ირაკლი ღარიბაშვილი: სააკაშვილი და მისი მთავრობა არიან სახე იმ ნიღბიანი პირებისა, რომლებიც აუპატიურებენ ადამიანებს

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, აბაშიძე-კარასინის ფორმატის შეცვლა არ იგეგმება

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ინტერნეტში ბოლო დროს გავრცელებულ წამებისა და გაუპატიურების ამსახველ ვიდეო-კადრებს მთავრობის სხდომაზე გამოეხმაურა.

მისი თქმით, გავრცელდა ე.წ. სამეგრელოს კასრების ვიდეო-კადრები, სადაც ცხადად ჩანს, თუ როგორ ექცეოდა „ნაციონალური მოძრაობა“ საკუთარ მოქალაქეებს.

როგორც პრემიერმა განაცხადა, ეს ადამიანები, იგულისხმება მსხვერპლები, ჩვეულებრივი მოქალაქეები არიან, რომლებიც სამეგრელოს სოფლებში ცხოვრობენ და მათ არასდროს არ ჩაუდენიათ დანაშაული.

პრემიერმა ერთი ისტორიაც გაიხსენა:

„მე ვიცი ერთი ადამიანის ისტორია, რომელიც სახლიდან ღამის 03:00 საათზე გაიტაცეს. მას ჰყავდა 3 თვის ორსული მეუღლე, რომელსაც სახლში საშინლად გაუსწორდნენ. მუცელიც მოეშალა იმ ქალს. კაცი სახლიდან წაიყვანეს და აწამეს ისე, როგორც თქვენ ნახეთ ამ ვიდეოში და შემდეგ, იმის გამო, რომ მას ვერ აღიარებინეს და საკუთარ თავზე ვერ ააღებინეს არჩადენილი დანაშაული, სხვა მიზეზით, ნარკოტიკების ჩადებით გაასამართლეს. აღარ მინდოდა ამ საკითხს კიდევ მივბრუნებოდი და შემეხსენებინა საზოგადოებისთვის, მაგრამ მე მესმის შეფასებები, იგივე ამ დანასაულებრივი ორგანიზაციის წარმომადგენლებისგან. მათ კიდევ აქვთ რაღაც პრეტენზიები და მინდა ვთქვა, რომ ამ ადამიანებს არავითარი უფლება არ აქვთ, საზოგადოებას ელაპარაკონ იმ ტონით, როგორც ელაპარაკებიან“,- განაცხადა პრემიერმა.

მისი განცხადებით, იმის ნაცვლად, რომ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებს გასული 3 წლის განმავლობაში ჩადენილი მძიმე დანაშაულებებისთვის საზოგადოებისთვის ყოველ დღე ბოდიში მოეხადათ, კვლაცავ უტიფრად აგრძელებენ საზოგადოების შეურაცხყოფას და არეულობის, ქაოსის შექმნას აგრძელებენ.

„მე დარწმუნებული ვარ, საქართველოში ძნელად თუ მოიძებნება რამდენიმე ათეული ადამიანი, რომელიც მხარს უჭერს და ვისთვისაც მისაღებია ის, რაც ამ ვიდეოში ხდება – იგულისხმება გაუპატიურება და არაადამიანური მოპყრობა. მე უბრალოდ ძალიან მაინტერესებს, რამდენი ადამიანია საქართველოში, ვინც მხარს უჭერს ასეთ დანაშაულებრივ, სასტიკ საქმიანობას. მე საერთოდ, როგორც მოქალაქეს, მიმაჩნია, რომ ასეთ ადამიანებს უფლება არ აქვთ პოლიტიკაში დარჩნენ. ჩემთვის სააკაშვილი და მისი მთავრობა, მისი ლიდერები, არიან სახე იმ ნიღბიანი პირებისა, რომლებიც აუპატიურებენ ადამიანებს ამ ვიდეოებში. ეს არის მათი სიმბოლო“, – აღნიშნა პრემიერმა.

მისივე თქმით, მან მოისმინა სხვადასხვა პოლიტიკოსის, ექსპერტების თუ ჟურნალისტების შეფასებები ამ საკითხზე და პრემიერისთვის გასაკვირია, რომ ზოგიერთი მათგანი აქცენტს აკეთებს არა იმაზე, რაც საქქართველოში წლების მანძილზე ხდებოდა და არა იმ მხილებულ ფაქტებზე, არამედ იმაზე, თუ როგორ მოხდა ამ ვიდეოების გავრცელება და რატომ არ გაანადგურა ის შსს-მ.

„ამ ადამიანებს არც იმდენი ცოდნა აქვთ, რომ იცოდნენ – არავის შეუძლია ამ მასალის განადგურება. ეს მასალა დევს საქმეში, ინახება პროკურატურაში. ასევე, ვიცი, რომ ასლები გადაეცა დაცვის და ბრალდების მხარეს“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი: ვერ შევატყვე, რომ ნიკა გვარამიას რაიმე დასამალი აქვს
შემდეგი სტატია“რუსთავი 2”-ის საქმეზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს