ირაკლი ღარიბაშვილი: პატივს ვცემ „რუსთავი 2“-ს, ჩემი აზრით, ამ ტელეარხის ჟურნალისტები ძალიან პროფესიონალები არიან

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ „რუსთავი 2“-თან დაკავშირებული საქმე, ეს არ არის დავა ტელეარხსა და მთავრობას შორის.

„ბოლო სამი წლის განმავლობაში საქართველომ შესანიშნავ პროგრესს მიაღწია. ჩვენ პატივს ვცემთ მედიის თავისუფლებას. სიამაყით გეტყვით, რომ ჩვენი ქვეყანა ლიდერია მედიის თავისუფლების და მედია პლურალიზმის კუთხით. მე პატივს ვცემ „რუსთავი 2“-ს. ჩემი აზრით, ამ ტელეარხის ჟურნალისტები ძალიან პროფესიონალები არიან. ეს არ არის დავა ტელეარხსა და მთავრობას შორის. მინდა მკაფიოდ ვთქვა, რომ ჩვენ არ დაგვიწყია გამოძიება არც რუსთავი 2“-თან, არც მის მფლობელებსა თუ ყოფილ მფლობელებთან დაკავშირებით. ეს არის სასამართლოს საქმე ორ ინდივიდუალურ მხარეს შორის. ერთი მისი ყოფილი, მეორე კი მოქმედი მფლობელია. პროცესი ღიაა და გამჭვირვალე. ჩვენ კი, როგორც სახელმწიფო, კანონის უზენაესობის დაცვის გარანტიას ვიძლევით. რაც შეეხება მთავრობის ყოფილი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ დაწყებულ გამოძიებებს, გავიმეორებ, რომ არავინ უნდა იდგეს კანონზე მაღლა. ესაა ჩვენი მტკიცე პოზიცია და ზუსტად შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს. ეს არის ჭეშმარიტი დემოკრატიის მთავარი პრინციპი, რომელსაც საქართველოში ვაშენებთ. წარვადგინეთ და მივიღეთ ახალი კანონმდებლობა, რომლის თანახმად 10 დღე სჭირდება ახალი ტელეარხის გახსნას. მას საკაბელო, თანამგზავრული ციფრული მაუწყებლობის საშუალება ექნება. ვფიქრობ, ეს თემა პოლიტიზირებულია. დემოკრატიულ ქვეყანაში ოპოზიცია ყოველთვის ცდილობს მთავრობა დაადანაშაულოს იმაში, რაც მის მიმართებაში ხდება, მაგრამ გპირდებით, არ ვაპირებთ ამ სასამართლო პროცესში ჩარევას“, – განაცხადა პრემიერმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ესტონეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ესტონელმა კოლეგამ ტაავი რიივასმა მიიღო. შეხვედრის შემდეგ კი მათი ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართა.

banner
წინა სტატიაშიტაავი რიივასი: რამდენადაც მესმის, ეს არის სამოქალაქო დავა
შემდეგი სტატიაკიევის აეროპორტში, ძარცვაში ეჭვმიტანილი ქართველი დააკავეს…