ირაკლი ღარიბაშვილი – 2016 წლის შემოდგომაზე მაჟორიტარული არჩევნებისთვის 50%-იანი ბარიერი დაწესდება

2016 წლის შემოდგომაზე საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება დღეს მოქმედი შერეული სისტემით. თუმცა, მაჟორიტარული ოლქების ამომრჩეველთა რაოდენობას შორის დღეს არსებული დისბალანსი შემცირდება და დაწესდება 50%-იანი ბარიერი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდგომი არჩევნები კი პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარდება.
მოქმედი კანონმდებლობით მაჟორიტარულ არჩევნებზე 30 პროცენტიანი ბარიერია დაწესებული.
“საარჩევნო სისტემის რეფორმისთვის საკონსტიტუციო და საკანონმდებლო გადაწყვეტილებების მიღება იგეგმება მიმდინარე წლის ბოლომდე. ჩვენ ვგეგმავთ, რომ 2016 წლის შემოდგომაზე საპალამენტო არჩევნებს ჩავატარებთ დღეს მოქმედი შერეული სისტემით, რომელშიც საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, მნიშვნელოვნად იქნება შემცირებული მაჟორიტარული ოლქების ამომრჩეველთა რაოდენობას შორის დღეს არსებული დისბალანსი და ასევე დაწესდება 50%-იანი ბარიერი. ჩვენი გეგმა ითვალისწინებს 2016 წლის შემდგომი საპარლამენტო არჩევნებისთვის პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. მისივე თქმით, ეს არის უმრავლესობაში შეჯერებული პოზიცია.
უმრავლესობის დღევანდელ სხდომას ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გახარია – “ეროვნული ბანკის შესახებ” კანონში დაგეგმილი ცვლილებების განხილვის პროცესში სავალუტო ფონდიც იქნება ჩართული
შემდეგი სტატიააფხაზები ეკლესიის ავტოკეფალიას ითხოვენ, მაგრამ ვერ თანხმდებიან