ირაკლი ღარიბაშვილი – პროექტს “ძლიერი რეგიონი – ძლიერი საქართველოსთვის” რეგიონების გამოცოცხლება უნდა მოჰყვეს

არ ვთვლი, რომ აუცილებელია მთავრობის წევრების დასწრება პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლის დროს

პროექტს “ძლიერი რეგიონი – ძლიერი საქართველოსთვის” უნდა მოჰყვეს რეგიონების გამოცოცხლება, საწარმოების ამუშავება, ახალი სამუშაო ადგილების გაჩენა , – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ამბროლაურის რაიონში, კულტურის სახლში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, სადაც პროექტი “ძლიერი რეგიონი – ძლიერი საქართველოსთვის” ამჯერად რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონის ადგილობრივ ბიზნესმენებს გააცნო.
რაც შეეხება უშუალოდ რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთს, მთავრობის მეთაურის შეფასებით, რეგიონი თავისი რესურსების თვალსაზრისით ძალიან საინტერესოა.
“მინდა თქვენი ყურადღება შევაჩერო მთავრობის მიერ წამოწყებულ ახალ პროექტზე – “ძლიერი რეგიონები – ძლიერი საქართველოსთვის”. მე მაქვს დიდი იმედი, რომ ეს იქნება საქართველოს ეკონომიკური წინსვლისკენ გადადგმული კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი. ამ პროექტს უნდა მოჰყვეს რეგიონების გამოცოცხლება, საწარმოების ამუშავება, ახალი სამუშაო ადგილების გაჩენა.
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი, რესურსების თვალსაზრისით, ძალიან საინტერესო რეგიონია.
რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთს აქვს ძალიან კარგი შესაძლებლობები სოფლის მეურნეობის, საწარმოთა განვითარების, ასევე ტურიზმის მიმართულებით. დავიწყებ სოფლის მეურნეობით და მოგახსენებთ, რომ ეს ეხება გადამმუშავებელ წარმოებას – მეფრინველეობას, მესაქონლეობას, რძის, ხორცის წარმოებას, ხილ-ბოსტნეულს, კენკროვან კულტურებს, მეფუტკრეობას, სასათბურე და სანერგე მეურნეობების განვითარებას, მეთევზეობას, თევზის გადამმუშავებელ წარმოებას, სამაცივრე მეურნეობის განვითარებას, მევენახეობა-მეღვინეობას.
რაც შეეხება საწარმოების განვითარების პერსპექტივას, – მე ვფიქრობ, რომ ამ რეგიონს აქვს რაჭული ლორის, იშვიათი ღვინოებისა და კენკროვანი კულტურების პროდუქციის წარმოების უნიკალური რესურსი, რაც მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ. ამ რესურსს თუ სწორად გამოვიყენებთ, რაჭველ კაცს, ოჯახებს აქ აღარ უნდა უჭირდეთ და პირიქით – კეთილდღეობის მომტანი იქნება ეს პროექტები მოსახლეობისთვის”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერმა ადგილობრივ ბიზნესმენებს აღნიშნული რეგიონით დაინტერესებისკენ მოუწოდა, თავის მხრივ კი, სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერას დაჰპირდა.
“ახლა კი გადავალ კონკრეტულ რესურსებზე და მონაცემებს წარმოების განვითარების მიმართულებით: ამბროლაურს აქვს სოჭის სანერგე მეურნეობების განვითარების, რაჭული ლორის წარმოების რესურსი; ლენტეხს აქვს ოქროს მოპოვების რესურსი; ონს – ოქროს მოპოვების, რაჭული ლორის წარმოების, “უწერის” მინერალური წყლის ჩამოსხმის და, ზოგადად, შოვში არსებული მინერალური წყლების პოტენციალის გამოყენების რესურსი. ცაგერში მინერალური წყლების ბაზაზე შესაძლებელია როგორც მათი მომპოვებელი, ისე ჩამოსასხმელი საწარმოების შექმნა.
გარდა ამისა, ყველა რაიონს აქვს ხე-ტყის გადამუშავების, ავეჯის წარმოების, ინერტული მასალების მოპოვების, მტკნარი წყლის ჩამოსხმის, ასევე რძის მიღება-გადამუშავების რესურსი.
და ბოლოს, მინდა გითხრათ ტურიზმის განვითარების პერსპექტივის შესახებაც. ამისათვის რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონს აქვს შესანიშნავი პოტენციალი. აქ შესაძლებელია ტურიზმის სხვადასხვა მიმართულების განვითარება. მათ შორისაა: ღვინის ტურიზმი, აგროტურიზმი, ეკო და ექსტრემალური, ასევე, სამთო-სათხილამურო ტურიზმი.
მინდა განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილო რამდენიმე საინტერესო დეტალზე, რაც, ვფიქრობ, მნიშვნელოვანია სწორედ ტურიზმის განვითარების თვალსაზრისით. ეს გახლავთ ამ რეგიონის ბუნებრივი მრავალფეროვნება. მაგალითად, ამბროლაურში არის კარსტული მღვიმეები – ახლახან აღმოჩენილია მღვიმე უნიკალური ნაღვენთებით, რომლის შესწავლაც მიმდინარეობს. გარდა ამისა, ამბროლაურში არის სამკურნალო ბალნეოლოგიური წყლები, რომლებსაც დიდი ღირებულება აქვს და შესაძლებელია შეიქმნას ბალნეოლოგიური კურორტები.
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი მდიდარია ისეთი ბუნებრივი რესურსებითაც, როგორიცაა ხე-ტყე, ჰიდრორესურსები, სხვადასხვა სახის სამშენებლო და მოსაპირკეთებელი მასალა.
ერთი სიტყვით, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი გვაძლევს იმის საშუალებას, რომ აქ ხორცი შეესხას საინტერესო ბიზნეს იდეებს. მინდა გითხრათ, რომ ამ რეგიონში მიმდინარე და განსახორციელებელი პროექტების საინვესტიციო ღირებულება 43 მილიონ ლარამდეა. ეს ინვესტიციები იდება ჰიდროენერგეტიკულ პროექტში, ღვინის ტურიზმში, მევენახეობაში, სასტუმროების მშენებლობაში, სამაცივრე მეურნეობაში, მეცხოველეობაში.
დამეთანხმებით, რომ ასეთი ინტერესი უსაფუძვლო ვერ იქნება. ამიტომ მე მინდა მოვუწოდო ჩვენს ბიზნესმენებს, რომ განახორციელონ ბიზნესპროექტები რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში.
სახელმწიფო, თავის მხრივ, მხარს დაგიჭერთ მეწარმეებს როგორც თანადაფინანსებით, ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფით, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზებით, ისე კომუნიკაციებითა დაბუნებრივ რესურსებზე წვდომის უზრუნველყოფით.
მე მჯერა, რომ მიიღებთ მთავრობის ამ შემოთვაზებას და მნიშვნელოვან პროექტებს განახორციელებთ და ეს იქნება მომგებიანი როგორც თქვენი ბიზნესისთვის, ისე ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი ხალხისთვის”, – მიმართა პრემიერ-მინისტრმა ადგილობრივ ბიზნესმენებს.

banner
წინა სტატიაშილენტეხში ახალი კლინიკა აშენდება
შემდეგი სტატიათბილისში 20 წლის გოგონა გარდაცვლილი იპოვეს