ირაკლი ღარიბაშვილმა სამართალდამცავ ორგანოებს მოუწოდა, ყურძნის ჩაბარების ადგილებზე სიტუაცია მაქსიმალურად გააკონტროლონ და პროვოკატორები მოაშორონ

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, აბაშიძე-კარასინის ფორმატის შეცვლა არ იგეგმება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი “ნაციონალურ მოძრაობას” გლეხების გამოყენებით პროვოკაციულ ქმედებებში ადანაშაულებს. პრემიერმა შესაბამისი განცხადება მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გააკეთა და სამართალდამცავ ორგანოებს მოუწოდა, ყურძნის ჩაბარების ადგილებზე სიტუაცია მაქსიმალურად გააკონტროლონ და “პროვოკატორები მოაშორონ”.
ამასთან, მთავრობის მეთაურმა პროვოკატორებზე საუბრისას განსაკუთრებით გამოყო კახეთის ყოფილი გუბერნატორი გიორგი ღვინიაშვილი.
“მინდა მივმართო პოლიტიკოსებს, რომლებსაც აქვთ პრეტენზია, რომ არიან პოლიტიკოსები – მათი ასეთი პროვოკაციული ქმედება მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ არის მიმართული. მე ვიცი, რომ ერთ-ერთი დეპუტატი, გვარად ღვინიაშვილი, რომელიც წლების განმავლობაში იყო კახეთის გუბერნატორი და, რომელიც პირდაპირ მიუთითებდა ღვინის კომპანიებს, რომ არ ჩაებარებინათ ყურძენი მაღალ ფასად, რა სუბსიდირებაზე იყო ლაპარაკი, იმის გამო, რომ ერთგულება დაუმტკიცოს გუბერნატორს, თუმცა არა კახეთის, არამედ – ოდესის, ჩადის რეგიონში და აქტიურობს. მინდა მივმართო სამართალდამცავ ორგანოებს, ბატონ მღებრიშვილს – გთხოვთ მაქსიმალრუად გააკონტროლოთ ადგილზე სიტუაცია, რომ მოსახლეობას არ შეექმნას ჩაბარებაში რაიმე პრობლემა. ეს პროვოკატორები მოვაშოროთ ადგილებიდან. თუ ვინმე პროვოკატორი შეეცდება სიტუაციის დაძაბვას, თქვენ იმოქმედებთ, რა თქმა უნდა, კანონის ფარგლებში. ყოვლად დაუშვებელია, რომ ისეთი დისკრედიტირებული ორგანიზაცია, როგორიცაა “ნაციოანლური მოძრაობა” ჩადის და 20-30 კაცის მეშვეობით, რაღაც ინტრიგანული მეთოდებით, პროვოკაციული მეთოდებით აპირებს რთველის, ძალიან პოზიტიური სურათის გაფუჭებას და მოსახლეობის დაძაბვას”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, გლეხებს არსებული სიტუაციის შესახებ სწორი ინფორმაცია არ აქვთ, რის გამოც “ნაციონალური მოძრაობის” წევრების სჯერათ. აღნიშნულ კონტექსტში მთავრობის მეთაურმა სოფლის მეურნეობის მინისტრს მოსახლეობისთვის დამატებითი ინფორმაციის მიწოდება დაავალა.
“მე მესმის იმ გლეხების, იმ პატიოსანი ადამიანების, რომელბსაც არ აქვთ ინფორმაცია და ხდება მათი შეცდომაში შეყვანა. მათზე ახდენენ გავლენას გარკვეული ჯგუფები, ამიტომ საჭიროა მეტი ინფორმაციის მიწოდება მოსახლეობისთვის”,- აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიცაიშის საბაზისო სკოლაში სასწავლო პროცესი ჩაიშალა
შემდეგი სტატიამთავარმა პროკურატურამ შსს-ს ყოფილი ოთხი თანამდებობის პირი დანაშაულში ამხილა