ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველო არაფერს გააკეთებს ტერიტორიების დათმობის ხარჯზე

რუსეთი კვლავ აგრძელებს საქართველოს ოკუპაციას, რისი მაგალითიც ოკუპირებულ აფხაზეთთან გაფორმებული ხელშეკრულებაა. ამის შესახებ ღარიბაშვილმა ესტონელ კოლეგასთან გამართული პრესკონფერენციის მიმდინარეობისას, ერთ-ერთი უცხოელი ჟურნალისტის კითხვის კომენტირებისას განაცხადა.

„რა თქმა უნდა, სავაჭრო ურთიერთობები რუსეთთან გაუმჯობესდა, მაგრამ პოლიტიკური კლიმატის გაუმჯობესებას ადგილი არ ჰქონია, რუსეთი კვლავ აგრძელებს ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციას. უნდა მოგახსენოთ, რომ მიუხედავად, ჩვენი კონსტრუქციული ნაბიჯებისა, რომელსაც ვდგამდით და ვდგამთ 2012 წლიდან, რუსეთის მხარემ არ უპასუხა ამ კონსტრუქციულ პოლიტიკას იმავე სულისკვეთებით და ამის ნათელი მაგალითი გახლავთ რამდენიმე თვის წინ ოკუპირებულ აფხაზეთთან გაფორმებული ხელშეკრულება, ახლა იგივე ხელშეკრულებას ამზადებენ სამხრეთ ოსეთთან, რა თქმა უნდა, ეს ფაქტი ჩვენ შეშფოთებას ბიძგს აძლევს და ნამდვილად ვწუხვართ ამის გამო“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

ამასთან, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოს რუსეთთან ნორმალიზებული ურთიერთობები სჭირდება, თუმცა აქვე აღნიშნავს, რომ საქართველო ტერიტორიების დათმობის ხარჯზე არაფერს გააკეთებს.

“სიტუაცია მარტივი არ არის. ჩვენ ნამდვილად გვჭირდება ნორმალიზებული ურთიერთობები ყველა მხარესთან რუსეთის ჩათვლით. ჩვენი არჩეული გზა არავის წინააღმდეგ არ არის მიმართული. ეს არის ქართველი ხალხის არჩევანი. ჩვენ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება, რომ საქართველო გახდეს დიდი ევროპული ოჯახის ნაწილი. საქართველო არაფერს გააკეთებს ტერიტორიების დათმობის ხარჯზე. ერთის მხრივ ჩვენ გვინდა გავაგრძელოთ რუსეთთან ეკონომიკური-სავაჭრო ურთიერთობები, მაგრამ მეორე მხრივ, ჩვენ კომპრომისზე არ წავალთ“,-განაცხადა ღარიბაშვილმა

ესტონეთის პრემიერ-მინისტრი საქართველოს ორდღიანი ვიზიტით სტუმრობს.

banner
წინა სტატიაში“ჩვენ შევთავაზებთ მხარდაჭერას, საექსპერტო ცოდნას, რაც კი საქართველოს ესაჭიროება, ამას ჩვენ ჩვენს მოვალეობად ვთვლით”
შემდეგი სტატიავანო მერაბიშვილის ერთ-ერთი ადვოკატი პროკურატურაში დაიბარეს