ირაკლი ღარიბაშვილი: უნდა გავაგრძელოთ და გავაღრმავოთ ურთიერთობები ჩინეთთან, აზიის ქვეყნებთან, ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებთან

ჩვენ ვცდილობთ, განვავითაროთ ურთიერთობები ევრაზიის კონტინენტზე და განვიხილავთ ყველა შესაძლებლობას, პოტენციალს, რომელიც იქ არსებობს , – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თბილისში მიმდინარე ამბასადორიალზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, ეს არის სწორი მიმართულება, რომელზე მუშაობაც საქართველოს იმ მთავარი ამოცანის პარალელურად მოხდება, რასაც ევროინტეგრაცია ჰქვია.
“ჩვენ გვაქვს ძალიან საინტერესო პერიოდი. ბოლო ორი წლის განმავლობაში სერიოზულ წინსვლას და წარმატებას მივაღწიეთ – გასულ წელს ხელი მოეწერა ასოცირების ხელშეკრულებას. მინდა გითხრათ, რომ პირადად ვაკონტროლებ იმპლემენტაციის პროცესს: შექმნილი გვაქვს სახელმწიფო კომისია, რომლის თავმჯდომარეც მე გახლავართ. ასევე, სერიოზული წინსვლა გვაქვს ნატო-სთან ურთიერთობის ნაწილში. მოგეხსენებათ, რომ რამდენიმე დღის წინ ჩვენს ქვეყანაში ჩამოსული იყო ალიანსის გენერალური მდივანი, რომელთან ერთადაც გავხსენით ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ცენტრი. ეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გზავნილია ჩვენი მეგობარი ქვეყნებისთვის. ჩვენ, რა თქმა უნდა, ურყევად და მტკიცედ მივუყვებით ამ გზას, მაგრამ ასევე ვცდილობთ, განვავითაროთ სხვა ურთიერთობები”,- განაცხადა პრემიერმა.

მისივე თქმით, გუშინ საგარეო საქმეთა ახალმა მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმაც ახსენა, რომ განვიხილავთ ყველა შესაძლებლობას და პოტენციალს, რომელიც არსებობს ევრაზიის კონტინენტზე.
“რა თქმა უნდა, ჩვენი მთავარი ამოცანის შესრულება, რაც ევროინტეგრაციას და ნატო-სკენ მისწრაფებას გულისხმობს, ძალაში რჩება, თუმცა ამის პარალელურად უნდა გავაგრძელოთ და გავაღრმავოთ ურთიერთობები ჩინეთთან, აზიის ქვეყნებთან, ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებთან. მიმაჩნია, რომ ეს არის სწორი მიმართულება, რომელიც უნდა განვიხილოთ”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

banner
წინა სტატიაშიევროკავშირში საქართველოს ელჩი ელოდება, რომ ეკონომიკურ დიალოგს მეტი ყურადღება დაეთმობა
შემდეგი სტატიაზურაბ აბაშიძე: ვცდილობთ რომ ზედმეტ კონფრონტაციაში არ შევიდეთ რუსეთთან