ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველოს, როგორც სატრანზიტო ქვეყანას რეგიონში უდიდესი მნიშვნელობა აკისრია

იმ სახელმწიფო მოხელის პერსონალური პასუხისმგებლობის საკითხი დადგება, რომელიც ბიზნესს ხელოვნურ ბარიერებს შეუქმნის-ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს, როგორც სატრანზიტო ქვეყანას რეგიონში უდიდესი მნიშვნელობა აკისრია, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ამბასადორიალზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა რამდენიმე მიმდინარე პროექტის და დაგეგმილი აქტივობის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ჩვენს ქვეყანას რეალურად აქვს პოტენციალი გახდეს რეგიონის ჰაბი.
“მოგეხსენებათ, მიმდინარე წლის თებერვალში ჩინეთიდან საქართველოში პირველი სატვირთო მატარებელი შემოვიდა. ეს გახლავთ ახალი აბრეშუმის გზის პროექტის ნაწილი, რომელიც წარმატებით განხორციელდა საქართველოს, აზერბაიჯანის, ყაზახეთისა და ჩინეთის უშუალო მონაწილეობით. ჩვენი ქვეყნის გავლით ჩინეთიდან ევროპის მიმართულებით ტვირთის ტრანსპორტირება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ საქართველოს, როგორც სატრანზიტო ქვეყანას აკისრია რეგიონში უდიდესი მნიშვნელობა. აღნიშნული პროექტის განხორციელების შედეგად, საქართველოს პორტების და რკინიგზის გაზრდილი ტვირთბრუნვა მხოლოდ ერთი მიმართულებიდან დამატებით 100-120 მილიონი დოლარის ფულად ნაკადს შემოიტანს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაში.
ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ ოქტომბერში თბილისში ჩატარდება აბრეშუმის გზის ფორუმი, რომელიც იქნება ახალი ურთიერთობების და თანამშორმლობის განვითარების დასაწყისი. აბრეშუმის გზის ფორუმი საქართველოს წარმოაჩენს როგორც ქვეყანას, რომელსაც რეალურად აქვს პოტენციალი გახდეს რეგიონის ჰაბი.
გარდა ამისა, დასასრულს უახლოვდება ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობის პროექტი, რომლის განხორცილების შედეგად თურქეთის გავლით გაიხსნება სარკინიგზო დერეფანი კასპიის ზღვიდან ევროპისკენ”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული რეფორმები შესაბამის ასახვას ჰპოვებს საერთაშორისო რეიტინგებში.
“მოგეხსენებათ, რომ საქართველო ბიზნესის კეთების რეიტინგში მთელ მსოფლიოში მე-15 ადგილზე გახლავთ, აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის ქვეყნებს შორის იკავებს პირველ ადგილს, ხოლო დასავლეთ ევროპის ქვეყნებს შორის მე-9 ადგილს. ასევე ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის მიხედვით, საქართველო არის 22-ე ადგილზე მსოფლიოში, ხოლო ევროპის რეგიონის 43 ქვეყანას შორის მე-11 ადგილს იკავებს, ხოლო საქართველოში კორუფციის არარსებობის კუთხით ყველაზე მაღალი მაჩვენებელი კი – 22-ე პოზიცია მთელ მსოფლიოში, არის დასტური იმისა, რომ ჩვენი მთავრობა სწორ პოლიტიკას ახორციელებს”, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერის თქმით, მათი მიზანია ხელი შეუწყონ სოციალური პასუხისმგებლობის მქონე და სოლიდარული საზოგადოების ჩამოყალიბებას.
“სწორედ ასეთია ჩვენთვის სასურველი ევროპული საზოგადოება და ასეთი ქვეყნის და საზოგადოების მშნენებლობა გვსურს ჩვენ”, – განმარტა პრემიერმა, რომელმაც სიტყვით გამოსვლის ბოლოს გაწეული საქმიანობისთვის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს და ყოფილ მინისტრ თამარ ბერუჩაშვილს მადლობა გადაუხადა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილი: ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ყურადღების ცენტრში მუდმივად იყოს მცოცავი ანექსიისა და სამხედრო მილიტარიზაციის პროცესი
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილი: უახლოესი პრიორიტეტია ევროკავშირთან სავიზო ლიბერალიზაციის პროცესის წარმატებით დასრულება