გუშინ– უკვე იყო და ხვალ– შეიძლება აღარც იყოს!

გუშინ – უკვე იყო, და ხვალ – შეიძლება აღარც იყოს!

“აწმყო თუ არა გვწყალობს, მომავალი ჩვენია…”
ადრე ამ სიტყვებს, თან ღიღინით, ისე ვამბობდით, არც ვაკვირდებოდით შინაარსს–წერს ირინა სარიშვილი “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე.

გუშინ – უკვე იყო, და ხვალ – შეიძლება აღარც იყოს!
აბა დავფიქრდეთ, დღეს სხვადასხვა პერიფრაზით, მაგრამ ზუსტად ამ შინაარსით, ვინ ლაპარაკობს, უფრო სწორად, ვინ იმშვიდებს თავს? წარუმატებელი ადამიანი, ე.წ. “ნეუდაჩნიკი”.
მომავალზე ფიქრი როცა წინ გახედვას, უკეთესობისკენ სწრაფვას ან, უბრალოდ, სიცოცხლის სიყვარულს ნიშნავს, მაშინ ამაში ცუდი არაფერია, პირიქით…
მაგრამ როცა საკუთარი აწმყოთი უკმაყოფილო ადამიანის ძირითადი “საქმიანობა” მომავლის იმედად ყოფნაა, აი მაშინაა ცუდად საქმე.
ასეთი ადამიანი, როგორც წესი, ყველა თავის უბედურებაში სხვებს ადანაშაულებს, ხშირად ღმერთსაც მიწვდება, წინაპრების უცნობი ცოდვებითაც “იმშვიდებს” თავს – მოკლედ, მისი მთავარი ამოცანაა, დამნაშავე იპოვოს, ოღონდ საკუთარი თავი არა, და ამ დამნაშავის აღმოჩენის შემდეგ დარჩენილი ცხოვრება მის ლანძღვა–გინებასა და მომავლის იმედად ყოფნაში გაატაროს, იმ მომავლის, რომლის შექმნაშიც თავად არანაირი მონაწილეობის მიღებას არ აპირებს – რამე რომ არ გამოვიდეს, მერე ხომ სხვას უნდა დააბრალოს და არა საკუთარ თავს!
ჰოდა ზის ეს ჩვენი “ნეუდაჩნიკი”, მისტირის წარსულს,მოთქვამს აწმყოზე, და ელის სხვისი ხელით შექმნილ მომავალს…
აი ესა ვართ ჩვენ – ბრძენი ქართველი ერი –
აწმყო თუ არა გვწყალობს, მომავალი ჩვენია…
უნდა გამოვიდეთ ამ მდგომარეობიდან და დღევანდელი დღით, აწმყოთი ცხოვრება დავიწყოთ, მომავალი საკუთარი ხელით ვაშენოთ და წარსულს პატივი ვცეთ და არა იქ ჩავრჩეთ…
დავაკვირდეთ ჩვენს შვილებს – ისინი სხვანაირები არიან – დღევანდელი დღით ცხოვრობენ! მათთვის გაუგებარია ჩვენი ზღაპრები მომავალზე და მოთქმა გმირულ წარსულზე. და არა იმიტომ, რომ წარსული და მომავალი საერთოდ არ არსებობს! მათი ირონია იმითაა გამოწვეული, რომ უფროსი თაობა მეტი არაფრითაა დაკავებული და ცარიელი ლაპარაკით იკვებება.
ისე ნუ ვიზამთ, რომ ჩვენს შვილებს ამ ქვეყნის წარსული შევაძულოთ და მომავალში ვერც ჩვენ და ვერც ეს ქვეყანა ვეღარ დაგვინახონ…
შევჩერდეთ სანამ დროა და გამოვიდეთ ჩვენი მუდმივი მდგომარეობიდან: “აწმყო თუ არა გწყალობს, მომავალი ჩვენია”.
აწმყოში დავიწყოთ ცხოვრება, აწმყოში გავინძრეთ და მხოლოდ მაშინ გვექნება უკეთესი მომავალი!
გვახსოვდეს წარსული, ვიფიქროთ მომავალზე, მაგრამ ვიცხოვროთ აწმყოში – იქ, რაც ამ წუთას რეალურად არსებობს:
გუშინ – უკვე იყო, და ხვალ – შეიძლება აღარც იყოს!-წერს ირინა სარიშვილი “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე.

banner
წინა სტატიაშისოსო პავლიაშვილი: ყირიმის დაბრუნება სწორია… ამერიკა მეტასტაზაა… (VIDEO)
შემდეგი სტატიაგამაფრთხილებელი გასროლა… ივანიშვილის მიმართულებით???