ირაკლი ღარიბაშვილი ჩინელ კოლეგას შეხვდა

ჩვენ მოწოდებული ვართ შევინარჩუნოთ რუსეთთან პრაგმატული და კონსტრუქციული მიდგომა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ჩინელ კოლეგას შეხვდა. როგორც საქართველოს მთავრობის მეთაურმა შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები სრულიად ახალ ეტაპზე გადადის.
“ეს იყო პირველი ოფიციალური შეხვედრა ჩინეთის პრემიერთან. ბოლო 2-3 წლის განმავლობაში ჩვენ განსაკუთრებით გავააქტიურეთ ჩინეთთან ურთიერთობები – ვიცე-პრემიერები, ასევე საპარლამენტო და სამთავრობო დელეგაციები იმყოფებოდნენ ჩინეთში ვიზიტით. ასევე განხორციელდა ჩინური დელეგაციების ვიზიტები საქართველოში. ეს არის დადატურება იმის, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები სრულიად ახალ ეტაპზე გადადის”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მისივე განმარტებით, ჩინელ კოლეგასთან სტრატეგიული პროექტები განიხილა, მათ შორის ისაუბრეს “ახალი აბრეშუმის გზის” შესახებ.
“მქონდა ნაყოფიერი და საინტერესო შეხვედრა ჩინეთის პრემიერთან. ჩვენ განვიხილეთ სტრატეგიული პროექტები, რომლებიც საინტერესო იქნება ორივე მხარისთვის. ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს ჩინეთის პრეზიდენტის ინიციატივას “ახალი აბრეშუმის გზის” შესახებ, ეს არის კონცეფცია –”ერთი სარტყელი–ერთი გზა”. ეს არის ისტორიული აბრეშუმის გზის აღდგენის პროექტი. ისტორიულად საქართველო აბრეშუმის გზის შემადგენელი ნაწილი იყო და სწორედ დღეს ჩვენ გააზრებულად ვაცხადებთ, რომ გვსურს ამ პროეტის მონაწილეები გავხდეთ. მიგვაჩნია, რომ “ახალი აბრეშუმის გზა” შექმნის ახალ შესაძლებლობებს ჩვენი ქვეყნისთვის, ეს მოიტანს ახალ ინვესტიციებს, ეკონომიკურ განვითარებას, ვაჭრობის გააქტიურებას.
კიდევ ერთი საკითხი, რაც განვიხილეთ, შეეხება აზიის ინფრასტრუქტურის განვითარების ინვესტიციის ბანკის მიერ რამდენიმე პროექტის დაფინანსებას. როგორც ცნობილია, ჩვენი ქვეყანა ამ ბანკის თანადამფუძნებელია. პირველ ეტაპზე, 100 მილიარდია ბანკის კაპიტალი, მაგრამ საბოლოოდ 500 მილიარდიან ინვესტიციებზეა საუბარი. მექნება ბანკის პრეზიდენტთან შეხვედრა პეკინში და ვფიქრობ, რომ რამდენიმე მსხვილი პროექტის დაფინანსებას შევძლებთ. ამის მზაობა და სურვილი ჩინური მხრიდან უკვე არსებობს”, – აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

banner
წინა სტატიაშისაჯარო რეესტრმა სტიქიის ზონის ორთოფოტო გადაღება დაასრულა
შემდეგი სტატიადავით უსუფაშვილი – აფხაზური ენის მოვლა-პატრონობა მნიშვნელოვანია და ამ მიმართულებითაც ბევრი რამ გაკეთდება