ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენ განსაკუთრებული ვალდებულება გვაქვს შიდა ქართლის მიმართ

პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ხელისუფლება შეძლებისდაგვარად ყველაფერს აკეთებს, რათა მოკლე დროში შიდა ქართლი მაქსიმალურად ფეხზე დადგეს.

შიდა ქართლში რეგიონების განვითარების ახალი პროგრამის პრეზენტაციისას პრემიერმა აღნიშნა, რომ რეგიონს სახელმწიფოს მხარდაჭერა განსაკუთრებით სჭირდება, რადგან შიდა ქართლის მოსახლეობამ ომი გამოიარა და იარები ჯერ კიდევ მოუშუშებელია.

“ჩვენ განსაკუთრებული ვალდებულება გვაქვს შიდა ქართლის მიმართ. ამ რეგიონს სახელმწიფოს მხრიდან განსაკუთრებული მხარდაჭერა სჭირდება, ვინაიდან ომის კვალი ადვილად არ ქრება. ის უბედურება და საშინელი ტრაგედია, რომელიც ამ რეგიონის მოსახლეობამ გადაიტანა მართლაც ძალიან მძიმეა. ეს იარები მოუშუშებელია და პრობლემები ადვილად გადასალახი არაა. ჩვენ შეძლებისდაგვარად ყველაფერს ვაკეთებთ, რათა მოკლე დროში შიდა ქართლი მაქსიმალურად ფეხზე დადგეს. ჩვენ რა თქმა უნდა ვიცით ის პრობლემები, რომელიც ამ რეგიონშია. ზოგადად რეგიონებს აქამდე სათანადო ყურადღება არ ექცეოდა. სწორედ ამ მიზნით ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ ფოკუსირებულად ვიმუშაოთ რეგიონების განვითარებაზე და დავეხმაროთ მოსახლეობას”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა პროექტ “ძლიერი რეგიონი – ძლიერი საქართველოსთვის” პროექტზე საუბრისას აღნიშნა, რომ მსგავსი შეხვედრები პრობლემებზე ღია საუბრისა და საკითხების დროულად გადაჭრის ძალიან კარგი საშუალებაა.

“ამ მიზნით ჩამოვედი მე მთავრობის წევრებთან ერთად, რათა საკითხების გადაწყვეტა ოპერატრიულად მოხდეს. მე ვფიქრობ ეს ძალიან კარგი საშუალებაა, რომ გვქონდეს საუბარი ბიზნესთან, გავიგოთ თუ რა გაწუხებთ თქვენ. ეს ასევე ძალიან კარგი საშუალებაა წარმოგიდგინოთ ჩვენი ხედვა, თუ როგორ გვესახება რეგიონების განვითარება. ამ პროექტის მიზანია, რომ რეგიონები რეალურად გამოცოცხლდეს, შევუწყოთ ხელი ადგილობრივ წარმოებას, კერძო სექტორთან ერთად, ერთობლივად მეტი სამუშაო ადგილები შევქმნათ და რაც მთავარია ჩვენს მოსახლეობას წელში გამართვაში დავეხმაროთ”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

banner
წინა სტატიაშითბილისის მერს საკრებულოსთან “პარტიზანი მებაღეები” აქციით ხვდებიან
შემდეგი სტატიამინდია ჯანელიძის განმარტებით ავღანეთის მისიაში საქართველოდან 900-მდე სამხედრო მონაწილეობს