ირაკლი ღარიბაშვილი: სასამართლოს შიგნით სტაბილურობა მნიშვნელოვანია

სასამართლოს შიგნით სტაბილურობა არის ძალიან მნიშვნელოვანი, რის გამოც ყოველგვარი რყევები უნდა ავიცილოთ თავიდან – ამის შესახებ ჟურნალისტებს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ლევან მურუსიძესთან შეხვედრის შემდეგ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განუცხადა.
პრემიერის განმარტებით, მურუსიძისგან მოისმინა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისგან განსხვავებული ის შეხედულებები, რომელიც სასამართლო სისტემის რეფორმის მორიგ ტალღასთან დაკავშირებით აქვს.
“ჩვენ გვქონდა საინტერესო საუბარი. მოვისმინე ბატონი ლევანის მოსაზრებები სასამართლოს რეფორმასთან დაკავშირებით, რომელიც განსხვავებულია იმისგან, რაც სასამართლოს თავმჯდომარის მიერ იქნა წარმოდგენილი და რაც მთავრობამაც მოიწონა. ჩვენ ყურადღებით მოვისმენთ და შევისწავლით მის მიერ გამოთქმულ მოსაზრებებს. ასევე მიმაჩნია, რომ კონსულტაციები უკვე პარლამენტში უნდა გაგრძელდეს. ხაზგასმით მინდა, აღვნიშნო ისიც, რომ ძალიან მნიშვნელოვანია სასამართლოს შიგნით სტაბილურობა. ჩვენ ყოველგვარი რყევები უნდა ავიცილოთ თავიდან. საჭიროა მხოლოდ კონსულტაციების, დიალოგის გზით გადავწყვიტოთ სახელმწიფოსთვის საჭირო ნებისმიერი საკითხი”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
გარდა აღნიშნულისა, პრემიერის განმარტებით, საუბარი შეეხო სასამართლო დამოუკიდებლობის შენარჩუნებისა და სისტემაში კორუფციის მინიმუმამდე დაყვანის აუცილებლობასაც.
“ჩვენ ასევე ვისაუბრეთ იმის თაობაზე, რომ აუცილებელია, შენარჩუნდეს და გამტკიცდეს სასამართლოს დამოუკიდებლობა, სასამართლო იყოს აბსოლუტურად თავისუფალი ყოველგვარი ჩარევისგან. ჩვენი ერთ-ერთი მონაპოვარი არის სწორედ სასამართლოს დამოუკიდებლობა და ჩვენ ამ გზაზე ვიქნებით აბსოლუტურად შეუპოვარნი. ასევე ვისაუბრეთ იმაზე, რომ საჭიროა მთავრობის აქტიური მუშაობა და დახმარება, რათა მინიმუმამდე დავიყვანოთ სასამართლოში კორუფციის რისკები, ვინაიდან კორუფცია სახელმწიფოსა და სახელმწიფო ინსტიტუტების მთავარი დამანგრეველია. მე აღვუთქვი ბატონ ლევანს, ისე როგორც უზენაესი სასამართლოს თავმჯომარეს, სრული მზადყოფნა და დახმარება, რომ ამ ნაწილში ჩვენ ვიქნებით მაქსიმალურად ფხიზლად”, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
მთავრობის ადმინისტრაციაში ირაკლი ღარიბაშვილსა და ლევან მურისიძეს შორის შეხვედრა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ინიციატივით გაიმართა.

banner
წინა სტატიაშიგადაყენებული ავიასამსახურის უფროსი პროკურატურისაგან სააკაშვილის საქმიანობის შესწავლას ითხოვს
შემდეგი სტატიაეროვნული გამოცდების ნაწერების შესწორების პროცესი დაიწყო