ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენ ვნახეთ, სააკაშვილის ბიბლიოთეკის გამგე, ვინმე ბარნოვის ქმედება, რომელიც შეურაცხყოფას აყენებს პოლიციელს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის გამგეობის თავმჯდომარის ანდრო ბარნოვის პოლიციელებთან დაპირისპირების ფაქტს “პროვოკაციას” უწოდებს.
აღნიშნულ კონტექსტში ღარიბაშვილი ჟურნალისტებს მოუწოდებს, “დაიცვან საკუთარი მუნდირი”.
“ეს იყო გარკვეული პროვოკაცია, რასაც გარკვეულმა ჯგუფებმა ასევე პროვოკაციით უპასუხეს. ეს არის საფრთხილო საქმე და სახელმწიფო არ დაუშვებს მსგავს პროვოკაციებს, მომდინარეს არც ქვეყნის შიგნიდან და არც ქვეყნის გარედან. ეს არის პრინციპული საკითხი. ჩვენ ვნახეთ სააკაშვილის ბიბლიოთეკის გამგე, ვინმე ბარნოვის ქმედება, რომელიც შეურაცხყოფას აყენებს ხელისუფლების წარმომადგენელს, პოლიციელს. მე მივმართავ პოლიციელებს ასეთი ტიპის პროვოკაციები დაუყონებლივ აღკვეთონ. პოლიციელმა უნდა დაიცვას თავისი მუნდირი და ღირსება. ეს პოლიციელი, ბარნოვისგან და მისი ბელადი სააკაშვილისგან განსხვავებით, იბრძოდა აგვისტოს ომში,”- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
რაც შეეხება უშუალოდ ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის ქმედებებს, მთავრობის მეთაურის განმარტებით, საქართველოს საზღვრები არის საერთაშორისო ნორმებით დადგენილი და იგი არ გადაიხედება.
“არსებობს საერთაშორისო ნორმებით დადგენილი და მსოფლიოს მიერ აღიარებული საზღვრები და ეს საზღვრები არ გადაიხედება, ეს არის რეალობა, რომელიც არ შეიცვლება არასდროს. საქართველო თავის ტერიტორიებს დაიბრუნებს, შევალთ აფხაზეთში და ოსეთში და ჩვენს დებთან და ძმებთან ვიცხოვრებთ მშვიდად, ეს არის ისტორიული კანონზომიერება, რასაც მივაღწევთ ჩვენი კონსტრუქციული, მშვიდობიანი პოლიტიკით,”-აღნიშნა პრემიერმა.

banner
წინა სტატიაშიმთავრობის კანცელარიასთან ტაბულას პროდიუსერი დააკავეს
შემდეგი სტატიაანაკლიის აკვაპარკში სეზონი ოფიციალურად გაიხსნა (ვიდეო)