ირაკლი ღარიბაშვილმა ბიზნესმენებს რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში განხორციელებული პროექტები გააცნო

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, აბაშიძე-კარასინის ფორმატის შეცვლა არ იგეგმება

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბიზნესმენებს რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში განხორციელებული პროექტები გააცნო.
აღნიშნულის შესახებ მთავრობის მეთაურმა ამბროლაურის რაიონში, კულტურის სახლში გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა, რომელზეც ადგილობრივ ბიზნესმენებს ახალი პროექტი “ძლიერი რეგიონი – ძლიერი საქართველოსთვის” გააცნო.
“მოგეხსენებათ, რომ სოფლის მეურნეობა არის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი ჩვენი მთავრობისთვის. ჩვენ მაქსიმალურად ხელს ვუწყობთ ფერმერებს და გლეხებს. მარტო რაჭა – ლეჩხუმში შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში გაცემულია 5 მილიონზე მეტი ოდენობის 22 სესხი; გადაიარაღებულია 5 საწარმო, რომლებსაც მიეცათ 2 მილიონ ლარზე მეტი დაფინანსება.
საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში მიმდინარე წელს 23 ათას 328 ბენეფიციარისთვის გამოყოფილია 1 მილიონზე მეტი ღირებულების სარგებელი.
გასულ წელს 24 ათასამდე ბენეფიციარმა მიიღო1 მილიონზე მეტი სარგებელი სასოფლო-სამეურნეო საქონლის და 84 ათასზე მეტი ლარის სარგებელი მიწის სამუშაოების სახით. 2013 წელს 20 ათას 938-მა ბენეფიციარმა მიიღო 3 მილიონზე მეტი სარგებელი სასოფლო-სამეურნეო საქონლის, ხოლო 45 ათასზე მეტი სარგებელი- მიწის სამუშაოების სახით.
რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსი მინიჭებული აქვს 65 კოოპერატივს. მათი საქმიანობის ძირითადი მიმართულებები არის მევენახეობა და მეფუტკრეობა. 10 კოოპერატივს ჩვენ დავეხმარეთ 21 მცირე გაბარიტიანი აგროტექნიკის კომპლექტითა და 18 ხელის სათესით”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერმა იმ შედეგებზეც ილაპარაკა, რომელიც რეგიონში მეღვინეობა-მევენახეობის კუთხით არსებობს და განმარტა, რომ 2014 წელს რაჭაში გადამუშავდა ათას შვიდასი ტონა ყურძენი და ადგილობრივი მოსახლეობის შემოსავალმა 13 მილიონი ლარი შეადგინა.
“შედარებისთვის გეტყვით, რომ 2013 წელს გადამუშავდა ათას ტონამდე ყურძენი, მოსახლეობის შემოსავალმა კი 8 მილიონი ლარი შეადგინა. იმედი მაქვს, რომ წელს კიდევ უკეთესი შედეგები გვექნება.
იმისთვის, რომ პირველ რიგში, დაცული იყოს მოსახლეობის ინტერესი, წელსაც, ისევე როგორც 2014-ში, რაჭაში რთველის დაწყებამდე გაცილებით ადრე დაიწყება მარშრუტების გაკონტროლება და გაძლიერდება კონტროლი ყურძნის შეტანაზე. ყველაფერი ეს გარანტიას მოგვცემს, რომ დაცული იქნება “ხვანჭკარის” სანედლეულო ბაზის ჯიშური სისუფთავე. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ “ხვანჭკარა”, რომელიც, თამამად შეიძლება ითქვას, ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი სავიზიტო ბარათია, სულ უფრო მეტი ნდობით სარგებლობდეს და არ იყოს მისი ფალსიფიცირების არც ერთი შემთხვევა.
მინდა თქვენი ყურადღება გავამახვილო იმაზეც, რომ ჩვენ, 2014 წელს, მევენახეობა-მეღვინეობის დარგის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი პროგრამის – ვენახების კადასტრის განხორციელება სწორედ რაჭა-ლეჩხუმიდან დავიწყეთ. ანალოგიური პროგრამა საქართველოში ჯერ არ განხორციელებულა.
კადასტრის პროგრამის დასრულების შედეგად მევენახეებს მარტივად შეეძლებათ კომუნიკაცია კერძო კომპანიებთან, გამარტივდება ყურძნის ჩაბარების პროცესი, გაჩნდება ზუსტი სტატისტიკა, გამოჩნდება ვენახების მდგომარეობის დინამიკა.
მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ვგეგმავთ საკადასტრო სამუშაოების გაფართოებას და იგი მრავალწლოვან კულტურებსაც შეეხება. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები გაერთიანებული კადასტრის წარმოების დასაწყებად”, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

banner
წინა სტატიაში„ორნახევარი თვის წინ განვაცხადეთ, რომ ჩვენი საპროგნოზო მონაცემები შესამცირებელი იქნებოდა“
შემდეგი სტატიალენტეხში ახალი კლინიკა აშენდება