ირაკლი ღარიბაშვილი – საქართველო ყველაფერს აკეთებს უპირველეს სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობის გასაძლიერებლად

საქართველო ყველაფერს აკეთებს უპირველეს სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობის კიდევ უფრო გასაძლიერებლად, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ამერიკელ კონგრესმენებთან შეხვედრაზე განაცხადა.
მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა ორი ქვეყნის ურთიერთობების საკითხები განიხილეს.
მათივე განმარტებით, საუბარი შეეხო საქართველოს ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივებს და აშშ-ს კონგრესში საქართველოს საკითხის გააქტიურების გზებს. გამოითქვა ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების იმედი.
საქართველოს მთავრობის მეთაურმა ყურადღება გაამახვილა რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მდგომარეობაზე.
მხარეებმა გლობალური უსაფრთხოების თემებზეც ისაუბრეს. აღინიშნა სამშვიდობო მისიებში საქართველოს მონაწილეობის მნიშვნელობა.
ირაკლი ღარიბაშვილმა მადლობა გადაუხადა კონგრესმენებს აშშ-ის დახმარებისა და ურყევი მხარდაჭერისათვის საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, ასევე იმ ფინანსური მხარდაჭერისთვის, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატები ახორციელებს საქართველოსთან მიმართებით.
ამერიკის კონგრესის დელეგაციას კონგრესმენი პიტერ როსკამი ხელმძღვანელობს. დელეგაციის შემადგენლობაში არის კონგრესმენები: დეივიდ პრაისი, ტომ რაისი, რობ ვუდალი, დინა ტიტუსი და ლუიზ კეფსი.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი, თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი და იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი დაესწრნენ.

banner
წინა სტატიაშირიგით მოქალაქეებს საკრებულოს სხდომებში მონაწილეობის შესაძლებლობა ექნებათ
შემდეგი სტატიაიანვარ-ივნისის პერიოდში საქართველოდან 33 ქვეყანაში 13 165 653 ბოთლი ღვინოა ექსპორტირებული