ირაკლი ღარიბაშვილი საჯარო მოხელეთა მომზადების ცენტრის შექმნის ინიციატივით გამოდის

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საჯარო მოხელეთა მომზადების ცენტრის შექმნის ინიციატივით გამოდის. ინიციატივა პრემიერმა მინისტრთა კაბინეტის წევრებს მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გააცნო.
როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, ცენტრმა ფუნქციონირება “საჯარო სამსახურის” შესახებ ახალი კანონის ამოქმედების პერიოდისთვის უნდა დაიწყოს.
“მინდა, ასეთი იდეა გაგაცნოთ. ვინაიდან ჩვენ გასულ კვირას მოვიწონეთ “საჯარო სამსახურის” შესახებ ახალი კანონპროექტი და გავგზავნეთ პარლამენტში, რაც მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი წინსვლა ამ მიმართულებით, გადავწყვიტეთ, კანონის ამოქმედებასთან ერთად, იმ დროისთვის შეიქმნას საჯარო მოხელეთა მომზადების ცენტრი. მე ვთხოვე განათლების საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელ ქალბატონ ნინო ჭელიძეს, რომელმაც მოამზადა გეგმა, თუ როგორ უნდა მოხდეს ამ ცენტრის ჩამოყალიბება. პროცესში აქტიურად არის ჩართული მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ნინო კობახიძეც. მინდა, ყველას მადლობა გადავუხადო გაწეული სამუშაოსთვის”, – განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი ღარიბაშვილის აზრით, საჯარო მოხელეთა სისტემატური გადამზადება მათი კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით აუცილებელია.
“ჩვენ ვაპირებთ, გავითვალისწინოთ გამოცდილება ისეთი ცენტრებიდან, როგორებიცაა გერმანიის ფედერალური აკადემია, ასევე პოლონეთს აქვს კარგი გამოცდილება. ასე რომ, ვფიქრობ, იმ მომენტისთვის, როცა ამოქმედდება კანონი, ჩვენ ეს ცენტრი გვექნება გამართული. აუცილებელია, რომ საჯარო მოხელეთა გადამზადება იყოს სისტემატური მათი კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით. რა თქმა უნდა, ეს აისახება ჩვენს მუშაობაზე”, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიესპანეთში 36 კაციანი ქართველთა ბანდა დააკავეს
შემდეგი სტატიაოჯახური მდგომარეობის მომიზეზებით დეპუტატები სხდომებს ვეღარ გააცდენენ