ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე მთავრობის ახალი შემადგენლობა დაასახელა

„პრობლემის დიპლომატიური გზით გადაჭრას არ აქვს ალტერნატივა“-ღარიბაშვილი უკრაინის კონფლიქტზე

ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე მთავრობის ახალი შემადგენლობა დაასახელა. მინისტრთა კაბინეტში სამი ახალი მინისტრი იქნება. კერძოდ, თავდაცვის მინისტრი – თინა ხიდაშელი, გარემოს დაცვის მინისტრი – გიგლა აგულაშვილი, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი – ტარიელ ხეჩიკაშვილი.
რაც შეეხება კაბინეტის დანარჩენ წევრებს, მათი შემადგენლობა უცვლელია: ეკონომიკის სამინისტრო – გიორგი კვირიკაშვილი, ენერგეტიკის სამინისტრო – კახა კალაძე, ჯანდაცვის სამინისტრო – დავით სერგეენკო, დევნილთა სამინისტრო – სოზარ სუბარი, განათლება – თამარ სანიკიძე, სოფლის მეურნეობა – ოთარ დანელია, რეგიონული განვითარება და ინფრასტრუქტურა – ნოდარ ჯავახიშვილი, ფინანსთა სამინისტრო – ნოდარ ხადური, კულტურის სამინისტრო – მიხეილ გიორგაძე, საგარეო საქმეთა სამინისტრო – თამარ ბერუჩაშვილი, იუსტიციის სამინისტრო – თეა წულუკიანი, შინაგან საქმეთა სამინისტრო – ვახტანგ გომელაური, სასჯელაღსრულების სამინისტრო – გიორგი მღებრიშვილი.
ასევე ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პოსტზე გააგრძელებს მუშაობას დავით ბაქრაძე, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობაზე – პაატა ზაქარეიშვილი, დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პოსტზე კი ისევ გელა დუმბაძეა წარდგენილი.
კანონმდებლობის შესაბამისად, მთავრობის ახალი შემადგენლობა პრეზიდენტს გადაეგზავნება, შემდეგ – პარლამენტს.
საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, მთავრობას თავდაპირველი შემადგენლობის ერთი მესამედით შეცვლის შემთვევაში ხელახალი ნდობის მიღება სჭირდება.

რაც შეეხება თავდაცვის ყოფილ მინისტრს, პრემიერის განცხადებით, მინდია ჯანელიძე სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოში ბრუნდება.

„მოგეხსენებათ, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო გახლავთ პრემიერ-მინისტრის სათათბირო ორგანო, რომელიც მუშაობს ქვეყნის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ უმნიშვნელოვანეს საკითხებზე და ის უნდა ჩაიბაროს ადამიანმა, რომელიც კარგად იცნობს ამ სფეროს,“–განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მთავრობის მეთაურის განმარტებით, განხორციელებული ცვლილებები მიმართულია მთავრობის ეფექტურობის გაზრდისკენ. მანვე თხოვნით მიმართა საქართველოს პრეზიდენტს, დღესვე წარუდგინოს პარლამენტს მთავრობის განახლებული შემადგენლობა.

„ჩვენ მზად ვართ, დღესვე ვუპასუხოთ პარლამენტარების შეკითხვებს და საკანონმდებლო ორგანოში წარვადგინოთ სამთავრობო პროგრამა,“–დასძინა პრემიერმა.

banner
წინა სტატიაშითედო ჯაფარიძე: დარწმუნებული ვარ, რომ თინა ხიდაშელი თავს გაართმევს ამ ახალ საქმეს
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი პრეზიდენტსა და პარლამენტს მიმართავს, მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების პროცედურები დაჩქარდეს