ირაკლი ღარიბაშვილი – უკრაინამდე იყო საქართველო

დღეს უკრაინა მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია, მეც ძალიან ვწუხვარ უკრაინის კრიზისის გამო, მაგრამ უკრაინამდე იყო საქართველო, 2008 წელს, – ეს განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე გააკეთა.

პრემიერი სიტყვით გამოვიდა სესიაზე – “უკრაინის მიღმა – გადაუჭრელი კონფლიქტები ევროპაში”. ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, რუსეთ-საქართველოს 2008 წლის კონფლიქტზე მსოფლიოს სათანადო ყურადღების შემთხვევაში, უკრაინის მოვლენების თავიდან აცილება შეიძლებოდა.

“2008 წელს რუსეთისთვის ეკონომიკური სანქციები არავის შემოუღია და საერთაშორისო საზოგადოების რეაგირება სათანადო არ ყოფილა, შედეგი კი უკრაინის კრიზისია. მე ვიტყოდი, ეს გაგრძელებაა. ყველას მინდა შევახსენო, თუ საიდან მოდის ეს პრობლემა. ჩვენს შემთხვევაში ეს პრობლემა 22 წლის წინ დაიწყო და მას შემდეგ კონფლიქტი არ მოგვარებულა. სცენარი თითქმის იგივეა, რაც რეგიონში არსებული სხვა კონფლიქტების შემთხვევაში. 90-იან წლებში გააქტიურდნენ ე.წ. დროის ნაღმები და მივიღეთ 400 000-ზე მეტი დევნილი. ჩატარდა ქართველების ეთნიკური წმენდა. სიტუაცია დრამატულია”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მთავრობის მეთაური მიიჩნევს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის რეაქცია უკრაინის მოვლენებთან დაკავშირებით უფრო შესაბამისია, ვიდრე ეს საქართველოს შემთხვევაში იყო.

“შედეგს ვნახავთ, მაგრამ ჩვენს შემთხვევაში, საკმარისი არ იყო. ჩემი აზრით, მსოფლიომ დაივიწყა საქართველოს პრობლემები. უნდა გვახსოვდეს, რომ ეს 2008 წელს დაიწყო”, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიმართადიდებლებისთვის ორშაბათიდან ხორციელი კვირა იწყება
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი – რუსეთთან პოლიტიკურ ნაწილში არანაირი პროგრესი არ მომხდარა, პირიქით