, ისე თქვენი პარტიების ადამიანური რესურსი!”–აცხადებს ინაშვილი

banner
წინა სტატიაში,,თავისუფალი დემოკრატები“ არასაპარლამენტო ოპოზიციის ბოკოტს უერთდებიან
შემდეგი სტატიაკახა მიქაია:”მე არც მამონტი ვარ და არც გერონტი”