ირაკლი ღარიბაშვილი: პირადად მე ვიყავი და ვარ წინააღმდეგი, რომ საქართველო რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს მიუერთდეს

პირადად მე ვიყავი და ვარ წინააღმდეგი იმის, რომ საქართველო მიუერთდეს ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს იმ კითხვის საპასუხოდ განუცხადა, ხომ არ უკავშირებს “როსპოტრებნაზორის” განცხადებას და საქართველოსთვის ემბარგოს შესაძლო დაწესებას საქართველოს მიერ ევროკავშირის სანქციასთან მიერთებას.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ გუშინ გააკეთა განცხადება და შეისწავლიან ხარისხს ღვინის, თუ ნებისმიერი სხვა პროდუქციის, რომელიც რუსეთში გადის და თუ რაიმე კითხვები იქნება ამას გაარკვევენ.
“პირადად ჩემი, როგორც მთავრობის მეთაურის პოზიცია არის შემდეგი, მე ვიყავი და ვარ წინააღმდეგი, საქართველო მიუერთდეს რუსეთის მიერ წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს. ჩვენ ეს პოზიცია გვქონდა გასულ წელს და გვაქვს იგივე პოზიცია ახლაც. არ ვაპირებთ ამ პოზიციის შეცვლას, 15 სანქციიდან ერთადერთი სანქცია, რომელსაც შეუერთდა საქართველოს გასულ წელს შეეხებოდა მხოლოდ ყირიმსა და სევასტოპოლში წარმოებულ პროდუქტის ექსპორტზე დაწესებულ სანქციებს. მოგეხსენებათ ჩვენ იგივე მდგომარეობაში ვიმყოფებით, ჩვენ გვაქვს პრობლემა ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით აფხაზეთსა და სამაჩაბლოში და ჩვენ იგივეს ვითხოვთ დანარჩენი სახელმწიფოებისგან. ჩვენი არაღიარების პოლიტიკიდან გამომდინარე ეს იყო გარდაუვალი აუცილებლობა. სხვა სანქციებზე გვქონდა მსჯელობა მთავრობის შიგნით გასულ წელს და გადავწყვიტეთ, რომ არ ვაპირებთ შევუერთდეთ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს. ეს გადაწყვეტილება რჩება ძალაში”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მისივე თქმით, ამ გადაწყვეტილების რამდენიმე მიზეზი არსებობს, პირველ რიგში ის, რომ ჩვენ ძალიან ვუფრთხლდებით იმ მონაპოვარს, რომელიც უკვე გვაქვს რუსეთ-საქართველოს შორის სავაჭრო ურთიერთობების აღდგენის სახით.
პრემიერის თქმით, სავაჭრო ურთიერთობების მიმართულებით ჩვენ მნიშვნელოვანი წინსვლა გვაქვს.
“წლების წინ სააკაშვილის გაუაზრებელი პოლიტიკის გამო გაწყვეტილი დიალოგი, ჩვენი პრაგმატული პოლიტიკის გზით შევძელით ბაზრის ხელახლა გახსნა და ჩვენ ამას ვაფასებთ. ასე რომ მე ვფიქრობ რაღაც გაუგებრობას ჰქონდა ადგილი. ეს არ არის ახალ სანქციებზე მიერთება”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
კითხვაზე თუ თავის დროზე 2014 წელს რატომ არ გახდა ცნობილი საქართველოს მიერ ევროკავშირის კონკრეტულ სანქციაზე მიერთების თაობაზე, პრემიერი აცხადებს, რომ არ იცის.
“როგორც ჩანს, არც მედია დაინტერესდა, არც რუსული მედია. მე ვფიქრობ, ეს აჟიოტაჟი ძალიან ხელოვნურად არის აგორებული. ეჭვიც არ მეპარება, რომ შიდა დესტრუქციულ ძალებს არ სურთ ურთიერთობების ნორმალიზება და სავაჭრო ურთიერთობების აღდგენა, ჩვენი ინტერესი კი არის რუსეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობის აღდგენა. ეს პროცესი უკვე დაიწყო, თუმცა მთავარ პრობლემაც რჩება აფხაზეთი და სამაჩაბლო. მაგრამ დანარჩენ საკითებში მივყვებით თანმიმდევრულად და გვაქვს აბსოლუტურად კეთილმეზობლური ურთიერთობები და მიდგომები”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიგაფიცვის გაგრძელების შემთხვევაში, სამარშრუტო ტაქსის მძღოლები შესაძლოა, სამსახურიდან დაითხოვონ
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი: “რუსთავი2”-ის მესაკუთრეობის საკითხი კერძო დავაა და მთავრობის ჩართულობა ამაში ნულის ტოლია