ირაკლი ღარიბაშვილი: კომპანია “ჰუალინგი” საქართველოში ძალიან მნიშვნელოვან ინვესტიციებს ახორციელებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო, “ჰოთელს & პრეფერენს ჰუალინგ თბილისი” გახსნა.
როგორც პრემიერმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, მისთვის მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი დღე არის, ვინაიდან დღეს ერთობლივად ხსნიან კიდევ ერთ, წარმატებულ პროექტს, რომელიც ერთ-ერთმა ყველაზე წარმატებულმა ინვესტორმა კომპანიამ, “ჰუალინგმა” საქართველოში განახორციელა.
პრემიერმა მადლობა გადაუხადა კომპანიას საქართველოში განხორციელებული ინვესტიციებისთვის, რომლის მოცულობა, მისი თქმით, 500 მილიონ დოლარს შეადგენს.
“დღეს ჩვენ ვხსნით თანამედროვე, საერთაშორისო ბრენდის, პრემიუმ-კლასის 5 ვარსკვლავიან სასტუმროს “ჰოთელს & პრეფერენს ჰუალინგ თბილისს”.
სასტუმროს მშენებლობა 2013 წელს დაიწყო და მისი საინვესტიციო ღირებულება 73 მილიონი დოლარს შეადგენს. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ მხოლოდ ამ ობიექტზე ჩვენი ქვეყნის 300 მოქალაქე დასაქმდება.
კომპანია “ჰუალინგი” ახორციელებს ძალიან მნიშვნელოვან ინვესტიციებს საქართველოში. როგორც უკვე აღვნიშნე, 500 მილიონი დოლარის ინვესტიციებს დებს ჩვენს ქვეყანაში. მე მინდა აღვნიშნო მათი ყველაზე მასშტაბური დეველოპერული პროექტი – თბილისის ზღვის ახალი ქალაქი, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე ინფრასქტრუქტურით. სწორედ ამ ტერიტორიაზე გაშენებულმა ოლიმპიურმა სოფელმა უმასპინძლა ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს, ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ სპორტულ ღონისძიებას, რომელიც ჩვენს ქვეყანაში გაიმართა.
მე მინდა სიამაყით განვაცხადო, რომ “ჰუალინგმა” დათქმულ ვადებში, წარმატებით განახორციელა ეს პროექტი. “ჰუალინგ ჯგუფს” ეკუთვნის აგრეთვე ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი და მრავალფეროვანი სავაჭრო კომპლექსი – თბილისის ზღვის პლაზა”, – განაცხადა პრემიერმა.
მისივე თქმით, “ჰუალინგი” ახორციელებს პროექტებს საქართველოს სხვა ქალაქებშიც, მათ შორის ქუთაისშიც, სადაც არის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა და უკვე ათამდე საწარმო ფუნქციონირებს.
ირაკლი ღარიბაშვილმა ისაუბრა 15-16 ოქტომბერს დაგეგმილ “აბრეშუმის გზის ფორუმზეც”.
“ჩემთვის განსაკუთრებული დღეა. ასობით სტუმარი ჩამოდის ჩვენს დედაქალაქში. ჩემთვის ყველაზე მეტად სასიხარულოა, რომ “აბრეშუმის გზის ფორუმის” ფარგლებში ჩინეთიდან 500 მონაწილე ჩამოვიდა”, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.
მისივე თქმით, “აბრეშუმის გზის ფორუმი” იქნება პირველი ფორუმი, რომელიც სწორედ ჩვენს ქვეყანაში გაიმართება და ჩინეთის გარდა ვიქნებით პირველი სახელმწიფო, სადაც ფორუმი გაიმართება, რომელიც მიეძღვნება ჩინეთის პრეზიდენტის ინიციატივას – ახალი აბრეშუმის გზის ეკონომიკური სარტყელის შესახებ.
“ჩვენ ვართ პირველი ქვეყანა, რომელიც გამოეხმაურა ამ ინციატივას და სწორედ ამ ახალ ეკონომიკურ, სავაჭრო, სატრანსპორტო, კულტურულ და სხვა კავშირებს მიეძღვნება თბილისში გამართული ფორუმი.
საქართველო იქნება რეგიონში პირველი ქვეყანა, რომელთანაც ჩინეთი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებებს დაიწყებს. ეს გადაწყვეტილება ჩემი და ჩინეთის პრემიერ-მინისტრის შეხვედრაზე იქნა მიღებული სულ რამდენიმე კვირის წინ”, – განაცხადა პრემიერმა.
ღარიბაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ “თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” რომელიც იქნება ყოველწლიური, მოიტანს დიდ წარმატებას, როგორც ჩვენი ქვეყნისთვის, ასევე ჩინეთისთვის.

banner
წინა სტატიაშიGoogle Street View-ს ვირტუალიზებას ახდენს
შემდეგი სტატიასასამართლომ ნემცოვის საქმეზე კადიროვის დაკითხვაზე უარი თქვა